საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია სავარაუდოდ ისევ ნაკრებს ჩაიბარებს. ინფორმაცია, რომელიც სამშაბათს საჭიდაო კულუარებში გავრცელდა, ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, მაგრამ მოარული ხმებით, საკითხი უკვე გადაწყვეტილია და წერტილი უახლოეს მომავალში დაესმება.
დიდი ალბათობით, ყველაფერი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე გადაწყდა, რომელიც ორშაბათ საღამოს, მას-მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.
“მსოფლიო სპორტმა” სიტუაციაში გასარკვევად ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს მიმართა, მაგრამ მან ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.
“უახლოეს დღეებში ბრიფინგს ჩავატარებთ და ყველაფერს იქ მოგახსენებთ” – გვითხრა კურტანიძემ.
დაბოლოს, ისევ ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაცია: ბეგი დარჩიას ნაკრების გაწვრთნაში ეროვნული გუნდის ექსთავკაცი ოთარ ტატიშვილი, ზაზა ჯიბლაძე და ბადრი ხასაია დაეხმარებიან. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კვლავ რევაზ მინდორაშვილი იქნება, რომელსაც ისევ დავით პოღოსიანი და ალექსანდრე კახნიაშვილი გაუწევენ ასისტენტობას. მათ გარდა, სამწვრთნელო შტაბს უკრაინიდან დაბრუნებული გურამ მჭედლიძეც შეუერთდება.