სტატიები

19:14 | 22.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

არასოდეს არაა გვიან

ეს სტატია მხოლოდ ერთ ფეხბურთელს არ ეხება, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაგალითად მისი კარიერა უნდა მოვიყვანოთ. გაიხსენეთ ალეკო ამისულაშვილი ხუთი-ექვსი წლის წინ. უკრაინაში სრული ჩავარდნის შემდეგ, ის თბილისის “დინამოში” დაბრუნდა და დანიის “ბრონდბიუსთან” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოო მატჩში, 30-ე წუთზე, ორი ყვითელი ბარათისთვის გააძევეს. ისიც ითქვა, ეს ვინ ყოფილა, საიდან მოიყვანეს, ფეხბურთის გაგებაში არააო... არადა, ალეკო ყმაწვილობაში ძლიერი იყო, უკრაინაში ვერ აიწყო კარიერა. 

საით მიგვყავს საუბარი? თურმე, არასოდეს არაა გვიან. ამისულაშვილმა შარშან მთელ თურქეთში დაიგდო სახელი, ხოლო რუსეთში ხომ იცნობენ და იცნობენ. “ამისულა” უკვე 28 წლისაა და ახლაა ფორმის პიკში, ახლა გააფორმა ყველაზე სარფიანი კონტრაქტი. “კაისერისპორის” მწვრთნელმა, შოთა არველაძემ არ დამალა, ალეკოს სხვა გუნდებიც აკვირდებოდნენო. ზამთრის შესვენებაზე სულაც ტაციაობა ყოფილა. “კრასნოდარმა” დაახლოებით 3 მილიონი ევრო გადაუხადა თურქებს, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი... ერთ-ერთ არაოფიციალურ თურქულ გამოცემაში ამოვიკითხეთ, რომ “ამისულა” კრასნოდარში 2,5-ჯერ მეტ ჯამაგირს მიიღებს, ვიდრე ანატოლიაში ჰქონდა.
რით მიაღწია თელაველმა ბიჭმა ამდენს? მხოლოდ ნიჭი არაა. “ქეთო და კოტეს” გმირის, თავადი ლევანისა არ იყოს, მოთმინება, მოთმინება... როცა ალეკო უკვე ჩამოწერილი ფეხბურთელი ეგონათ, მაშინ აუყვა აღმართს. ეს აღმართი კი პატარა საქართველოსთვის განსაკუთრებით ციცაბოა, რადგან ზოგადად, უცხოური კლუბის სკაუტი ქართველ ფეხბურთელს რომ გაიგონებს, მაშინვე კითხულობს – ახალგაზრდაა? ზრდასრული ქართველი  უკვე ჩამოფასებულია. ამისულაშვილმა პირიქით დაგვანახა. თურმე, 28 წლის ფეხბურთელსაც შეუძლია მსუყე კონტრაქტზე ხელის გამოკვრა. ამით მან მაგალითი მისცა იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც ციცაბოს კი არ მიუყვებიან, დაღმართზე ეშვებიან.
არა მარტო ამისულაშვილი, ლადო დვალიშვილი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ვერ ხვდებოდა, 21-წლამდელებშიც იშვიათად ეძახოდნენ, მაგრამ, აბა, გავიხედოთ, დღეს სადაა ლადო და სად არიან ის ბიჭები, ლადოს რომ სჯობდნენ.
ის, რომ დღეს 17 წლის ბიჭი დაფრინავს, არ ნიშნავს, რომ დიდ კარიერას აიწყობს და პირიქით, 28 წლის ფეხბურთელი რომ ბრწყინავს, არ ნიშნავს, რომ ადრეც ბურთს “ღეჭავდა”. რა თქმა უნდა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ დოგმა ნამდვილად არაა.
ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ქართველი რომელიმე გუნდში გასინჯვაზე მიდის, იქ კი ან იწუნებენ, ან აგენტი აგდებულ ქვას თავს უშვერს და ფულზე ვერ თანხმდებიან. ფეხბურთელი გაწბილებული ბრუნდება უკან, ისმენს ქილიკს, ღვარძლიან და ბოღმიან საუბრებს. ფეხბურთელს ან ჰყოფნის ნერვები, ან არა. ან ითმენს, ან ფსიქოლოგიურად ეცემა.
საკუთარ თავს ჩააგონებ, რომ ძლიერი ხარ? ამისულაშვილივით ოცდაათს მიტანებულს დაგიფასდება. თურმე, არასოდეს არაა გვიან...

ილია ნანობაშვილი        

0.119189