ფეხბურთი

14:48 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: “თურქეთი სიძლიერით ევროპაში მე-6 ლიგაა”

კურორტ ბელეკში თურქული კლუბების უცხოელი მწვრთნელები შეიკრიბნენ და სემინარი მოაწყვეს. ისაუბრეს თურქეთში მიმდინარე საფეხბურთო პროცესებზე, სუპერლიგაში არსებულ საკამათო საკითხებზე. სემინარი ოთხმა მწვრთნელმა ჩაატარა: რობერტო მანჩინიმ (“გალათასარაი”), რობერტო კარლოსმა (“სივასფორი”), სლავენ ბილიჩმა (“ბეშიქთაში”) და შოთა არველაძემ (“ქასიმფაშა”).

თურქული მედია აღნიშნავს, რომ შოთამ ჩვეული იუმორით ისაუბრა:

“აქ ყველაზე “მოხუცი” ვარ, რადგან 20 წლის წინათ ვთამაშობდი თურქეთში. უნდა ვთქვა, დიდი განსხვავებაა მაშინდელსა და ახლანდელ ჩემპიონატებს შორის. ვითარდებოდა და ახლაც ვითარდება. ჩემი აზრით, თურქეთი ევროპაში მე-6 ლიგაა სიძლიერით. ესპანეთის, ინგლისის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ”.

არველაძემ თქვა, რომ რაც უნახავს, მისი ფავორიტი თურქი ფეხბურთელი ჰაქან შუქურია. შოთა და შუქური ერთი თაობის ფეხბურთელები იყვნენ – ქართველს “ტრაბზონსფორში” გაჰქონდა გოლები, თურქს კი “გალათასარაიში”.

დაუვიწყარ მატჩს რაც შეეხება, შოთამ არ დაასახელა და თქვა: “ასეთი მატჩი, იმედია, წინ მელის”.   

 

0.120051