ძიუდო

1:38 | 1.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არშემდგარი რევანში

Next time – დაჰპირდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი ფრანგ გოლიათ ტედი რინერს ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ფინალის დასრულებისთანავე. რევანშის შანსი ქართველ ძიუდოისტს, მოლოდინისამებრ, ბრაზილიურ მსოფლიოს პირველობაზე მიეცა - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ფრანგ ჩემპიონს, ნახევარფინალში დაუპირისპირდა, მაგრამ... თუ ევროპირველობაზე რინერისთვის მსაჯის მიერ ნაჩუქარ შიდოების უპირატესობაზე დაგვწყდა გული, ამჯერად, ფრანგმა გაცილებით ძლიერად იჭიდავა და დამაჯერებლად მოიგო. პირველივე გააქტიურება ვაზარად შეფასებული გდებით დაასრულა და ზედ შებოჭვაც მიაყოლა. შემდეგ კი, ფინალშიც მშვიდად მოიგო მასპინძელთა ჯილა რაფაელ სილვასთან და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მძიმე წონაში, ტოლსწორი კონკურენტი არ ჰყავს.

ადამ ოქრუაშვილი კი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, ტუნისელ ფაიცელ ჯაბალაჰთან ბეჭებზე დავარდა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ამ შეხვედრებამდე, ოქრუაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიშორა. სამივე სუფთად. სამოელ დერეკ სუას ჯერ პირველსავე წუთზე ვაზარი შეუსრულა, საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე კი ბეჭებზეც დააგდო. პოლონელი მაციეჟ სარნაცკისთან, შეხვედრის დასაწყისში ვაზარით ჩამორჩა, მაგრამ უმალ იპონი შეასრულა. მეოთხედფინალში კი მრისხანე მეტოქეს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ რუსს ალექსანდრ მიხაილინს აჯობა. ამ ბრძოლაში, ილეთი არც ოქრუაშვილს გაუკეთებია და არც მიხაილინს. ქართველი მძიმეწონოსანი მეტოქესთან შედარებით აქტიური იყო და ეს, 3 წუთსა და 47 წამში, მსაჯის მიერ რუსისთვის მიცემული ოთხი გაფრთხილებით დაუფასდა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით, ძიუდოს ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა ლევან ჟორჟოლიანმა იჭიდავა, რომელიც ერთხანს სპორტიდან წასული იყო, მაგრამ ამ წონაში არსებული არც თუ სახარბიელო შიდა კონკურენციიდან გამომდინარე, ფედერაციის ხელმძღვანელობის თხოვნა გაითვალისწინა და ვარჯიში ისევ განაახლა.

ჟორჟოლიანი ჩემპიონატში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო კამერუნელ სტეფან ომბიონგნოსთან შეხვედრით და მეტოქეს სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა. შემდეგი შეხვედრის ბედიც გაფრთხილებებმა გადაწყვიტა, ოღონდ, უკვე ქართველი ძიუდოისტის მოწინააღმდეგის, ფრანგი სირილ მარეს სასარგებლოდ - საფინალო სირენამდე თხუთმეტიოდე წამით ადრე, მაშინ, როდესაც ორივე ძიუდოისტს სამ-სამი შიდო ჰქონდა, მსაჯმა ჟორჟოლიანი პასიურობისთვის მეოთხედ გააფრთხილა და გამარჯვებულად მარე გამოაცხადა.

100 კილოგრამში ყველას ელხან მამადოვმა აჯობა. აზერბაიჯანელმა ძიუდოისტმა ფინალში ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილები კი გერმანელმა დიმიტრი პეტერსმა და ჩეხმა ლუკაშ კრპალეკმა დაიკავეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ინდივიდუალური ჩემპიონატი ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანის (90 კგ) ვერცხლის მედლებით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-5 ადგილი დაიკავა. თუმცა, მთავარი გუნდური პირველობა, რიო დე ჟანეიროში 1 სექტემბერს გაიმართება.

 

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

რიო დე ჟანეირო

26-31 აგვისტო

კაცები

 

60 კგ

1 ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)

2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

 

66 კგ

1 მასაში ებინუმა (იაპონია)

2 აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი)

3 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)

3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

 

73 კგ

1 შოჰეი ონო (იაპონია)

2 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)

3 დექს ელმონი (ჰოლანდია)

3 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)

 

81 კგ

1 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 ალენ შმიტი (საფრანგეთი)

3 ივან ვორობიოვი (რუსეთი)

 

90 კგ

1 ეშლი გონზალესი (კუბა)

2 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)

3 კირილ დენისოვი (რუსეთი)

 

100 კგ

1 ელხან მამადლი (აზერბაიჯანი)

2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

3 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)

3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

 

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

3 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)

3 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)

5 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

 

საერთო გუნდური ჩათვლა. კაცები

ო     ვ     ბ     V     VII

1 იაპონია           3      0      1      1      2

2 საფრანგეთი      2      1      1      0      1

3 აზერბაიჯანი     1      0      1      0      1

4 კუბა                     1      0      0      0      1

5 საქართველო   0     2     0     2     0

6 ჰოლანდია        0      1      1      0      0

7 მონღოლეთი      0      1      0      3      0

8 ყაზახეთი         0      1      0      1      2

9 ბრაზილია        0      1      0      1      0

10 რუსეთი          0      0      2      3      0

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.121297