ფეხბურთი

22:22 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

არდანიშნული თერთმეტმეტრიანი და საჭირო ქულა

მარტვილის "მერანმა" მეორე წრის მეორე შეხვედრა რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ გამართა. ორივე გუნდისთვის თითოეულ ქულას განსაკუთრებული მნშვნელობა ჰქონდა. თუ "მეტალურგი" ზედა ექვსეულისთვის იბრძვის, მარტვილელების მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა, ამიტომ, მატჩი როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

პირველი ტაიმი ორმხრივი იერიშებით დაიწყო, თუმცა სახიფათო ეპიზოდები ნაკლებად იქმნებოდა და მათი უმეტესობა რუსთაველებმა შექმნეს.

მე-9 წუთზე სეთურიძის კარგ ჩაწოდებას მერანელთა საჯარიმოში ჩიმაკაძე თავური დარტყმით გამოეხმაურა, მაგრამ ბურთი მცირედით აცდა მამალაძის კარს.

მე-12-ზე ისევ "მეტალურგმა" განავითარა შეტევა, ამჯერად კილასონიას უძლიერესი დარტყმა მოიგერია მამალაძემ ნახტომში.

"მერანმა" მეტოქეს კონტრიერიშით უპასუხა, კუჭუხიძეს მიერ ჩაწოდებულ ბურთს რუსთაველების საჯარიმოში ცხვიტაია ვერ შეწვდა და მცველებმა შეძლეს ბურთის გამოტანა.

პირველი ნახევრის ყველაზე დასამახსოვრებელი და სახიფათო მომენტი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე შეიქმნა: საჯაიამ კარგი გადაცემა გაუკეთა ჩიმაკაძეს, რომელიც მარტოდ-მარტო აღმოჩნდა მეკარე მამალაძესთან, თუმცა ახლო მანძილიდან უზუსტოდ დაარტყა.

თუ პირველ ტაიმში კარში დარტყმების უპირატესობა "მეტალურგს" ჰქონდა, მეორე ნახევარში სულ სხვა სურათი ვიხილეთ. არაფრისმომცემ კონტრიერიშებს თუ არ გავითვალისწინებთ, შესვენების შემდეგ რუსთაველებს "მერანის" კარში სახიფათოდ არც დაურტყამთ. სამაგიეროდ მარტვილელები გააქტიურდნენ და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მრავალი სახიფათო მომენტი შექმნეს.

47-ე წუთზე ფონიავა მიუახლოვდა მეტოქე გუნდის საჯარიმოს და მოჭრილი დაარტყა სეფიაშვილის კარის მიმართულებით, თუმცა მეკარე დამაჯერებლად დაეუფლა ბურთს.

49-ე წუთზე კიჭი მელიავას აქტიურ თამაშს კარგი ჩაწოდება მოჰყვა “მეტალურგის” საჯარიმოში, რასაც ბენაშვილმა თავურით უპასუხა, ბურთი მცირედით ასცდა სტუმრების კარს.

მე-80 - ე წუთზე მარტვილელებმა სტუმრებს ერთგვარი შტურმი მოუწყვეს, ჯერ ჩხეტიანს ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, გამოვარდნილი ბურთი კი ჯოჯუას მიუვიდა, რომელიც შორიდან უძლიერესი დარტყით დაემუქრა მეტალურგის კარს, თუმცა მცირედით აცდა მიზანს.

83 - ე წუთზე სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა გაწევ-გამოწევაც იხილა ორივე გუნდის ფეხბურთელების შესრულებით, თუმცა მალევე დაშოშმინდნენ - იობაშვილი და მიქაბერიძე კი მსაჯმა ყვითელი ბარათით გააფრთხილა.

მატჩის პიკი მსაჯის მიერ დამატებული ბოლო მესამე წუთი აღმოჩნდა.

"მერანი" მთელი გუნდით გადავიდა შეტევაზე. კიჭი მელიავამ მოედნის შუაგულში აართვა მეტოქეს ბურთი და გამოზომილი პასი მისცა ფონიავას. პაპუნას ორი მცველი მეურვეობდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საკუთარ თავზე აიღო თამაში და დარჩენილი ძალებით ბოლომდე იბრძოლა, საჯარიმოში შესულს კი მცველებმა დარტყმის საშუალება არ მისცეს და წააქციეს.

ყველამ სილაგავას შეხედა, თუმცა სასტვენი დუმდა. "მერანის" ქომაგების აღშფოთება საფუძველს მოკლებული არ ყოფილა. რადგან სილაგავას სრული უფლება ჰქონდა დარღვევა დაეფიქსირებინა.

საბოლოოდ დამატებული დროც ამოიწურა და მატჩი ფრედ 0:0 დამთავრდა.

 პაპუნა ფონიავა: "რა თქმა უნდა, თერთმეტმეტრიანი იყო. ამ ეპიზოდის ჩანაწერს აუცილებლად განიხილავს ჩვენი სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციას გადაუგზავნის, რათა ასეთი მსაჯები დასაჯონ."

ვარლამ კილასონია: "რთული თამაშისთვის ვემზადებოდით, იმიტომ რომ, ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თითოეულ ქულას. მომენტები გვქონდა მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. "მერანსაც" ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი.

 - ბოლო წუთზე "მერანი" პენალტს ითხოვდა, იყო თქვენი აზრით დარღვევა?

 - შორიდან ძნელია იმის დანახვა იყო თუ არა. ბიჭებს ველაპარაკე და მითხრეს, რომ კონტაქტი არ ყოფილა. ვერ გეტყვით, მსაჯების კომპენტენციაში ვერ ჩავერევი."

ზურაბ იონანიძე: "პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, თუმცა შესვენებაზე ავუხსენი ბიჭებს, რომ მეტი შეტევები და ორგანიზება იყო საჭირო, რაც საკმაოდ კარგად შეასრულეს, იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტაიმი "მერანის" უპირატესობით წარიმართა. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანს, დარღვევა იყო და ცუდია როცა მსაჯის განწყობაზეა დამოკიდებული დანიშნოს თუ არ დანიშნოს პენალტი.

 უმაღლესში დარჩენისთვის შანსები გვაქვს და ამ შანსებს აუცილებლად გამოვიყენებთ.”

 

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:0

2 მარტი. 15:00. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი . 300 მაყურებელი

მერანი”:  მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა, ჯოჯუა, ფონიავა, ბენაშვილი (რაფაელი, 74), კუჭუხიძე, ბაბუნაშვილი (გეგეჭკორი, 63) ციცხვაია ( ჩხეტიანი, 79)

მთავარი მწვრთნელი:  ზურაბ იონანიძე

მეტალურგი”: სეფიაშვილი, სეთურიძე, ჩირგაძე, ქავთარაძე (ტვილდიანი, 46), მახვილაძე, დობროვოლსკი, კილასონია, ჩიმაკაძე (გოგინაშვილი 84), კაკაშვილი (მიქაბერიძე, 63), საჯაია, გიგაური.

მთავარი მწვრთნელივარლამ კილასონია

გაფრთხილება: კილასონია (28), იობაშვილი(83), მიქაბერიძე (83) 

მსაჯილაშა სილაგავა (თბილისი)

 

1      დინამო (თბ)                                                       20           14           3           3           48:16           45         
2 ჩიხურა 20 11 5 4 39:29 38
3 ზესტაფონი 20 10 4 6 27:15 34
4 გურია 20 10 0 10 23:27 30
5 სიონი  20 8 6 5 25:22 30
6 მეტალურგი 20 8 6 6 25:23 30
7 დილა 20 7 7 6 25:20 28
8 ტორპედო 20 7 5 8 22:26 26
9 ვიტ ჯორჯია 20 7 4 9 25:27 25
10 სპარტაკი 20 5 2 13 16:30 17
11 ზუგდიდი 20 4 5 11 10:28 17
12 მერანი 20 4 3 13 15:37 15

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

 

ედემი ელერჯია

0.121067