ევროპის ლიგის მეორე სალკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “ირტიშთან” რუსთავში პირველ შეხვედრაში “მეტალურგი” აგრესიულ და შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებს.
არმაზ ჯელაძე (“მეტალურგის” მთავარი მწვრთნელი): “შეკრებაზე ვართ გადასული და ვემზადებით. მართალია, ”ირტიში” კარგი გუნდია და ყაზახეთში საფეხბურთო სეზონი მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ. აგრესიული და სწრაფი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული. ცხადია, ვეცდებით, კარი მშრალად შევინახოთ, გოლი უნდა გავიტანოთ და წინასწარ მოვამზადოთ საფუძველი იმისთვის, რომ გასვლაზე თამაში უფრო გაგვიადვილდეს”.
- “ბანანცთან“ თამაშის მეორე ტაიმით უკმაყოფილო იყავით, ბიჭებმა კი აღნიშნეს, რომ ფიზიკურად გაუჭირდათ...
- ის თამაში განვიხილეთ, ბიჭების ფიზიკური მომზადება ნორმალურ დონეზეა, იმ დღეს ყველაზე მაღალი სიცხე იყო ამ ზაფხულის განმავლობაში და ამან გუნდის თამაშზე თავისი გავლენა მოახდინა. გარდა ამისა, გოლი რომ გავიტანეთ, ფეხბურთელები ცოტა მოეშვნენ.
- რა ინფორმაცია გაქვთ მეტოქეზე, თუ გინახავთ მისი თამაშის ვიდეოჩანაწერი?
- მთლიანი თამაში არ გვინახავს, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით ვნახეთ “ირტიშის” მიერ ჩატარებუილი მატჩის მომენტები. ინფორმაცია გვაქვს, რომ კარგი, ნორმალური გუნდია, ჰყავთ ტანმაღალი ფეხბურთელები - გუმნდის მოთამაშეთა საშუალო სიმაღლე 184 სანტიმეტრია, ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ, ჰყავთ რამდენიმე ლეგიონერი, აქცენტს სტანდართული სიტუაციების გათამაშებაზე აკეთებენ. გასვლითი მატჩების ჩატარება უჭირთ და შინ უკეთ თამაშობენ. “ირტიშმა” ყაზახეთის ჩემპიონატში ორშაბათს ჩაატარა შეხვედრა და მეორე დღეს საქართველოში გამოფრინდა. ეს ფაქტორიც იმოქმედებს და გუნდი დაღლილი იქნება. ჩვენთან თამაშის შემდეგ 3 დღეში ისევ ჩემპიონატში ექნებათ შეხვედრა ჩასატარებელი და მერე ჩვენ გვიმასპინძლებენ.
- იმ ფეხბურთელებიდან, ვინც “ბანანცთან” საპასუხო მატჩში ვერ ითამაშა, ვინ დაგემატათ?
- დაგვემატა ირაკლი ქობელია, რომელიც ტრავმირებული იყო და ასევე დიმიტრი ტატანაშვილი, ვისი უეფას განაცხადში შეყვენაც ამ მატჩისთვის ვერ მოვასწარით. დობროვოლსკიმ და მურველაშვილმა ვარჯიში დაიწყეს, მაგრამ ამ ეტაპზე არ არიან ისეთ კონდინციებში, რომ პირველ თამაშში დაგვეხმარონ. შესაძლოა, საპასუხოში ითამაშონ.
- როგორც აღნიშნეთ, აგრესიული და შემტევი ფეხბურთის თამაშს აპირებთ და ხომ არ არის მოსალოდნელი, მატჩი ორი თავდამსხმელით დაიწყოთ?
- სავარაუდოდ, ორი ფორვარდით ვითამაშებთ. შესაძლოა, მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, გადანაცვლებები მოხდეს.
- “ბანანცთან” ორივე შეხვედრაში მოდებაძეს მეტწილად ფლანგზე უწევდა თამაში, ამ მატჩშიც ასე იქნება?
- იმ მომენტისთვის გუნდში ერთი ფორვარდი გვყავდა და ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, ახლა მეტი არჩევანი გვაქვს.
- კლუბს მეპატრონე შეეცვალა. ახალი მფლობელი უკვე მოვიდა?
- ამ ეტაპზე მხოლოდ თამაშზე ვართ კონცენტრირებული.
შოთა შერმადინი (“მეტალურგის” პრესატაშე): “მოდი, მხოლოდ საფეხბურთო თემით შემოვიფარგლოთ და მეპატრონის თაობაზე კომენტარს არ გავაკეთებთ”.
რუსთავის “ მეტალურგისა” და პავლოდარის “ირტიშის” დაპირისპირება 14 ივლისს“ფოლადის” სტადიონზე 18 საათზე დაიწყება. მატჩზე დამსწრეთა მსურველთათვის ბილეთები უფასოდ დარიგდება.
ლაშა თაბაგარი