12 თებერვალს სოკ-ის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებული სკანდალურ რეკომენდაციას, ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული) 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღების შესახებ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მაყურებელთა დასწრებადობის დაბალ მაჩვენებელს და ტელევიზიების მხრიდან პირდაპირი რეპორტაჟების მხრივ, არცთუ მაღალ დაინტერესებას მიაწერენ.
ეს გადაწყვეტილება სოკ-ის აღმასკომმა ლონდონის თამაშებზე 26-ვე სპორტის სახეობაზე დეტალური დაკვირვების შემდეგ, სოკ-ის კომისიის დასკვნის შედეგად მიიღო. დასკვნა 39 კრიტერიუმისგან შედგებოდა, სადაც აღნიშნული იყო სატელევიზიო რეიტინგები, დოპინგთან ბრძოლა, ბილეთების გაყიდვები და ა.შ. ფარული კენჭისყრის შედეგად რვამ მხარი ჭიდაობის ამოღებას დაუჭირა, ხოლო თანამედროვე ხუთჭიდსა და ბალახის ჰოკეის 3-3 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
როგორც სოკ-ის დოკუმენტშია ნათქვამი, ლონდონში მაყურებელთა დასწრებადობის მხრივ ჭიდაობამ 10 ბალიანი სისტემით 5 ქულა მიიღო, ხოლო 166 854 ბილეთიდან 113 851 გაიყიდა. რეპორტაჟებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 58 მილიონმა მაყურებელმა მიადევნა თვალი. ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე ხუთჭიდის რეპორტაჟებით ლონდონში გაცილებით ნაკლები 33 მილიონი გულშემატკივარი დაინტერესდა, თუმცა, ეს იმით ახსნეს, რომ ჭიდაობა 177 ეროვნულ ფედერაციას აერთიანებს, თანამედროვე ხუთჭიდი კი – 108-ს.
აღსანიშნავია, რომ ჭიდაობა ანტიკური ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 708 წელს დაუშვეს, ხოლო თანამედროვე ოლიმპიური თამაშების აღდგენის შემდეგ, 1896 წელს, ათენში, იგი პროგრამაში პირადად ბარონ პიერ დე კუბერტენის ინიციატივით შეიტანეს.
wwww.geonoc.org.ge