თამაშგარე

11:02 | 2.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალის მამა და მამიდა ნარკორეალიზატორები ყოფილან

ლათინურ ამერიკაში რომ ნარკომაფია ყვავის, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. თუმცა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალებში ხშირად ლათინოამერიკელი სპორტსმენები და მათი ნათესავებიც ეხვევიან. ნარკოსკანდალს ვერც იტალიური ”იუვენტუსის” ჩილელი ფეხბურთელი, არტურო ვიდალი გადაურჩა, რომლის მამა და მამიდა ქალაქ პედრო აგირე სერდას  პოლიციამ ნარკოტიკების გასაღების ფაქტზე ამხილა.
პოლიციამ დაადგინა, რომ არტუროს მამა, ერასმო სეგუნდო ვიდალი ნარკომაფიის ერთ-ერთი რიგითი წევრი კი არა, ამ საქმეში ჭიპმოჭრილი კაცი ყოფილა და ნარკოტიკების გასაღებაში თავისი და, ანუ არტურო ვიდალის მამიდა, სუსანა ვიდალ ნავაროც ჩაუთრევია. როგორც ჩილელი სამართალდამცავები ირწმუნებიან, ვიდალების ოჯახში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალებების (ძირითადად კოკაინის) საერთო ღირებულება 2 მილიონ დოლარამდე ადის, რაც ნარკოტიკების რეალიზატორთათვის დაწესებულ სასჯელს ერთი-ორად გაზრდის.
იტალიელ ჟურნალისტებთან საუბარში ჩილეს ნაკრების ფეხბურთელი ამბობს, რომ მამისა და მამიდის დაკავების ფაქტი მისთვის შოკისმომგვრელია და იმედოვნებს, რომ მის ნათესავებს პოლიცია მალე გაათავისუფლებს. ”იუვენტუსში” ახლადგადასული არტურო ვიდალის თქმით, არც მამამისი და მით უმეტეს არც მამიდამისი, ნარკოტიკებთან არასოდეს ყოფილან დაკავშირებულნი და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გაუგებრობაა და სხვა არაფერი. არტურო კი ამბობს ამას, მაგრამ მის ოჯახში აღმოჩენილ ნარკოტიკებს სად წაუვა? 2 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკები მოგეხსენებათ, უბრალო საქმე ნამდვილად არაა...
 

0.183422