ინტერვიუები

15:34 | 13.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “ბარსელონასთან” უშანსოდ ნამდვილად არ ვართ”

“ვულვერჰემპტონ უონდერერზის” წინააღმდეგ არსენ ვენგერმა “არსენალი” სათამაშოდ 550-ედ გაიყვანა.  ფრანგი სპეციალისტი ჩრდილოლონდონელებს 1996 წელს ჩაუდგა სათავეში და მას შემდეგ “მეთოფეებს” არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუპოვა. საპრემიერლიგო მატჩებსა და მატში დაგროვილ ქულებს რაც შეეხება, ამ მხრივ ვენგერი მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელს, სერ ალექს ფერგიუსონს ჩამორჩება, თუმცა, ისიც ხომ უნდა გავითვალისწინოთ, შოტლანდიელი სპეციალისტი მანჩესტერში სამუშაოდ გაცილებით უფრო ადრე გადავიდა, ვიდრე მუსიე არსენი ლონდონში. ვენგერის საიუბილეო შეხვედრაში კი, “არსენალმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და კვლავინდებურად ინარჩუნებს ჩემპიონობის დაუფლების შესაძლებლობას.

- გილოცავთ კიდევ ერთ, რიგით 16-ე მოგებას. რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით “არსენალიდან”?
- მინდორზე გასულმა უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა გამახარა და დამაკმაყოფილა. აქედან გამომდინარე, ყველ რგოლის თამაშით კმაყოფილი გახლავართ. 19 წლის ჯეკ უილშირმა, შუა კვირაში, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. დანიელების წინააღმდეგ მისი თამაში არ მინახავს, მაგრამ სანაკრებო შეხვედრას ჩემი ასისტენტები დაესწრნენ და ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ჯეკის გამოსვლას. უილშირს ნებისმიერ პოზიციაზე წარმატებით შეუძლია ასპარეზობა და “ვულვზის” წინააღმდეგ თამაშის დროსაც გუნდისთვის ძალიან ნაყოფიერად ითამაშა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მატჩებში იგი გოლების გატანასაც შეძლებს. ცხადია, გამახარა რობინ ვან პერსის გამოსვლამაც. მან ლამაზი გოლები გაიტანა. პირველ შემთხვევაში მან სესკ ფაბრეგასის უზადო პასი გამოიყენა სათანადოდ, მეორე გოლის დროს კი კონტრშეტევის შედეგად ვიხეირეთ. ზოგიერთს მოეჩვენა, რომ მეორე ბურთი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიტანეთ, მაგრამ თუკი ამ მომენტს საგულდაგულოდ დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, წესის დარღვევას ადგილი რომ არ ჰქონია და მსაჯმაც ლოგიკურად გაიშვირა ხელი მინდვრის ცენტრისკენ. პირადად ჩემთვის და გუნდის ყველა გულშემატკივრისთვის, დადებითი მომენტია, ამჯერად კარი “მშრალად” რომ შევინახეთ. წინა ტურის შეხვედრაში ვოიცეხ შესნიმ 4 ბურთი გაუშვა, თუმცა ენა არ მომიბრუნდება, “ნიუკასლ იუნაიტედის” მიერ ჩვენ კარში გატანილ გოლებში მას ბრალი დავდო. 20 წლის პოლონელმა კიპერმა დამაჯერებლად ითამაშა და თანაგუნდელებთან ერთად, დიდი როლი შეასრულა “ვულვერჰემპტონის” დამარცხებაში.
- პრემიერლიგაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებთ და ყოველი მატჩი ფრიად მნიშვნელოვანია, თუმცა, 16 თებერვალს, სეზონის ლამის ყველაზე პრინციპული შეხვედრის გამართვა მოგიწევთ კატალონიურ “ბარსელონასთან”...
- გვარდიოლას ბიჭების წინააღმდეგ გამოსასვლელად საგულდაგულოდ ვემზადებით. “ბარსასთან” აქამდე არცერთი პაექრობა არ მოგვიგია – კამპ ნოუელებმა 4-ჯერ დაგვამარცხეს და 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა. გეხსომებათ, შარშანაც მოგვეცარა ხელი კატალონიელებთან ორრაუნდიან მატჩში. ჩემი აზრით, წინა სეზონთან შედარებით, “ბარსელონა” კიდევ უფრო მომძლავრებულია, მაგრამ ალბათ, იმაშიც დამეთანხმებით, “არსენალის” თამაშიც უფრო მეტად სოლიდური რომ გახდა. ჩვენი გუნდი ფავორიტად არავის მიაჩნია, თუმცა, “არსენალი” წინასწარ არაფრის დათმობას არ აპირებს და ყველას ვთხოვ, ნუ მიიჩნევენ “ბარსელონას” უპირობო ფავორიტად. ვფიქრობ, უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. საწყენია, სამირ ნასრი კვლავაც რომ დაგვაკლდება, სამაგიეროდ გვარდიოლას დაცვის ბურჯი, კარლეს პუიოლი ჰყავს ტრავმირებული. წინასწარ არაფრის თქმა და მითუმეტეს გულშემატკივართათვის დაპირება არ მსურს, მაგრამ ერთ რამეში კი ვარწმუნებ – 16 თებერვალს, “ემირეიტსზე” ჩვენთვის უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას შევეცდებით.


გოჩა კაჭარავა

0.116614