ინტერვიუები

21:40 | 10.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

არის კონტრაქტი: მერებაშვილი “ვოივოდინაში” გადავიდა!

გიორგი მერებაშვილი თბილისის “დინამოს” ფეხბურთელი აღარაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის შემტევმა, სერბული ნოვი სადის “ვოივოდინასთან” ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და ორ-სამ დღეში ანთალიურ შეკრებაზე შეუერთდება ახალ გუნდს.
გეცოდინებათ, “ვოივოდინაში” უკვე თამაშობს ერთი ქართველი - მერებაშვილის ყოფილი თანაგუნდელი “დინამოში” და თავდასხმაში ყოფილი მეწყვილე მიხეილ ხუციშვილი, რომელიც ერთი წლის წინ გადავიდა ნოვი სადის კლუბში. ცნობისთვის, “ვოივოდინა” სერბეთის სუპერლიგაში პირველი წრის შემდეგ მესამე ადგილზეა, გასული სეზონი კი, მეორე საფეხურზე დაასრულა.
“გახარებული ვარ, “ვოივოდინა” ახალი გამოწვევაა, ჩემთვის პირველი უცხოური კლუბი იქნება”, - უთხრა მერებაშვილმა “მსოფლიო სპორტს”. ახლა კი მასთან ინტერვიუ:
- საინტერესოა, საიდან გამოჩნდა “ვოივოდინას” ვარიანტი?
- გასულ ზაფხულს ევროპის ლიგაზე ბელგრადის “ცრვენა ზვეზდასთან” თბილისში კარგად ვითამაშე და სამი საუკეთესო სერბული კლუბი დაინტერესდა ჩემით: “ცრვენა ზვეზდა”, “პარტიზანი” და “ვოივოდინა”. ხუციშვილმაც შეასრულა როლი, კარგი რეკომენდაცია გამიწია. ამასთან, “დინამოს” ხელმძღვანელობამაც ყველაფერი აწონ-დაწონა, ამდენი წელია ამ გუნდში ვარ და უნდოდათ, რომ სასურველ კლუბში გადავსულიყავი, სადაც თამაშიც მომიწევდა და ტრამპლინადაც გამომადგებოდა. სერბეთში უფრო მივუახლოვდები ევროპის ძლიერ ჩემპიონატებს.
- როდის შეუერთდები “ვოივოდინას”?
- ორ-სამ დღეში ანთალიაში ჩავაკითხავ და ჩვეულებრივ დავიწყებ გუნდთან ერთად ვარჯიშს.
- უკვე ჩავლილი ამბავია და საინტერესოა, რეალური წინადადებები კიდევ რომელი გუნდებისგან გქონდა?
- სიმართლე გითხრათ, ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება. ძალიან ბევრი იყო: თურქეთის სამი კლუბი და მათ შორის, “ტრაბზონსპორი”, ასევე გერმანული “ვერდერი” და “მიონხენგლადბახი”, საბერძნეთიდან “პანათინაიკოსი” და პაოკი, ბელგიის “ანდერლეხტი”, უკრაინის “მეტალისტი”. ეს გუნდები სხვადასხვა დროს ინტერესდებოდნენ ჩემით. ბევრი იტყვის, რატომ მაინცდამაინც “ვოივოდინაო”, მაგრამ მათი პოლიტიკა ისეთია, რომ ფეხბურთელებს არ “აბამენ”, უკეთეს კლუბში გადასვლაში ხელს არ უშლიან და პირიქით, ეხმარებიან. ხუციშვილმა მითხრა, ბოლო წელიწადნახევარში სამი ფეხბურთელი გაიყიდა “ვოივოდინადან”, სამივე ძლიერ გუნდებში და კარგ ფასადო. ბოლო მათგანი დანიელ ალექსიჩი იყო, რომელიც ერთი თვის წინ იტალიურმა “ჯენოამ” შეიძინა.
- ყველა სერბული კლუბი ასეა, ძლიერ “საფეხბურთო კონვეიერად” ითვლებიან.
- ასეა, მაგრამ “ვოივოდინა” ამ მხრივ გამოირჩევა. მეც იმ პირობით მოვაწერე კონტრაქტს ხელი, რომ უკეთესი კლუბისგან წინადადების შემთხვევაში, ექვს თვეშიც კი გამიშვებენ.  
- ახლა კი ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებზეც გკითხავთ.
- მართალია, უპირველესი გრანდები არ შეგვხვდა, მაგრამ მაინც ძლიერი ჯგუფია. გასულ ციკლს თუ გავითვალისწინებთ, სამწუხარო რეალობა ისეთია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ყველა მეტოქე უძლიერესია. ბოლოს და ბოლოს, მალტასთან წავაგეთ. მთავარია, ნაკრების ბირთვი ჩამოყალიბდეს, რომელიც ღირსეული ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული. წინა შესარჩევში წაგებების მიზეზი ისიც იყო, რომ შემადგენლობა ყოველ მატჩში იცვლებოდა.
- ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ხომ არ უსაუბრია შენთან?
- პირადად მე არ დამლაპარაკებია, მაგრამ თურქულ შეკრებაზე “დინამოს” თამაშებს დაესწრო. ძალიან გამიხარდება, თუ გამომიძახებს - ჩემთვის ნაკრები ყოველთვის მთავარი იყო.
ბოლოს კი გიორგიმ ცალკე თქვა “დინამოს” გულშემატკივრებზე, მათგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი და ყველანი წარმოუდგენლად მიყვარს, ძალიან მომენატრებიანო.
- “დღეს თვალებზე ცრემლიც კი მომადგა. “დინამო” ჩემი სახლია. ვერც წარმომიდგენია, აქედან რომ მივდივარ. განსაკუთრებით კი ჩვენი “გლადიატორები” მომენატრებიან”.

ილია ნანობაშვილი



 

0.114455