მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე (2379) გოგონათა შორის საუკეთესო რეიტინგის (2434) მქონე რუს ალინა კაშლინსკაიას დაუპირისპირდა და შავი ფიგურებით ყაიმი გააფორმა.
შედეგად, მერიმ კიდევ სამი მონაწილის დარად 7.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. 8.0 ქულით ერთპიროვნული ლიდერი რუმინელი ირინა ბულმაგაა (2387), რომელსაც 0.5 ქულით პერუელი დეისი კორი (2433) და რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2418) ჩამორჩებიან.
მე-11 ტურში კორი და გორიაჩკინა სწორედ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ბულმაგა ინდოელ პადმინის (2312) გაეჯიბრება, ხოლო არაბიძე თეთრი ფიგურებით 7.0 ქულის მქონე ინდონეზიელ აულია ვარდა მედინას (2301) ეთამაშება.
გასულ ტურში თეთრებით ლიტველ ზივილე ურბონავიჩიუტეს (1826) სწლია ანა კუჭავამ (2092), რომელიც 5.0 ქულით 39-ე პოზიციაზე დამკვიდრდა. მომდევნო ტურში ქართველი გოგონა შავი ფიგურებით რუს ვლადა სვირიდოვას (2063) დაუპირისპირდება.
ვაჟთა ტურნირის ერთადერთმა ქართველმა მონაწილე ზურაბ ჯავახაძემ (2457) თეთრებით შვეიცარიის სახელით მოთამაშე ნიკო გეორგიადიის (2396) აჯობა და 6.0 ქულით 25-ე ადგილს უწია. მე-11 ტურში ჯავახაძე შავი ფიგურებით ძალებს ჩინელ იიე ვანგთან (2258) მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის ქალაქ ქოჯაელში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე 13 ტური უნდა გაიმართოს, შეჯიბრი კი 26 სექტემბერს დასრულდება.