ფეხბურთი

23:48 | 27.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

არბიტრმა რუსთაველები გაანაწყენა

მარტვილში გამართულ 29-ე ტურის შეხვედრას, მასპინძელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში, ისინი გასავარდნ ზონას სცილდებოდნენ და მომდევნო შეხვედრებისთვის უფრო გულდამშვიდებით მოემზადებოდნენ. რაც შეეხებათ რუსთაველებს, მათთვის უმთავრეს მიზანს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ფინალში გასვლა წარმოადგენს, თუმცა რუსთაველი ფეხბურთელები ფეარ პლეის პრინციპებს იცავენ და ჩემპიონატის მატჩებშიც ბოლომდე იხარჯებიან.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო და პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნის შანსი პირველად სტუმრებს მიეცათ. მე-6 წუთზე დობროვოლსკის ჩაწოდებულ საჯარიმოზე, ყველაზე მარჯვე ინწკირველი გამოდგა და თავით ბურთი მარტვილელთა კარისკენ გადაგზავნა, თუმცა მიზანს სულ ოდნავ ააცილა.

მე-14 წუთზე ანალოგიური მდგომარეობა საპირისპირო კართანაც შეიქმნა. სახიფათო სიტუაცია ამჯერადაც სტანდარტულის გათამაშებას მოჰყვა. ბუკიას დიაგონალურ გადაცემას, მეტოქის საჯარიმოში მყოფი ქარქუზაშვილი თავით გამოეხმაურა, მაგრამ მისი მცდელობაც უზუსტო გამოდგა. თითქმის მაშინვე, სტუმართა მცველების შეუთანხმებელი მოქმედებით ბანებამ ისარგებლა და ხელსაყრელი სიტუაციიდან კარის დალაშქვრა სცადა. ამ მომენტში ალავიძეც უნაკლოდ გაისარჯა - კამერუნელ ფორვარდს ფეხებში ჩაუვარდა და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.

ტაიმის შუაწელს, რუსთაველებმა ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. ორივე შემთხვევაში თავის გამოჩენა ახალკაცს მართებდა. პირველად იგი მახვილი კუთხიდან ურტყამდა სიხარულიძის გადაცემის შემდეგ, მაგრამ ბურთი მარტვილელთა კარის ბადეს გარედან შეეხო. მეორეჯერ კი, თანაგუნდელებმა იგი მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, თუმცა შეროზია სიტუაციაში კარგად გაერკვა, საჯარიმო მოედნის ფარგლები დატოვა და სტუმართა შემტევს საგოლე დარტყმის საშუალება აღარ მისცა.

ნახევარი საათის მიწურულს, მეტოქეებმა რეალური საგოლე მომენტები გაცვალეს. მასპინძელთა მორიგი შეტევისას, ქარქუზაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად გაისროლა. ბურთი უცნაური ტრაექტორიით წავიდა და ალავიძეს მისი მოგერიება ძალიან გაუჭირდა. დამატებას ბანება ცდილობდა, თუმცა არბიტრმა მეკარესთან სახიფათო თამაშისთვის დააჯარიმა.

საპასუხო იერიში სტუმრებმა მაშინვე განავითარეს, რომლის დაგვირგვინებასაც ფიფია ცდილობდა. რუსთაველი ფეხბურთელის გამიზნულ დარტყმას, შეროზია თითებით მისწვდა, შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა და მოედანი დატოვა.

სამი წუთის შემდეგ, თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა. ამჯერად, სახიფათოდ სტუმრებმა შეუტიეს. რუსთაველებს განსაკუთრებით კარგად, სტანდარტული სიტუაციების გათამაშება გამოსდიოდათ. 33-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან დობროვოლსკის ჩაწოდებულ საჯარიმოს, შორეულ ძელთან ჩასაფრებული ინწკირველი გამოეხმაურა. მას ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მისი თავური დარტყმა ოდნავ გადასცდა ხარიხას.

მასპინძელთა საპასუხო შეტევა კი შედეგიანი გამოდგა. კუთხურის გათამაშების შემდეგ, ბუკიამ ბოლომდე იბრძოლა და დაბალი ბურთი საჯარიმოში შეაგორა. აქ ყველას თავდამსხმელთა დასახმარებლად ჩასულმა იობაშვილმა დაასწრო და ვარდნაში ზუსტად შესრულებული დარტყმით, რუსთაველთა კარის ბადე შეარხია – 1:0.

ტაიმის დასრულებამდე, მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. ლომიას გამჭოლ გადაცემას ბანებამ თავით მიმართულება შეუცვალა, თუმცა კამერუნელი ლეგიონერის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა სახიფათო მომენტებით გაცილებით მწირი აღმოჩნდა. თუ არ ჩავთვლით ღონღაძისა და ფიფიას უშედეგო დარტყმებს, მატჩის ბოლომდე, აღსანიშნავი აღარაფერი მომხდარა.

მოედანზე სიტუაცია 87-ე წუთზე დაიძაბა. მარტვილელთა ერთ-ერთი შეტევისას, შეცვლაზე შესული ტორონჯაძის წინააღმდეგ რაზმაძემ სახიფათოდ ითამაშა და ბურთზე ბრძოლისას მეტოქეს ფეხი სახეში მოარტყა. არბიტრმა თამაში გააჩერა, რუსთაველები დააჯარიმა და რაზმაძისთვის ყვითელი ბარათის მიცემა დააპირა. როგორც ჩანს ამ დროს გაახსენდა, რომ ეს რუსთაველი ფეხბურთელისთვის მეორე გაფრთხილება და შესაბამისად, გაძევება იქნებოდა, ამიტომ ჯიბისკენ წაღებული ხელი უკან დააბრუნა და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, რასაც მარტვილელი ფეხბურთელების და მატჩზე დამსწრე გულშემატკივრების სამართლიანი გულისწყრომა მოჰყვა.

ამის შემდეგ, რუსთაველები უკანასკნელ შტურმზე გადავიდნენ და მატჩის მიწურულს ფიფიას და შეცვლაზე შესულ გეწაძეს თანაფარდობის აღდგენაც მართებდათ, თუმცა რუსთაველი ფეხბურთელების მცდელობა ორივეჯერ უშედეგო გამოდგა.

მატჩის ბოლოს, მოვლენების ეპიცენტრში ისევ ხუჭუა აღმოჩნდა. არბიტრმა შეხვედრას სამი წუთი დაამატა, რაც სათადარიგო მსაჯმა გამოტანილი ტაბლოთი გვამცნო. დამატებული პირველი წუთი მიმდინარეობდა, როცა შეტევაში ჩართული გავაშელიშვილი საჯარიმოს მისადგომებთან მეტოქე მცველებთან ჭიდილში გაზონზე გართხმული აღმოჩნდა. რუსთაველები ჯარიმას ითხოვდნენ, არბიტრმა კი თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც სტუმართა გუნდის ფეხბურთელები განარისხა.

ამ მომენტიდან ცოტა ხანში, ხუჭუამ საფინალო სასტვენი მისცა, რამაც რუსთაველთა გუნდის ხელმძღვანელობა წყობიდან საბოლოოდ გამოიყვანა, რამეთუ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ არბიტრმა თამაშს, ნაჩვენები სამი წუთის ნაცვლად მხოლოდ ორი დაამატა და შეხვედრა ერთი წუთით ადრე დაამთავრა. საბოლოოდ, ადგილობრივი სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ, მალე ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

მალხაზ ჟვანია (,,მერანი”) - ,,ძალიან დაძაბული და სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ჩვენ უკანდასახევი გზა არ გვქონდა. ბიჭებმა მოინდომეს. რამდენიმე საგოლე მომენტიც შევქმენით, რომელთაგანც ერთი გამოვიყენეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.”

გიორგი ყიფიანი (,,მეტალურგი”) - ,,მე მარტვილელთა გუნდის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მითუმეტეს ამ გუნდში ბევრი მეგობარიც მყავს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას – ასეთ მინდორზე თამაში არ შეიძლება. ეს ყველაფერი ფედერაციამ უნდა გაითვალისწინოს. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, სანამ ფეხბურთში ხუჭუასნაირი არბიტრები იქნებიან, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.”

,,მერანი” (მარტვილი) - ,,მეტალურგი” (რუსთავი)  1:0 (1:0)
27 აპრილი. მარტვილი. ცენტრალური. 16:00 სთ. 800 მაყურებელი 

,,მერანი”:  შეროზია, იობაშვილი, ლ. ღონღაძე, ხუბუა, ქარქუზაშვილი, დიდავა (კ), ბუკია, კუჭუხიძე (ტორონჯაძე 55), ს. ლომია (შარვაძე 63), ბანება (ზაქრაძე 76), მელიავა;

მთავარი მწვრთნელი:  მალხაზ ჟვანია

,, მეტალურგი ”:  ალავიძე, ჯაფარიძე, გავაშელიშვილი, რაზმაძე (კ), ინწკირველი, სუხიაშვილი (გეწაძე 67), დობროვოლსკი (ხაბელაშვილი 78), ფიფია, ქავთარაძე (დ. საჯაია 46), სიხარულიძე, ახალკაცი;

მთავარი მწვრთნელი:  გიორგი ყიფიანი 

გოლები: 1:0 იობაშვილი (34);

გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (11), რაზმაძე (16), სუხიაშვილი (42), შეროზოა (90+2);

არბიტრი: თემურ ხუჭუა

 

 

0.114724