ბლოგი

11:36 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

არამკითხეთა დიქტატურა

მას შემდეგ, რაც ერში ჩაბუდებული არამკითხეების საერთო მოთხოვნითა და სურვილით, საქართველოში ფეხბურთის თამაში აიკრძალა და ფეხბურთის ხსენებისათვის დიდი ჯარიმები დაწესდა, ფეხბურთის მოყვარულმა ფანატიკოსებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს. პოლიციელები ლამის ყოველდღე აპატიმრებდნენ ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთის ბუცებს, ბურთებსა და სხვადასხვა საფეხბურთო ამუნიციას მალავდნენ. ასევე კანონგარეშედ გამოცხადდა საფეხბურთო მწვრთნელის პროფესიაც და მწვრთნელებს წინადადება მიეცათ, რომ სხვა სფეროში ეცადათ ბედი.

ქვეყანაში ფეხბურთის აკრძალვის პირველ წლებში ძველებურად ხორციელდებოდა ტელეტრანსლაციები და ფეხბურთის მოყვარულებს (რომლებსაც არამკითხეები დაცინვით “გამოფეხბურთებულებს” ეძახდნენ) შეეძლოთ უცხოური კლუბებისა და ნაკრებების თამაშის ცქერით, უფეხბურთობის დარდი მოეკლათ. მაგრამ შემდეგ, ფეხბურთის ამკრძალავთა (საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების მანძილზე დაჟინებით ითხოვდნენ ფეხბურთის აკრძალვას და “ფეხბურთში ჩადებული ფულის” სპორტის სხვა სახეობებზე გადანაწილებას) კატეგორული მოთხოვნით – უცხოური ფეხბურთის ცქერით თამაშის სურვილი ქართველებსაც უჩნდებათო  - ფეხბურთის ცქერა ტელევიზიითაც აიკრძალა. ამას მოჰყვა საფეხბურთო ინტერნეტ-საიტების დაბლოკვა და სპორტული გაზეთებიდან ფეხბურთის, როგორც სახეობის გაქრობა. ასევე ჯარიმა დაწესდა ძველი ქართველი ფეხბურთელების ხსენებაზეც. მაგალითად, თუკი ადამიანი მიშა მესხს ახსენებდა, უნდა დაემატებინა, რომ მსახიობ მიშა მესხზე ჰქონდა საუბარი და არა იმ “სხვა” მესხზე.

როდესაც ფეხბურთის თამაში აიკრძალა, თავიდან ეს არამკითხეები და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფნი რასაკვირველია ელოდნენ, რომ “ფეხბურთში ჩადებული ფულით” ქართული ძიუდო და რაგბი აყვავდებოდა. მაგრამ ძალიან გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ეს “ჩადებული ფული” ვერსად აღმოაჩინეს. მაგრამ არამკითხე რისი არამკითხე იქნებოდა, იხტიბარს რომ იტეხდეს? მათ მაინც ძველებურად გააგრძელეს ფეხბურთის კრულვა და საზოგადოებას დღენიადაგ ახსენებდნენ, რომ სწორედ მათი დიდი დამსახურება იყო, ფეხბურთის (როგორც ერის მორალურად დაბლა დამცემი სპორტის სახეობის) აკრძალვა.

ტელე-დებატებში არამკითხეები ხშირად ამბობდნენ ასეთ სიტყვებს: ”ჩვენ ქართული სპორტი ეროვნულ საწყისებზე უნდა დავაფუძნოთ და ეროვნულობაში ფეხბურთის ადგილი არაა”, ”რასაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თამაშობდა, ეს იყო დავით აღმაშენებლის, თამარის, დავით ულუსა და ნარინის, არჩილ მეფისა და თვით დიადი პეტრე ბაგრატიონის სულის შეურაწყოფა”, “ჩვენ ჯერ კიდევ როდის ვამბობდით, რომ ფეხბურთი ჩვენი საქმე არაა და რაგბის უნდა “მივაწვეთო” და მისთანანი...

ამასობაში, საქართველოს საზღვრებს გარეთ გასულ ქართველებს ქვეყანაში ჩუმად შემოჰქონდათ ინფორმაცია, რომ სომხეთის ნაკრები თურმე ევროპის ჩემპიონატზე გასულა, ბაქოს “ბაკის” კი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გაუღწევია. ასეთ ამბებს არამკითხეები რასაკვირველია საგულდაგულოდ მალავდნენ და ყველაფერს უცხოეთიდან შემოგდებულ სიბინძურედ და ერის გარყვნის მცდელობად აფასებდნენ. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფეხბურთზე მოლაპარაკე ხალხისათვის ენის ამოგლეჯას და ყოფილ ეროვნულ სტადიონზე მათ საჯაროდ გამათრახებას ითხოვდნენ. ყოფილ ეროვნულ სტადიონზე არამკითხეების მოთხოვნითა და სურვილით, ბალახის ჰოკეისტთა და კრიკეტისტთა კლუბები იყო ჩამოყალიბებული. სტადიონს კი ცნობილი ქართველი მოკრიკეტეს, ბეჟან ხვარამზეშვილის სახელი ეწოდა.

აკრძალვების მიუხედავად, ფეხბურთის მოყვარულები რომის იმპერიისდროინდელი ქრისტიანებივით ჩუმად კატაკომბებში იკრიბებოდნენ. საუბრობდნენ ფეხბურთზე და მიუხედავად იმისა, რომ კატაკომებებში ბნელოდა, ხანდახან ბურთსაც აგორებდნენ. აგორებდნენ და დარდით იხსენებდნენ იმ დროს, სანამ მათი ბედი არამკითხების გადასაწყვეტი გახდებოდა. მხოლოდ დარდი და გახსენებაღა შეეძლოთ... 

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.192798
სარეკლამო ადგილი - 99
X x X