გულშემატკივრის სვეტი

10:32 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არმენია ვიიგრალა!”

ნამდვილი ამბავია... რამდენიმე წლის წინ, თბილისის ერთ-ერთ ტოტალიზატორში შეკრებილი ჯეელები გაცხარებით მსჯელობდნენ იმაზე, რომ წინა დღეს გერმანიის საფეხბურთო კლუბს, ბილეფილდის “არმინიას” გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასვლით მატჩში ყოვლად მოულოდნელად მოეგო და ამ გამარჯვების გამო ლამის მთელი თბილისის “ყომარბაზობა” დაღონებული იყო. ბიჭები ამ სჯა-ბაასში იყვნენ, როდესაც იმავე ტოტალიზატორში, მათი მაგიდის გვერდით მდგომი მაგიდიდან ერთმა კაცმა მეორეს სიამაყით გადაულაპარაკა: ”სლიშიშ? არმინია ვიიგრალა!”. როგორც ჩანს, ბილეფილდური კლუბის სახელი სომეხთა ნაკრების სახელს მიამსგავსეს და მათი გულწრფელი სიხარულიც “არმენიას” მოულოდნელმა გამარჯვებამ განაპირობა.

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ყოველთვის ღიმილით ვიხსენებ “არმენია ვიიგრალას” ისტორიას.

მაგრამ, როდესაც გასულ კვირას სომხეთის ეროვნულმა გუნდმა დანიის ნაკრები გასვლაზე საოცარი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა, ყველამ თვლანათლივ დავინახეთ, რომ “არმენიამ” მართლა ძალიან მაგრად “ვიიგრალა” და ეს მაშინ, როდესაც ჩვენი ნაკრები ზუსტად ასეთივე შედეგით მარცხდება დანიის ნაკრებზე სუსტ ირლანდიის გუნდთან. ახლა არ დამიწყოთ, ჩვენებს მეკარე გაუძევესო და მსგავსი თავის მართლებები...

 ჩვენი და სომეხი ხალხის ბედი, ისტორიის მანძილზე არაერთხელ გადაკვეთილა და საუკუნეების მანძილზე იმდენი საერთო დაგვიგროვდა, რომ ალბათ სწორედ ამ ყველაფრის ბრალია გამუდმებით ერთმანეთს რომ ვეჯიბრებით. ამ “შეჯიბრებას” რასაკვირველია კარგ, ტკბილ და მეგობრულ კონტექსტში ვამბობ და არ ვგულისხმობ იმ ღვარძლსა და სიძულვილს, რასაც ჩვენს შორის რუსეთის იმპერია საუკუნეების მანძილზე თესდა და ეს ბინძური კამპანია სამწუხაროდ დღესაც გრძელდება.

სომხეთის ეროვნული გუნდის დანიაში დიდი გამარჯვება ჩვენში ბუნებრივია ბევრს არ გაუხარდა. ალბათ ისეთებიც იყვნენ, რომლებიც სომეხთა ნაკრების გამარჯვებამ დაადარდიანა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენი მეზობლების გამარჯვებამ ძალიან გამახარა და როგორც იტყვიან ხოლმე, გულიც გვარიანად მოვიფხანე.

მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრები სამარცხვინო გუნდად იქცა და ევროპაში მისი ავტორიტეტი მხოლოდ ღიმილს თუ იმსახურებს, ჩვენი გუნდის მწვრთნელი, ფეხბურთელები და ზოგადად ქართული ფეხბურთის სხვა “მოამაგეები” მაინც გამუდმებით გვაყრიან თვალში ნაცარს და გვეუბნებიან, რომ ერთიმეორეზე სამარცხვინო შედეგები ლოგიკურია და ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ უარესი არ ხდება. რა თქმა უნდა, რთულია წარმოიდგინო იმაზე უარესი, როდესაც შენი გუნდი ჯერ ირლანდიაში 0:4 მარცხდება, შემდეგ კი, სომხეთის მიერ გვემულ დანიასთანაც გამართულ მატჩში გულისამრევად აგებს. მაგრამ როდესაც ადამიანებს საზოგადოებრივი კონტროლი არ გააჩნიათ, მაშინ რასაც უნდათ იმას ამბობენ და არც ის იქნება პრობლემა, რომ თეთრი შავად მოგაჩვენონ.

რა არის სომხეთის ნაკრები და რა არის სომხური ფეხბურთი? ნუ მიწყენენ ჩვენი მეზობლები და ერთი შეხედვით ბევრი არც არაფერია. ფული მაგათ თავზე საყრელი არ აქვთ და არც არასოდეს ჰქონიათ. სათამაშო მოედნებია და ინტერნეტის გამოყენებით თქვენც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ჩვენს საფეხბურთო ინფრასტრუქტურას სომხური სულაც არ სჯობია. ტრადიციები და წარსული შედეგები ხომ ყველასათვის ცნობილია და ცნობილი...

 აი სწორედ ამ ყველაფერთან ერთად უნდა განვიხილოთ სომხების დანიაში გამარჯვება და არა ისე, ჩვენმა ”თავისმართლების ოსტატებმა” რომ იციან – მარცხი ყოველთვის ამინდისა და მსაჯის ბრალი რომაა, გამარჯვება კი მწვრთნელის “ჩუმი ჩანაფიქრების“ დამსახურება.

მე არ ვიცი დანიაში სასახელო გამარჯვება იქნება თუ არა სომხური ფეხბურთისათვის დიდი გამარჯვებების დასაწყისი. ისიც ადვილი შესაძლებელა, რომ აღნიშნული გამარჯვება მხოლოდ ერთ კონკრეტულ მატჩში მოპოვებულ უცნაურ შედეგად დარჩეს. მაგრამ, მაშინ როდესაც მე პირადად ვერ ვიხსენებ ფარერის კუნძულების ნაკრებთან შეხვედრის გარდა ჩვენმა გუნდმა ბოლოს როდის მოიგო 3 და მეტი ბურთის სხვაობით, გინდა თუ არ გინდა, აუცილებლად შეადარებ ჩვენსა და სომხეთის ნაკრებს და ამ შედარების შემდეგ ბუნებრივია კარგ  ხასიათზე სულაც არ დადგები...

 

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.124236
სარეკლამო ადგილი - 99
X x X