ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, გოგონათა ტურნირში 7.5 ქულით რუმინელი ირინა ბულმაგა (2387) დაწინაურდა, რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2418) 7.0 ქულა გააჩნია, შემდეგ კი 4 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომელთა შორის ქართველი მერი არაბიძეცაა.
არაბიძემ ბოლო 2 პარტია ყაიმით დაასრულა და თავი 6.5 ქულას მოუყარა. მერი ჯერ შავი ფიგურებით ლიდერ ბულმაგას დაუზავდა, რასაც თეთრებით ინდოელ რუტ პადმიტისთან (2312) ყაიმი მიაყოლა.
ქართველი გოგონა დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 ადგილზეა, მომდევნო პარტია კი შავი ფიგურებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ – ალინა კაშლინსკაიასთან (2434)
როგორც ვიუწყებოდით, გოგონა შეჯიბრში კიდევ ერთი ქართველი ანა კუჭავაც (2092) გახლავთ ჩართული, რომელსაც 9 ტურის თავზე 4.0 ქულა გააჩნია და 45-ე საფეხურზე იმყოფება. ანამ გასული 2 პარტია წააგო, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კი ლიტველი ზივილე ურბონავიჩიუტე (1826) იქნება.
ვაჟთა ტურნირში 5.0 ქულით 37-ე ადგილი უკავია ზურაბ ჯავახაძეს (2457), რომელსაც მე-6 ტურის შემდეგ არ მოუგია. მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით შვეიცარიის სახელით მოთამაშე ნიკო გეორგიადისს (2396) დაუპირისპირდება.