საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანის მიერ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, საკალათბურთო სუპერლიგის რამდენიმე გუნდში, მათ შორის “შსს აკადემიაში”, კვლავ გაურკვეველი სიტუაციაა. ჯერჯერობით უცნობია კლუბის ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში მოასპარეზე გუნდი უნდა დაკომპლექტდეს.
შეგახსენებთ, რომ ყიფიანის განცხადებით, სამინისტრო, საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობს, რომელიც 2015 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული პროექტის ამუშავებამდე კი, ფინანსურად შეჩერებული სუპერლიგის მონაწილე გუნდების პრობლემების მოგვარებაზე ქვეყნის სხვადასხვა უწყება იზრუნებს, რათა მოახლოებულ საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემიონატის ჩატარებას პრობლემა არ შეექმნას. ყიფიანმა აღნიშნული განცხადება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან, სუპერლიგის მონაწილე კლუბების მწვრთნელებთან და კალათბურთელებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში შედგა.
გთავაზობთ ინტერვიუს “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთენლ არჩილ ჟღენტთან, რომელსაც ამ თანამდებობის მოცილე გამოუჩნდა.
-გაკმაყოფილებთ ლევან ყიფიანის განცხადება?
-ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით კალათბურთის განვითარების გრძელვადიან პროგრამაზე, რადგან უცნობია “შსს აკადემიას” ბიუჯეტი, რომლის მიხედვითაც გუნდი უნდა დაკომპლექტდეს.
-გამოდის, რომ მოახლოებული ჩემპიონატის მიუხედავად, გუნდის დაკომპლექტება ჯერ არ დაგიწყიათ?
-თუ ბიუჯეტის რაოდენობა არ გვეცოდინება, ისე გუნდს როგორ დავაკომპლექტებთ?
-სავარაუდოდ, როდის გეცოდინებათ გუნდის ბიუჯეტი?
-თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გუნდის ბიუჯეტი უახლოეს მომავალში გვეცოდინება. როგორი ბიუჯეტიც გვექნება, ისეთი გუნდი გვეყოლება.
-საზოგადოებაში ჭორის დონეზე არსებობს ინფორმაცია, რომ საკალთბურთო კლუბ “შსს აკადემიაში” თქვენ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონკურენტი გამოგიჩნდათ, ამის შესახებ თუ ფლობთ ინფორმაციას?
-მართალია, არის პიროვნება, რომელიც ცდილობს “შსს აკადემიაში” ჩემი პოსტი დაიკავოს.
-ვინაა ეს პიროვნება?
-ამჯერად მისი დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ეტყობა მას სერიოზული მფარველი ჰყავს, რადგან ცდილობენ, რომ ჩემს მაგივრად მოიყვანონ. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გუნდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩემპიონატის ჩატარება დგას პრობლემის წინაშე და ვიღაც-ვიღაცეები მთავარი მწვრთნელის პოსტისთვის იბრძვიან.
-“შსს აკადემიას” ხელმძღვანელობას როგორი პოზიცია უკავია?
-რა თქმა უნდა ვკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჩემი შესაძლო წასვლის შესახებ. მათ მითხრეს, რომ მთავარი მწვრთნელის შეცვლის საკითხს არ განიხილავენ. გამოდის, რომ თუ მე გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადამაყენეს, ვიღაცის ხრიკების გამო მოხდება.