ინტერვიუები

14:24 | 12.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: “იტალია ფეხბურთის განვითარებას ჩამორჩა”

 

არიგო საკის ფეხბურთი პროფესიულ დონეზე არასდროს უთამაშია, ადრეული ასაკიდან მწვრთნელობა სურდა და საწადელი აისრულა. თანაც, სადამრიგებლო საქმეში პლანეტის ერთ-ერთი გამორჩეული საკლუბო სპეციალისტია. მადრიდის “რეალის” საფეხბურთო დირექტორობიდან წასვლის (2005 წელი) შემდეგ საკი უმუშევარია, თუმცა, საფეხბურთო მატჩებს კვლავინდებურად დიდი ინტერესით უცქერს და 65 წლის სინიორ არიგო ორიგინალური მიდგომით ამჟამადაც გამოირჩევა.
 
 
- მასიმილიანო ალეგრიმ “მილანს” სკუდეტო მოაგებინა. როგორ გგონიათ, ახალ სეზონში “როსონერის” გაწვრთნისას მან რაიმე სახის ცვლილება უნდა მოახდინოს?
- ალეგრიმ წინა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა, თავად ვიცი, როგორი რთული საქმეა “მილანის” გაძღოლა. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ყოფილი გუნდი კვლავ ვიხილო მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს შორის. ბოლო 40 წლის განმავლობაში 3 “დიდი გუნდი” იყო – ამსტერდამის “აიაქსი”, ჩემი დამოძღვრილი “მილანი” და დღევანდელი “ბარსელონა”. იმედია, “როსონერი” ძველ დიდებას დაიბრუნებს.
- “ინტერი” მარსელო ბიელსასთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან, ფაბიო კაპელოსთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, საბოლოოდ კი კონტრაქტი გასპერინისთან გააფორმა. როგორ გგონიათ, გაამართლებს ეს არჩევანი?
- გასპერინის “ჯენოას” ბევრი მატჩი მაქვს ნანახი. გენუელები უბურთოდ ბევრს და სწორი მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ძალიან ძნელი სათქმელია, რა ბედი ელის მას “ნერაძურიში”. მთავარი კი ისაა, რომ “ინტერში” ბიელსა არ მივიდა – მარსელო “სან სიროზე” წარმატებით ვერ იმუშავებდა, რადგანაც იგი და “ინტერი” განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევრები არიან. თავის დროზე, 1991 წელს “იუვენტუსის” გაძღოლაზე უარი სწორედ ამ მიზეზით ვთქვი. ტურინელებმა დამრიგებლად ჯოვანი ტრაპატონი დაიბრუნეს და არც შემცდარან – ირლანდიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი “ბებერი ქალბატონისთვის” შესაფერისი ვარიანტი იყო, რაც მან გასული საუკუნის 80-იან წლებში დაამტკიცა.
- რადგან სიტყვამ მოიტანა, “იუვენტუსზე” გკითხავთ. რას ელით ანტონიო კონტესგან?
- დარწმუნებული ვარ, ტურინელები არჩევანში არ შემცდარან. ერთი რჩევა მსურს მივცე კლუბის გენერალურ მენეჯერს ჯუზეპე მაროტას – ნუ ეძებს საუკეთესო ფეხბურთელებს, აარჩიოს ის მოთამაშეები, რომლებიც კონტეს სათამაშო სტილს მიესადაგებიან. “მილანში” კოლომბოს, ფილიპო გალის, ევანის, მასაროს ვათამაშებდი. ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე მათგანი მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო, მაგრამ ჩემ გუნდში ნებისმიერი მათგანის ყოფნა აუცილებელი გახლდათ. შემიძლია ათეულობით მატჩი ჩამოგითვალოთ, რომლებშიც ამ ფეხბურთელებმა გაიბრწყინეს. “იუვენტუსს” მოვუწოდებ, სატრანსფეროდ გამოყოფილი თანხა ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების შესაძენად დახარჯოს, შემდეგ კი შემადგენლობაში წარმოქმნილი “ცარიელი ადგილები” შედარებით იაფასიანი ფეხბურთელების ყიდვით შეავსოს.
- “ნაპოლისაც” იტალიელი დამრიგებელი ჰყავს, აი, “რომამ” კი ესპანეთისკენ “გაიხედა”...
- ვალტერ მაცარის “ნაპოლის” ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ სამხრეთელები ყოველთვის უკომპრომისოდ მატჩის ბოლო წუთამდე იბრძვიან. ნეაპოლში ნაყოფიერად თანამშრომლობენ მთავარი მწვრთნელი და პრეზიდენტი. კინომაგნატი აურელიო დე ლაურენტისი ფეხბურთში კარგად ვერ ერკვევა, მაგრამ ბრწყინვალე მენეჯერი აღმოჩნდა. რაც შეეხება ლუის ენრიკეს, ჩემი აზრით, რომში მას გაუჭირდება. შეუძლებელია, აპენინის ნახევარკუნძულზე ბარსელონური სტილი დანერგო. თუმცა, შესაძლოა, ლუის ენრიკე ამის გაკეთებას არც კი აპირებს. კვლავ “მილანს” მივუბრუნდები – ჩემი დამრიგებლობისას კლუბი ამბიციურ პროექტად იმიტომ იქცა, რომ უდიდესი ტრადიცია უმაგრებდა ზურგს. ეს რომაელთა ახალმა მწვრთნელმა უნდა გაითვალისწინოს. იტალია მეტად სპეციფიკური საფეხბურთო ქვეყანაა და აქაური გუნდები თუ ცალკეული მოთამაშეები სათუთ და განსაკუთრებულ მიდგომას იმსახურებენ. წინაარმდეგ შემთხვევაში, ფიასკო გარდაუვალია. 
- “მილანმა” 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ელ შაარავი შეიძინა. შეძლებს აწ უკვე ყოფილი გენუელი “სან სიროზე” ფეხის მყარად მოკიდებას?
- მამაზეციერმა ელ შაარავის საფეხბურთო ნიჭი უხვად დააბერტყა. ჩემი აზრით, მასთან მწვრთნელები არასათანადოდ მუშაობდნენ. ვიმედოვნებ, მასიმილიანო ალეგრი ელ შაარავის პოტენციალის სრულად გამოვლენაში დაეხმარება, თავის მხრივ კი იგი “როსონერის” სარგებლობას უკვე მომავალი სეზონის მსვლელობისას გაუწევს. 
- რამდენად წაადგება მარიო ბალოტელის ინგლისში გატარებული წელი?
- მარიო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს. სამწუხაროა, რომ 13-15 წლის ასაკში მას არასწორი მიმართულებით ზრდიდნენ და წვრთნიდნენ. ეს რომ არა, ბალოტელი სადღეისოდ პლანეტის უძლიერესი ფეხბურთელი იქნებოდა. 
- მოწინავე პოზიციაზე დასაბრუნებლად უპირველესად რა სჭირდება იტალიურ ფეხბურთს?
- რამდენიმე მიმართულებით ფეხბურთის განვითარებას ჩამოვრჩით. მიზნისკენ ბილიკებით მივდივართ, არადა, მთავარი დიდ გზაზე დადგომაა. მეტად უარყოფით გავლენას ახდენს გახშირებული სკანდალები. ისე კი ფეხბურთი კარგა ხანია მხოლოდ სპორტი ან სანახაობა აღარაა. იგი მრავალწახნაგოვანი ინდუსტრიაა და ჩვენ, იტალიელებს ბევრი რამ თავიდან გვაქვს დასაწყები. უპირველესად დამწყებ მოთამაშეებთან სწორ და მიზანმიმართულ მუშაობას ვგულისხმობ. არაორდინალური მიდგომებია საწირო მწვრთნელთა მხრიდანაც. მახსოვს, “პარმაში” მუშაობისას ადრიან მუტუს შევუთანხმდი, რომ ხელფასის მესამედი მის საქციელზე იქნებოდა დამოკიდებული. იმ სეზონში რუმინელმა სერია A-ში გატანილ გოლთა საკუთარი რეკორდი დაამყარა.
 
გოჩა კაჭარავა
 
 
 
0.124385