ინტერვიუები

10:33 | 27.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერლიგის ერთდროულად მოგება, უტოპიაა”

მიუხედავად გუნდში არსებული ტრავმების ეპიდემიისა, ლონდონის “არსენალი” ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას კვლავ განაგრძობს. “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ისაუბრა ვილიამ გალასის და რობინ ვან პერსის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ სეზონის ბოლო მატჩებში გუნდს ორივე მათგანი დაეხმარება.
- რას ელით სეზონის დასკვნითი ეტაპისგან?
- “არსენალს” ყოველთვის ერთი მიზანი აქვს – ჩვენ გვსურს ყველგან და ყოველთვის გამარჯვება. მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგასა და პრემიერლიგაში ერთდროულად გამარჯვება ძალიან ძნელი, პრაქტიკულად უტოპიაა.
- როგორ მიდის ვან პერსის გამოჯანმრთელების საქმე? დაეხმარება იგი გუნდს სეზონის ბოლოს?
- რობინისგან რაიმე სასწაულს არ უნდა ველოდოთ, რადგან მან ძალზე ბევრი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ იგი სეზონის ბოლო რამდენიმე მატჩში დაგვეხამრება.
- როდის შეძლებს იგი მინდორზე გასვლას?
- მახარებს მისი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება, მაგრამ უახლოეს 2-3 კვირაში არ უნდა ველოდოთ მის დაბრუნებას.
- რა დრო დასჭირდება მას ოპტიმალური ფორმის დასაბრუნებლად?
- კონკრეტული დროის თქმა ასეთ სიტუაციაში რთულია. ერთი რამ ცხადია – მას რამდენიმე მატჩი აუცილებლად დასჭირდება ადაპტაციისთვის. თავდაპირველად უნდა ვნახოთ, როგორ გაუძლებს იგი დატვირთვებს.
- “არსენალს” პრობლემები აქვს დაცვის ხაზშიც – უკანა ხაზის ლიდერი, ვილიამ გალასი კვლავ ვერ ახერხებს თამაშს...
- ჩემს განკარგულებაში გალასი რეაბილიტაციის კურსის დასრულების შემდეგ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღეში იგი დაიწყებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.
- მოახერხებს იგი “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშს?
- პირველ მატჩამდე ძალზე ცოტა დროა დარჩენილი და სავარაუდოდ, გალასი ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
- მიმდინარე სეზონის ბოლოს გალასს კლუბთან არსებული კონტრაქტი ეწურება. აპირებთ მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას?
- უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ამ საკითხს არ განვიხილავთ. წინ ძალზე რთული გრაფიკი გვაქვს: თამაში გვიწევს ყოველ 3 დღეში ერთხელ. ასე რომ, ამჟამად პრიორიტეტული ფეხბურთის თამაშია. დანარჩენისთვის დრო არ გვრჩება.
- პირადად თქვენ გაქვთ მისი გუნდში დატოვების სურვილი?
- რა თქმა უნდა და ვიიიამმა ეს იცის. მაგრამ ჩვენ თანახმა ვიქნებით მას ხელფასის სახით გადავუხადოთ თანხის ის ოდენობა, რომელიც საერთო საქმეს არ ავნებს. “არსენალში” ყოველთვის ასე ხდებოდა.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა
 

0.062796