ლონდონის "არსენალი" ლისაბონის "ბენფიკას" ცენტრალური თავდამსხმელით როდრიგო მორენო მაჩადოთი დაინტერესდა. "მეთოფეები" მზად არიან ესპანეთის სახელით მოთამაშე ბრაზილიური წარმოშობის ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელისადმი ინტერესი არსენ ვენგერმა გამოიჩინა. ჯერჯერობით უცნობია პორტუგალიური კლუბის პოზიცია.
გასულ სეზონში როდრიგომ "ბენფიკას" მაისურით ყველა ტურნირზე 43 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.
23 წლის ფეხბურთელი პორტუგალიელებმა მადრიდის "რეალისგან" 2010 წელს 6 მილიონ ევროდ შეიძინეს. იმავე წელიწადს "ბენფიკამ" როდრიგო "ბოლტონში" ერთი წლით გაანათხოვრა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ როდრიგომ ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2013 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
გიორგი ბალახაძე