ინტერვიუები

15:30 | 21.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

არიენ რობენი: “ სახლში ფეხბურთელი არ ვარ”

კაცი, რომელიც შარშან მინდორზე ლამის დაფრინავდა, მაგრამ ორი დიდი ფინალი წააგო – არიენ რობენი ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა (“ინტერი”-“ბაიერნი” 2:0), შემდეგ კი მუნდიალის გადამწყვეტ მატჩშიც მოეცარა ხელი, როცა ჰოლანდიის ნაკრებმა ესპანეთთან 0:1 წააგო.
ფიფა-ს ოფიციალურ საიტზე რობენთან ინტერვიუ გამოქვეყნდა:
-    ესპანეთთან მარცხის შემდეგ, რა გრძნობა დაგეუფლათ – გაწბილება თუ სიამაყე? რაც უნდა იყოს, ფინალში გახვედით.
-    დაახლოებით შუაში, გაწბილებასა და სიამაყეს შორის. უკან რომ ვიყურები, ამაყი ვარ ფინალში გასვლით. ვფიქრობ, ეს ჰოლანდიური ფეხბურთისთვის დიდი მიღწევა იყო, მაგრამ როცა ტიტულის მოგებასთან ასე ახლოს ხარ, შინ ხელცარიელი წასვლა წარმოუდგენლად მტანჯველია.
-    გამოცდილი ფეხბურთელი ხართ და რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა? ალბათ, სხვა გრძნობაა, როცა ხედავ, რომ მთელი ერი გქომაგობთ.
-    რა თქმა უნდა. როცა შენს ქვეყანას დიდ ტურნირებზე წარმოადგენ, ეს უდიდესი პატივია. და ეს ეხება არა მარტო მსოფლიოს ჩემპიონატს, არამედ ნებისმიერ სხვა ტურნირს. ეგაა, მუნდიალს ყველა უყურებს. გასულ წელს ჩვენ მთელი ჰოლანდია სიხარულისგან გადავრიეთ და ეს ფანტასტიკურ სიამოვნებას მანიჭებდა.
-    უნივერსალურ ფეხბურთელად გთვლიან, თუმცა ალბათ, არის ერთი პოზიცია, სადაც ყველაზე მეტად მოგწონთ თამაში...
-    სადაც ვთამაშობ, სწორედ ისაა ჩემი პოზიცია. ანუ, მარჯვენა ფლანგზე.  ფეხბურთელებს ზოგჯერ უწევთ ისეთ ადგილას თამაში, სადაც მუშა ფეხს სასურველად ვერ ამუშავებენ. ასე ვიყავი “ჩელსიში” (რობენს “არისტოკრატებში” მარცხნივ ათამაშებდნენ და ამიტომაც, უფრო ჩაწოდებებზე უხდებოდა აქცენტის გაკეთება – რედ.). აი, “რეალში” სიტუაცია შეიცვალა, მარჯვნივ დამაყენეს. ფეხით ცაცია ვარ და როცა მარჯვნივ ვთამაშობ, უფრო იოლად შემიძლია ცენტრში შეწევა.
-    იოჰან კრუიფს ხშირად გადარებენ?
-    არ მგონია, რომ ჩემი მასთან შედარება უპრიანი იყოს. კრუიფი ჰოლანდიის ლეგენდაა, ფანტასტიკური ფეხბურთელი გახლდათ. სადაც არ უნდა იყოს, მას ყველგან ცნობენ, ასე რომ, შედარება არაა საჭირო. კრუიფი ფენომენია.
-    ბავშვობისას თქვენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ იყო?
-    ბრაზილიელი რომარიო, რომელიც იმ დროს პსვ-ში თამაშობდა.   
-    ახალგაზრდა ჰოლანდიელი ფეხბურთელებიდან ვინ მოგწონთ?
-    რთული კითხვაა. ჩემს თაობაში ბევრი ფეხბურთელია, რომლებიც ჰოლანდიის სიამაყენი არიან, მაგრამ მათი ასაკი დაახლოებით 27 წელია. რაც შეეხება ახალგაზრდებს, ამსტერდამის “აიაქსის” მცველი გრეგორი ვან დერ ვილი მომწონს.  
-    რით განსხვავადება ის ჩემპიონატები, სადაც სხვადასხვა დროს გითამაშიათ?
-    ყველა ლიგა გამოირჩევა თავისი განუმეორებელი კულტურით, ინდივიდუალურობით, მაგრამ მთავარი თვითონ ფეხბურთია. მაგალითად, ინგლისში დიდ როლს თამაშობს ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება, ესპანეთში - ტექნიკურობა, რაც ფეხბურთელებს აძლევს ლამაზი თამაშის საშუალებას. გერმანიაში საფეხბურთო სტანდარტები მაღალია, ყველა ფეხბურთელი მზადაა როგორც ფიზიკურად, ასევე დისციპლინისა და  ორგანიზებულობის კუთხით.
-    რომელ კლუბში განვლეთ კარიერის საუკეთესო პერიოდი?
-    ყველა კლუბიდან საუკეთესო მოგონება წამომყვა. ძნელია რომელიმეს გამორჩევა. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა გადავსულიყავი, ყველგან მექნებოდა კარგი და ცუდი პერიოდები.
-    ვინაა საუკეთესო მცველი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
-    ვერ გამოვარჩევ. თითოეულს ჰქონდა თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
-    თქვენი საუკეთესო გოლი?
-    ვერც აქ მოისმენთ კონკრეტულ პასუხს. ზოგადად, საუკეთესო გოლებად ის  ითვლება, რომლებსაც გუნდისთვის გამარჯვება მოაქვთ. მაგალითად, გასულ სეზონში “ფიორენტინასთან” და “მანჩესტერ იუნაიტედთან”, ასევე გერმანიის თასზე “შალკეს” კარში გატანილ გოლებს გავიხსენებ. რატომ მაინცდამაინც ეს გოლები? იმიტომ, რომ გადამწყვეტი იყო.
-    რამდენად ახერხებთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დროის დაბალანსებას?
-    ჩემს ცხოვრებაში ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენჯერაც შევიცვალე კლუბი, ოჯახი მაშინვე თან წავიყვანე. როცა შინ მივდივარ, სამსახურზე ფიქრს ვეშვები. ფეხბურთი უცებ მავიწყდება. როცა არიენ რობენი სახლშია, ის უკვე ფეხბურთელი კი არა, მეუღლე და მამაა. ოჯახის წევრებზე ძვირფასი, ჩემთვის არავინ არაა.       

 

ილია ნანობაშვილი
 

0.134421