მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სხვა მომენტებთან ერთად ყურადღებას “ინტერისა” და “ბაიერნის” ჰოლანდიელი “ათიანების” ვესლი სნეიდერისა და არიენ რობენის დაპირისპირებაც იწვევდა. ორივე მათგანმა კარგად იასპარეზა, სნეიდერის პოსტსაფინალო სიხარული კი დიდწილად მისი პარტნიორების უკეთესმა გამოსვლამ განაპირობა.
წაგების მიუხედავად რობენი მატჩის შემდეგ არცთუ გულგატეხილი ჩანდა, თუმცა, ისიც აშკარაა, რომ სიამოვნებით დათანხმდებოდა “ნარინჯისფერთა” ნაკრებში პარტნიორისა და მეგობრის ვესლი სნეიდერის ადგილას ყოფნას.
- არიენ, როგორ შეაფასებთ საკუთარ მოქმედებას ფინალურ შეხვედრაში?
- წაგების მიუხედავად, საკუთარი თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ. მთლიანობაში საფინალო ფსიქოლოგიურ წნეხს გავუძელი. სამწუხაროდ, “ბაიერნს” გამოცდილება არ ეყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თასი, შესაძლოა, ჩვენი ნადავლი გამხდარიყო.
- მადრიდულ ფინალში გამარჯვებულის ბედი პირველმა გოლმა გადაწყვიტა?
- ალბათ, ასეცაა. მას შემდეგ, რაც “ინტერი” დაწინაურდა, თითქოს ბეტონის კედელს ვეხეთქებოდით. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ შექმნილი ხელსაყრელი მომენტები სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ, “ინტერს” კი ორჯერ მივეცით გოლის გატანის შანსი და ორივე შემთხევევაში მოწინააღმდეგემ შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.
- საკუთარი თამაშით უკმაყოფილო არ ხართ, მთლიანად გუნდის ასპარეზობამ თუ დაგაკმაყოფილათ?
- ცხადია, უკეთ გამოსვლა შეგვეძლო. ამაზე გული მწყდება. არადა, მოგების შემთხვევაში ჰეთ-თრიკის შესრულება შეგვეძლო. სამწუხაროა, ეს უნიკალური შანსი ხელიდან რომ გავუშვით.
- “ინტერთან” დაპირისპირებამდე ხშირად თქვენს თანანაკრებელს ვესლი სნეიდერს გადარებდნენ. “ჰოლანდიურ დუელში” გამარჯვებული რომელი გამოხვედით?
- გამიხარდა, ვესლისთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ მომეცა. “სანტიაგო ბერნაბეუს” მინდორზე ერთმანეთი თბილად მოვიკითხეთ და სინანული გამოვხატეთ იმასთან დაკავშირებით, ასპარეზობის დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთს რომ მიეცემოდა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვის საშუალება.
- ამბობენ ჟოზე მოურინიო თქვენს მადრიდის “რეალში” დაბრუნებას შეეცდება...
- ამჯერად ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ