ფეხბურთი

15:00 | 21.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ არველაძე – ქეცბაია VS ფეხბურთელებზე, ეროვნული ჩემპიონატის განვითარების პროექტზე

 

დაახლოებით 5 თვეა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად არჩილ არველაძე დაინიშნა. თანამდებობა ერთია და ტყუპისცალის ერთ-ერთი მოვალეობა ნაკრებში თემურ ქეცბაიასა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის დალაგებაა. ბოლო დროს კი იმდენი რამ ხდება ამ კუთხით, რომ არჩილთან საუბარი აუცილებელი გახდა.

"მსოფლიო სპორტი" არჩილ არველაძეს ესაუბრა:

- ერთი თვის წინათ შევიტყვეთ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ქეცბაიას შორის ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო შეხვედრა და საუბარი განვლილ შესარჩევ ციკლზე და ასევე, გეგმებზე. ისაუბრეთ?

- დეკემბერში უნდა შედგეს. ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ კითხვები აქვს ქეცბაიასთან. ვნახოთ, ალბათ, ბევრ რამეზე იქნება საუბარი.

- ახლა რატომ არ ისაუბრეს?

- თემური ერთი დღით იყო ჩამოსული. განხილვა აუცილებლად იქნება. სასაუბრო ბევრია.

- ალეკო ამისულაშვილსა და თემურ ქეცბაიას შორის დაპირისპირებაზე რას იტყვით?

- ამისულაშვილს დავურეკე და მითხრა, რომ პირადად სურს ქეცბაიასთან დალაპარაკება. პირისპირ და არა – ტელეფონით. თავად გავარკვევო. გაუგებრობა გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ცოტა ძველი ამბავია.

- ამისულაშვილმა თქვა, მაგ კაცთან ვერ ვიმუშავებო და ნაკრებიდან წავიდა. ამისულაშვილი პირველი არაა, რომელთანაც მწვრთნელს კონფლიქტი აქვს.

- ერთს ვიტყვი: თემურს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გაუგებრობაში. კომუნიკაციაა საჭირო. სკოლაში რაც არ უნდა დააშავოს ბავშვმა, მასწავლებელსა და მშობელს ეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა. ასეა ფეხბურთშიც.

- საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ქეცბაიასა და ჟურნალისტებს შორის შეხვედრაზე რას იტყვით?

- თემური ასეთია, ის ვეღარ გამოიცვლება. ექსტრაენერგიული, ემოციური კაცია. სხვა, აბა, რა ვთქვა.

- მაგალითად, შედეგზე გვაინტერესებს თქვენი აზრი: ქეცბაია ამბობს, რომ მეოთხეზე გავიდა ნაკრები, რაც წინა წლებთან შედარებით კარგი შედეგია, თუმცა მხოლოდ 5 ქულა ავიღეთ და 3 გოლი გავიტანეთ.

- ქეცბაიამ ათიდან ცხრა სწორად ილაპარაკა, აი, ახლა რაც მკითხეთ, მაგაში არ ვეთანხმები. ცუდი შედეგია. მე თუ მკითხავთ, მირჩევნია 15 გოლი გავიტანო, გასვლისთვის ვიბრძოლო და მეხუთეზე გავიდე, ვიდრე 3 გავიტანო და მეოთხეზე დავამთავრო. თუმცა, მე მწვრთნელი არ ვარ.

- ფეხბურთელები, ერთი-ორი კაცის გამოკლებით, ხმამაღლა არ ამბობენ, თუ რა პრობლემა აქვთ ქეცბაიასთან.

- გამოვიდა ხიზანიშვილი და თქვა. ამისულაშვილმა თქვა, პირისპირ დაველაპარაკებიო. დანარჩენები კი არ ამბობენ. არ შეიძლება პრობლემის დამალვა. 11-დან 9 კაცს რაღაც რომ არ მოსწონს, უნდა ადგნენ და თქვან. არ შეიძლება, შენ პიროვნული პრობლემები გქონდეს მწვრთნელთან და განაცხადო, რომ ტრავმის გამო არ ჩამოდიხარ, ყელი გტკივა, ფეხი გტკივა, გული გტკივა. ყველას ვეუბნები, მე მითხარით, გამოსწორებას ვეცდები მეთქი. ხიზანიშვილმა თქვა, რა პრობლემებიც ჰქონდა. სხვები არ ამბობენ და რა ვქნათ...

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ დაგვცალდა კითხვა: ქეცბაია მომდევნო შესარჩევშიც თუ დარჩება, ამ ფეხბურთელებთან ურთიერთობის დალაგებას ეცდება თუ დავივიწყოთ ისინი ნაკრებისთვის?

- ქეცბაია თვითონ ამბობს, ნეტავ, ამათ ფეხბურთი ითამაშონ და კი ბატონო, ნუ ვეყვარებიო. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, ოღონდ, ფეხბურთელს უნდა სურდეს ნაკრებში თამაში. აბა, სხვაგვარად როგორ... ვისაც ნაკრებში თამაში სურს და სპორტული კუთხითაც იმსახურებს, ქეცბაია გამოიძახებს.

- ბოლო წლებია, მშვენიერ შედეგს აჩვენებენ ასაკობრივი ნაკრებები. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ 18 წლის ქართველი 18 წლის ჰოლანდიელს თუ ინგლისელს რომ მოუგებს, ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ამ ასაკში ნაკლები სხვაობააო. შემდეგ რა ემართებათ? ჩვენი აზრი გვაქვს, თუ რაცაა პრობლემა და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია – ამ ფეხბურთელებს არც ჩვენს ჩემპიონატში ეძლევათ თამაშის საშუალება და უცხოეთშიც ვერ მიდიან. ხშირ შემთხვევაში ხელს უშლით არაევროკავშირელობაც. როდის და როგორ შეიძლება ამ პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოგვარება?

- გეთანხმებით, ვერანაირი ლოგიკით ვერ უნდა უგებდეს 18 წლის ქართველი 18 წლის ჰოლანდიელს. ბოლო 3 წელიწადში ასპროცენტიანი გადალახვა გვაქვს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპებისა, 17-წლამდელებმა სულაც ფინალური ეტაპის ნახევარფინალში ითამაშეს. მანამდე, 20 წლის განმავლობაში ეს ვერ ხერხდებოდა. მიზეზი, რის გამოც ასაკობრივები ასეთ წარმატებებს აღწევენ, გარდა იმისა, რომ ნიჭიერები არიან, ისიცაა, რომ ფედერაცია ახერხებს და არაერთ ტურნირზე უშვებენ. 112 საერთაშორისო მატჩი აქვთ ნათამაშევი ჯამში. ისინი უკვე მომზადებულები ხვდებიან შესარჩევებს.

- ქეცბაიამ არაერთხელ თქვა, კარგი იქნება, ამ ბიჭებს თამაშის საშუალება მიეცეთო. ფედერაციას არ შეუძლია, რომ კლუბებს დაავალოს განაცხადში მინიმუმ ორი 21-წლამდელი ჰყავდეთ? ბევრს ისედაც ჰყავს, მაგრამ არიან კლუბები, სადაც ამის საშუალება არ არსებობს.

- შეუძლია აღმასკომს ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ჯერ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი კერძო კლუბები არიან და კიდევ დაავალო, ასე და ისე მოიქეციო, ცოტა რთულია. კარგია, რომ შეთანხმება მოხდეს. იდეას თითქოს ყველა ეთანხმება. მე შევთავაზე, ეგებ, თასზე მაინც მოხერხდეს ამის შესრულება მეთქი. ვნახოთ, ნება უნდა იყოს.

- ჰოლანდიაში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ნაკრებები ერთიან სქემაში არიან მოქცეულნი, იდენტური ტაქტიკით მუშაობენ და ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში გადასულ ფეხბურთელს შეგუება არ უჭირს. დაგვეთანხმებით, აქ ეროვნული ნაკრები ასაკობრივებისგან მკვეთრად განსხვავებულად თამაშობს. არ გიფიქრიათ, რომ ეს ერთიან სქემაში მოექცეს?

- იდეალური იქნებოდა. ასაკობრივი ნაკრებები მართლაც დაახლოებით ერთნაირად თამაშობენ, ერთადერთი ქეცბაიაა, რომელიც სხვაგვარად ათამაშებს. ასე ფიქრობს და რას იზამ. თუნდაც მეკარეები ავიღოთ: თითოეულ ნაკრებში გვყავს გამოცდილი მეკარეების მწვრთნელები – მამუკა აბუსერიძე, დავით გვარამაძე, ზვიად სტურუა და ასე შემდეგ. ამის შედეგიცაა, რომ მეკარეებში ადრე სულ რომ გვიჭირდა, ხედავთ, ეროვნულშიც და ახალგაზრულებშიც წამოვიდნენ. ვულოცავ ასაკობრივ ნაკრებებს ასეთ კარგ თამაშსა და შედეგებს.

- ვისაუბრეთ და მაინც არ ჩანს პრობლემის მოგვარების გზები. მაგარია 17 წლის ქართველი ჭაბუკი, მაგრამ შემდეგ ზრდა აღარაა და ეს მხოლოდ სიზარმაცის ბრალი არაა, როგორც ბევრნი ამბობენ. ყველა ზარმაცი ხომ არაა? მათ ხელშეწყობა არ აქვთ, ელემენტარულად თამაშის საშუალება არ ეძლევათ.

- რა თქმა უნდა, მხოლოდ სიზარმაცეში არაა საქმე. ბევრია ისეთი, რომელსაც გულით სურს ფეხბურთის თამაში და მონდომებას არ აკლებს. სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს და მე მაქვს ასეთი პროგრამა, რომელიც ლევან ყიფიანს გავაცანი. ეს დაწერილ-გამზადებული არაა, მაგრამ ლევანს დეტალურად მოვუყევი: ჩემპიონატში თანხა მოპოვებული ქულების სისტემით დარიგდეს. თურქეთში თითოეულ მოგებულ თამაშზე მილიონ ლირას იღებ.

- მილიონი ლირა ერთ მოგებაზე? ძალიან ბევრია.

- დიახ. აი, მაგალითად, შოთას "ქასიმფაშამ" ახლა "ბურსასფორს" რომ მოუგოს, მილიონ ლირას მიიღებს, ფრეზე კი 400 000 ლირაა. იქ 400 მილიონია სუპერლიგის საპრიზო ფონდი. ამას ეტაპობრივად მიაღწიეს. რა აზრი აქვს ჩვენთან თითოეული კლუბისთვის წლიურად 2 მილიონის დარიგებას? ასე არაფერი გამოვა. დავუშვათ, გამოიყო 24 მილიონი ლარი წლიურად. 4 მილიონი დაიხარჯებოდა სატელევიზიო პროექტისთვის, ბანერებისთვის და ასე შემდეგ, დანარჩენი 20 მილიონი კი საპრიზო ფონდი იქნებოდა დაკავებული ადგილების მიხედვით. ეგებ, კლუბებმა თქვან, დაგვირიგეთ, გაგვინაწილეთ და ჩვენ მივხედავთო. არა, ასე არა. რაშიც შენ გინდა, იმაში ვერ დახარჯავ. არ შეიძლება, იმ კლუბსაც 2 მილიონი მისცე, რომელიც წლიურად 4 მილიონს ხარჯავს და იმასაც 2 მილიონი მისცე, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადმოვა და წელიწადში 200 000-ს ხარჯავს. ასე სპორტული პრინციპი დაირღვევა. იყოს ფონდი და განაწილდეს. ეს პროექტი უნდა მიებას ტელევიზიას. იყოს თამაშები, ვთქვათ, მეორე არხზე.

- თურქეთში როდის დაიწყო ეს პროექტი?

- 1994 წელს. მაშინ 15 მილიონი იყო საპრიზო ფონდი, მაგრამ გამოიმუშავეს და ახლა 400 მილიონია. აბა, ასე 2 მილიონის მიცემას რომელიმე კლუბისთვის, აზრი არ აქვს. სპორტული პრინციპი რომ იქნება და ფული დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება, იქ უკვე თამაშების ჩაწყობის სურვილიც აღარ ექნებათ. იგივე პროექტი პირველ ლიგასაც შეეხება, ოღონდ, იქ შედარებით ნაკლები იქნება თანხა და მოთხოვნები. ვფიქრობ, ასე იქნება მართებული.


0.125417