ჰოლანდიელმა ლუის ვან გაალმა, მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, ვისი შეძენაც მოითხოვა, მისი თანამემამულე არიენ რობენი იყო. ბავარიელებმა მადრიდის “რეალს” ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადეს და ნამდვილად არ წაუგიათ. რობენი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, ხოლო მის მიერ “ფიორენტინას” და “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილმა გოლებმა, მიუნხენელები ჯერ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გაიყვანა, ხოლო შემდეგ 1/2-ფინალში. 26 წლის ჰოლანდიელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება და მანამდე, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა.
- საუცხოო სეზონი გამოგივიდათ. მას, თქვენს კარიერაში საუკეთესოდ თვლით?
- გასაკვირია, მაგრამ ეს, ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მიუნხენში თავს პირველივე დღიდან კარგად ვგრძნობდი. იქ ძალიან თბილად მიმიღეს. “ბაიერნში” კომფორტულად ვარ, რაც მთავარი მიზეზია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ჯანმრთელად ვარ და კარგ ფორმაში ვიმყოფები. საუცხოო სეზონს, სწორედ ამიტომ ვატარებ.
- ლუის ვან გაალმა “ბაიერნზე” რა გავლენა იქონია?
- უდიდესი! მას მუშაობის საკუთარი სტილი აქვს და ფეხბურთელს დრო სჭირდება, რომ ამას მიეჩვიოს. ვან გაალი ძალიან ენერგიულია და მსოფლიოში ერთ-ერთი იშვიათი მწვრთნელია, რომელიც თითოეულ ფეხბურთელს დიდ ყურადღებას აქცევს. ბუნებრივია, მას უნდა, რომ გუნდი უფრო ძლიერი გახადოს. ბოლოსდაბოლოს, ჩვენ სპორტის გუნდურ სახეობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ის ცალკ-ცალკე ყველა მოთამაშეს ესაუბრება. ვან გაალს სურს, რომ მოთამაშეებმა მოუმატონ, რასაც სეზონის განმავლობაში მიაღწია. არადა, ზოგჯერ ამას დიდი დრო სჭირდება. მან ტაქტიკა ზედმიწევნით კარგად იცის. გარდა იმისა, რომ საუცხოო მწვრთნელია, ადამიანიც ასეთია.
- ვან გაალისგან რა ისწავლეთ?
- მას მუშაობის ჰოლანდიური სტილი აქვს და ალბათ, ჩემთვის უფრო ადვილი იყო მიჩვევა, ვიდრე გერმანელი ფეხბურთელებისთვის. მთავარია, ის ყოველთვის ეუბნება შეგირდებს, რომ მათ, მოედანზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. დღესდღეობით, ფეხბურთს ისეთ სისწრაფეებზე თამაშობენ, რომ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა მიიღო. ვან გაალი ცდილობს დაგვეხმაროს და აგვიხსნას, როდის უნდა ავუაროთ მეტოქეს გვერდი და როდის უმჯობესია, პარტნიორს პასი მივცეთ.
- ფინალში დაპირისპირება ჟოზე მაურინიოს გუნდთან მოგიწევთ, რომლის ხელმძღვანელობითაც “ჩელსიში” თამაშობდით. ამასთან დაკავშირებით, რას გრძნობთ?
- ეს ძალიან კარგია. აქამდე, ორი წელიწადი “რეალში” ვთამაშობდი, ხოლო ამ სეზონს “ბაიერნში” ვატარებ. ასე რომ, ჟოზე სამი წელიწადია არ მინახავს და მასთან არ მისაუბრია. რა თქმა უნდა, ისიც საუცხოო მწვრთნელია. მაურინიოსთან ერთად “ჩელსიში” მუშაობა ძალიან მომწონდა. ერთად ყველა ტიტული მოვიგეთ, რის მოგებაც შეიძლებოდა. ჩვენ ერთად ვწერდით ისტორიას, მოვუტანეთ რა “ჩელსის” პირველი საჩემპიონო ტიტული 50 წლის განმავლობაში. მაურინიოსთან მუშაობისგან, მხოლოდ დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა და მისი ნახვა ძალიან სასიამოვნო იქნება.
- ვან გაალი და მაურინიო ერთმანეთს რით ჰგვანან, ან რით განსხვავდებიან?
-ორივეს ძალიან კარგად შეუძლია ახალი გუნდის ჩამოყალიბება. ორივე ფსიქოლოგიურად ძლიერია. მათ მართლაც შესწევთ გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდის ჩამოყალიბება. რაც შეეხება განსხვავებას, ვან გაალი შეტევას მეტ ყურადღებას უთმობს, ხოლო მაურინიო უფრო მნიშვნელოვნად, დაცვაში საიმედო თამაშს თვლის. ორივე მათგანი სრულიად სამართლიანად შედის პლანეტის საუკეთესო მწვრთნელების რიცხვში.
-რას იტყვით თანამემამულე ვესლი სნაიდერის თაობაზე? გასულ სეზონში, თქვენ ერთად “რეალში” თამაშობდით, ხოლო ახლა, ის “ინტერის” ღირსებას იცავს...
-ის მოედანზე თამაშის მიმდინარეობას განსაზღვრავს. ვესლი ცენტრში თავდამსხმელების უკან თამაშობს დ შეტევის დასაწყებად ყოველთვის მზადაა. ვფიქრობ, მომავალ შეხვედრაში, “ინტერის” შეტევებს სწორედ ის უხელმძღვანელებს, რადგან ყოველთვის შეუძლია მწვავე გადაცემის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ მადრიდში ერთად დავბრუნდებით და ფინალში ვითამაშებთ. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ამას სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში ვიზამთ
-“ბაიერნმა” გამარჯვებისთვის რა უნდა გააკეთოს?
-არა მგონი, რომ ფინალში “ინტერმა” დაცვას იმდენივე ყურადღება დაუთმოს, როგორც ეს “ბარსელონასთან” განმეორებითი შეხვედრის დროს იყო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ, მილანელები პირველი ტაიმის მიწურულიდან უმცირესობაში იყვნენ. ჩვენ საკუთარი სტილის ერთგულნი უნდა ვიყოთ. მთელი სეზონის განმავლობაში ასე ვთამაშობდით და ფინალშიც იგივე იქნება. ცხადია, ზოგჯერ იღბალიც საჭიროა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მეტოქის კართან მწვავედ უნდა ვიმოქმედოთ და შექმნილი საგოლე მომენტები გამოვიყენოთ.
-“სანტიაგო ბერნაბეუზე” რა გრძნობით ბრუნდებით? რაიმე დასამტკიცებელი გაქვთ?
-დიახ, განსაკუთრებით ასეთ თამაშში. ამ სეზონით შემიძლია კმაყოფილი ვიყო, მაგრამ მსგავს ფინალში თამაში, ნებისმიერი ფეხბურთელის მიზანია და იმედი მაქვს, რომ კარგ მატჩს ჩავატარებ. თუმცა, ხალხის წინაშე საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება კი არაა მთავარი, არამედ, ტიტულის მოგება. თუ საშინლად ვითამაშებ, მაგრამ “ბაიერნი” გაიმარჯვებს, ჩემთვის სრულიად მისაღები იქნება.
-“ბაიერნისთვის” ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება, რამდენად მნიშვნელოვანია?
- სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას არ ველოდით. ჩვენი მთავარი ამოცანა გერმანიის ჩემპიონატის მოგება იყო, რაც გავაკეთეთ კიდეც. ახლა, ლიგის ფინალი გველის და მასში გამარჯვებას უნდა შევეცადოთ. რაც ძალა გვაქვს, მოედანზე უნდა დავტოვოთ. ვფიქრობ, გულშემატკივრები ნახავენ 22 ფეხბურთელი როგორ იბრძვის სამკვდრო-საციცოცხლოდ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა