საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ლევან არაბულმა (120 კგ) ხორვატიის ქალაქ ზაგრებში დღეს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინელი ჰუოვინენი, უნგრელი ლამი და ბულგარელი მეტოდიევი ორ-ორ სეტში ჩამოიშორა და ფინალში გერმანელ იონს დაეჭიდა. პირველი სეტი მასაც იოლად მოუგო – 6:0, მაგრამ მერე უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.
84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რობერტ ქობლიაშვილმა ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი მერვედფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს კოძოკოვთან წაგებით. ხოლო რეპეშაჟში უკრაინელ ბლიუმინსა და ავსტრიელ გასტლს მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღესვე ხორვატიულ ხალიჩაზე რამაზ სურმანიძე (55 კგ) და გიორგი დავითაიაც (66 კგ) გავიდნენ. სურმანიძე ევროპირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა, თურქ ბესკარდესლერთან მარცხით. დავითაიამ ტურნირზე გამოსვლა მეოთხედფინალში, რუს მანტისიგოვთან დაასრულა. იქამდე კი რუმინელი მოტოისა და გერმანელი ვონ ტუგინგერისთვის მოგება მოასწრო.
შეგახსენებთ, ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს – 23 ივნისს იაკობ ქაჯაიამ (96 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ზაგრები
23-24 ივნისი
50 კგ
1 კარატაში (თურქეთი)
2 ლაბაზანოვი (რუსეთი)
3 ცარიუკი (ისრაელი)
3 ბაზაროვი (აზერბაიჯანი)
5 სანიკიანი (საქართველო)
55 კგ
1 ღარიბიანი (სომხეთი)
2 გულიევი (აზერბაიჯანი)
3 ოზაი (საფრანგეთი)
3 ჩიობანუ (მოლდოვა)
60 კგ
1 სულეიმანოვი (რუსეთი)
2 პიკუზა (ბელარუსი)
3 დაგისი (ლიტვა)
3 მამულატი (მოლდოვა)
5 წულუკიძე (საქართველო)
66 კგ
1 ეტლინგერი (ხორვატია)
2 ალიევი (აზერბაიჯანი)
3 კოსლა (პოლონეთი)
3 პინკოვი (უკრაინა)
74 კგ
1 ჩარაეივი (რუსეთი)
2 კილუ (ბელარუსი)
3 ერტუგანოვი (აზერბაიჯანი)
3 კულინიცი (პოლონეთი)
84 კგ
1 კოძოკოვი (რუსეთი)
2 დობრევი (ბულგარეთი)
3 ქობლიაშვილი (საქართველო)
3 ალიევი (აზერბაიჯანი)
96 კგ
1 ევლოევი (რუსეთი)
2 ბალდაუფი (ნორვეგია)
3 იაკობ ქაჯაია (საქართველო)
3 დემირჩი (თურქეთი)
120 კგ
1 იონი (გერმანია)
2 არაბული (საქართველო)
3 ლამი (უნგრეთი)
3 არსლანი (თურქეთი)
ოთარ მაღლაკელიძე