რაგბი

21:10 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არმაზმა” “სპარტაკი” მინიმალურად დაამარცხა

 

საქართველოში სტუმრად მყოფი მოსკოვის “სპარტაკისა” და თბილისის “არმაზის” შეხვედრა დაძაბული გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო და მისი შედეგი არაფერს წყვეტდა, გუნდებმა წარმატების მისაღწევად ბოლომდე იბრძოლეს და საბოლოოდ მასპინძლებმა საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე გატანილი ჯარიმის წყალობით მინიმალური სხვაობით იმარჯვეს - 32:31.

გამარჯვებისკენ სწრაფვა იმდენად დიდი იყო, რომ მოედანზე ორჯერ ლამის ჩხუბი ატყდა, ხოლო საფინალო სასტვენის შემდეგ, მოსკოვური კლუბის წარმომადგენლები მსაჯობით უკმაყოფილო დარჩნენ და მხარეებს შორის სიტყვიერი შეპასუხება გაჩაღდა. მთლიანობაში, თამაში იმაზე უკეთესი საყურებელი გამოდგა, ვიდრე იმავე “სპარტაკისა” და “ლოკომოტივის” რამდენიმე დღის წინანდელი დაპირისპირება, რომელიც სტუმრებმა 17:10 მოიგეს.

“შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გამართულ მატჩს ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. წინა შეხვედრის მსგავსად, “არმაზმა” სხვა ქართული კლუბებიდან რამდენიმე მორაგბე დაიმატა. ამის მიზეზი მარტივია, ის ქართული კლუბები, რომლებმაც პლეი ოფში მარცხი განიცადეს, შვებულებაში არიან და მორაგბეების შეკრება სახელდახელოდ, “სპარტაკის” წინააღმდეგ სათამაშოდ მოხდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ “სპარტაკის” პრეზიდენტი, სამწვრთნელო შტაბი და მოთამაშეთა ძირითადი ბირთვი ქართველები არიან, რუსეთის ჩემპიონატში კი, ისინი 27 მაისიდან ჩაერთვებიან.

თამაში სტუმართა შეტევებით დაიწყო და მათ რამდენჯერმე მოახერხეს ხაზის გარღვევა, მაგრამ ლელო ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, ლიზაგუბმა ჯარიმიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და “სპარტაკი” დააწინაურა.

“არმაზმა” მალევე უპასუხა, გივი ბერიშვილმა დაცვის ხაზი მეტოქის 22-ში გაჭრა, იერიში კი, ლელოთი გიორგი სოსელიამ დააგვირგვინა. გარდასახვა საბა ნიკოლავამ შეასრულა. ამის მერე უკვე “სპარტაკმა” თქვა უარი ჯარიმის კარში დარტყმაზე, 5-მეტრა დერეფნიდან შეუტია და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მინაძემ საპასუხო ლელო გაიტანა. რეალიზაცია მიზანს აცდა - 7:8.

მე-15 წუთზე ნიკოლავამ საკუთარი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან სცადა არეკნის გატანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. სამაგიეროდ, მე-19 წუთზე დავით კიკნაძის არეკნი იყო ზუსტი და თბილისელები 2 ქულით დაწინაურდნენ. “სპარტაკმა” 21-ე და 33-ე წუთებზე უპასუხა ჯარიმებით და ლიდერობა დაიბრუნა. ამას სიტუაციის დაძაბვა მოყვა, მაგრამ მოსკოველებმა ჩხუბში ჩართვაზე უარი თქვეს.

ტაიმის დასასრულს მაყურებელმა კიდევ ორი ლელო იხილა. ჯერ შერკინებიდან გატანილი ბურთი ბერიშვილს მიუვიდა და ლელოს გარდასახვა მოყვა, მერე კი, “სპარტაკმა” კარგი იერიში წამოიწყო, გრძელი პასის შემდეგ ფლანგზე მეტობა გამოიყენა და კოკორინმა ლელო მიითვალა, ხოლო გარდასახვის შემდეგ ტაიმი სტუმრებმა 21:17 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში “არმაზმა” ბურთი დაკარგა, “სპარტაკმა” სწრაფი იერიში წამოიწყო და ის კვანთიძემ ლელოთი დააგვირგვინა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ სტუმართა უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა.

ამას თბილისელთა გააფთრებული იერიშები მოყვა, მეტოქე რამდენჯერმე დაჯარიმდა საკუთარ 22-ში და 51-ე წუთზე ნარბულაევი სინბინით დაისაჯა. “არმაზმა” კიდევ ორჯერ გაითამაშა ჯარიმა და საბოლოოდ, ლელო ირაკლი ბუკიამ მიითვალა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე დავიდა.

“არმაზი” გარკვეული დროით აირია, რამდენიმე საკუთარი დერეფანი წააგო და მეტოქეს ჯარიმით სხვაობის გაზრდის საშუალება მიეცა, მაგრამ დამრტყმელს მიზანმა უმტყუნა.

თბილისელთა მორიგ შეცდომას მეტოქის სწრაფი იერიში მოყვა, სტუმრები რიცხვობრივად ბევრნი იყვნენ, კარის გასწვრივ უტევდნენ და სივრცეც საკმარისზე მეტი ჰქონდათ, მაგრამ ასპროცენტიანი სალელოვე იერიში ვერ გამოიყენეს და უკვე ჩათვლის მოედანში მეტოქეს მცველი ჩაუწვა. შერკინების შემდეგ სტუმრებმა არეკნით სცადეს მიზნის მიღწევა - დარტყმა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, 68-ე წუთზე მოსკოველებმა ჯარიმით ისარგებლეს და ანგარიში 31:24 გახადეს.

ორიოდე წუთში უბურთოს შებოჭვისთვის სპარტაკელი სინბინით დაისაჯა და კაცნაკლულ მეტოქეს “არმაზმა” შეუტია. მასპინძლებმა თავისი ნახევრიდან ხელდახელ დაიწყეს იერიში, მეტოქის 22-მდე მივიდნენ, ფეხით ჩაკიდებულ ბურთზე ერთბაშად ორი თბილისელი გავიდა და ნიკა პინაიშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ კიკნაძეს გარდასახვა გაუცუდდა და “არმაზი” კვლავ მდევრის როლში დარჩა.

78-ე წუთზე “სპარტაკი” დაჯარიმდა და სწორედ მსაჯის ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია მოსკოველთა უკმაყოფილება, მაგრამ ამას კიკნაძისთვის ხელი არ შეუშლია, მან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საკუთარ გუნდს 32:31 მოაგებინა. 

0.28686