ლონდონის “არსენალის” წარმომადგენლები გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც ორი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
პრემიერლიგის ლიდერები იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველ იულიან დრაქსლერისა და ფრანკფურტის “აინტრახტის” მცველ სებასტიან იუნგის შეძენას გეგმავენ.
“მეთოფეები” მზად არიან 20 წლის დრაქსლერის სანაცვლოდ 25-30 მილიონი გირვანქა გადაიხადონ, თუმცა გერმანელები იმედოვნებენ, რომ ნიჭიერი ფეხბურთელის გაყიდვით 37 მილიონს იშოვიან.
ლონდონელები 23 წლის იუნგის კანდიდატურას მარჯვენა მცველ ბაკარი სანიას შესაძლო შემცვლელად განიხილავენ, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და დიდი ალბათობით კლუბს დატოვებს.