ბრაზილიური მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ნაადრევად დასრულდა – ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) რიო დე ჟანეიროს ტატამზე მხოლოდ ორჯერ გავიდა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში სატურნირო ბადეში 66 მონაწილე ჩაეწერა და შეხვედრები სამოცდამეოთხედფინალით დაიწყო. შავდათუაშვილი კი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და პირველი მეტოქე – ჩრდილოკორეელი იონგ სიკ ჩოე ჩვეული გააზრებული და უშეცდომო ჭიდაობით, აუღელვებლად ჩამოიცილა. საწყის ორწუთნახევარში ლაშამ ორი იუკოდ შეფასებული გდება შეასრულა. საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე კი მეტოქეს პასიურობისთვის მეოთხე შიდო მიაღებინა და იპონიც გაიფორმა.
მეორე მოწინააღმდეგე ბრიტანელი კოლინ ოუტსი იყო, ვისაც შავდათუაშვილმა შარშან ზაფხულში, ლონდონის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ოქროს დროში შებოჭვით მოუგო. ამჯერად ოუტსმა სრულფასოვანი რევანში აიღო, მეოთხე წუთის მიწურულს შესრულებული სუფთა გდებით. იმ ეპიზოდში ლაშა შავდათუაშვილი წამიერად მოდუნდა. ოუტსის ილეთამდე რამდენიმე წამით ადრე მსაჯისგან მესამე შიდო მიიღო, რამაც აშკარად დააბნია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მესამე გაფრთხილება აბსოლუტურად უსამართლო იყო, ისევე,როგორც მეორე. პირველივე წუთიდან ჭიდაობა შავდათუაშვილს მიჰყავდა. მსაჯი კი რატომღაც მას სჯიდა პასიურობის გამო. ეს იმდენად აშკარად გამოჩნდა, არ შევცდებით, წამიერი მოდუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ცუდ მსაჯობას თუ დავასახელებთ. თუმცა ამით ოლიმპიური ჩემპიონის გამართლებას არანაირად არ ვცდილობთ. უმაღლესი კლასის სპორტსმენი ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც მომზადებული უნდა შეხვდეს.
კოლინ ოუტსმა შავდათუაშვილამდე მსოფლიოს პირველობას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2010 და 2011 წლები – 60 კილოგრამი წონითი კატეგორია), უზბეკი რიშოდ სობიროვი გამოთიშა. საწყის ეტაპზე კიდევ არაერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. შეჯიბრებას პირველივე შეხვედრის წაგებით გამოეთიშნენ მსოფლიოს რეიტინგის ლიდერები და შესაბამისად, ჩემპიონატზე პირველ-მეორე ნომრად განთესილი მონღოლი ტუმურხულეგ დავაადორჟი და ფრანგი დავიდ ლაროში. დავაადორჟს მსოფლიოს (2009) და ევროპის (2011) ჩემპიონმა, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიამ მოუგო. შეგახსენებთ, ზანთარაიამ ორივე ნახსენები ტიტული 60 კილოგრამში ჭიდაობისას მოიპოვა. ლაროში კი უტიტულო პოლონელ პაველ ზაგროდნიკთან დამარცხდა.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იაპონელი მასაში ებინუმა ავიტა, რომელიც ბრაზილიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ჭიდაობდა. ფინალში ებინუმამ ყაზახი აზამატ მუკანოვი დაამარცხა. სწორედ მუკანოვმა დაასრულებინა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი ზანთარაიას, ნახევარფინალში.
28 აგვისტოს მედლები მამაკაცთა შორის 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო ქალებში – 57 კილოგრამში. საქართველოს სახელით ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი იჭიდავებენ
ტატალაშვილი პირველ წრეში ჩილელ ტომას ბრინგასს დაეჭიდება. გამარჯვების შემთხვევაში კი უნგრელ ატილა უნგვარს შეხვდება. რეხვიაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ დომინიკელი ფაუსტო ბივიეცა ეყოლება. ამ წყვილიდან გასული მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრ მურატ კოძოკოვსა და იტალიელ ანდრეა რეგისს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
რიო დე ჟანეირო
27 აგვისტო
კაცები
66 კგ
1 მასაში ებინუმა (იაპონია)
2 აზამატ მუკანოვი (ყაზახეთი)
3 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
3 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)
ქალები
52 კგ
1 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)
2 ერიკა მირანდა (ბრაზილია)
3 მარინ კრაე (გერმანია)
3 იუკი ჰაშიმოტო (იაპონია)