რაგბი

10:56 | 19.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

არ შევრცხვეთ ლაპასეს თვალში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შაბათს, 22 თებერვალს, 2014 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მატჩი ელის რუსეთის წინააღმდეგ.

ეს არ იქნება ერთი ჩვეულებრივი თამაში, რადგან გამარჯვების შემთხვევაში “ბორჯღალოსნები” ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასზე მონაწილეობას დაიბევებენ და დარჩენილ ორ ტურში გასარკვევი ისღა იქნება, თუ რომელ ჯგუფში მოხვდებიან მილტონ ჰეიგის შეგირდები. სწორედ ამიტომ, თბილისს ეწვევა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ბერნარდ ლაპასე და ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ კარგ თამაშთან ერთად ტრიბუნაზე გულშემატკივართა ქცევაც სამაგალითო, რაგბის ტრადიციებისთვის დამახასიათებელი იყოს.

ყველასთვის ცნობილ მიზეზთა გამო, ძალიან ძნელია, ქართველ კაცს მოუწოდო, რომ რუსეთის ჰიმნს (საბჭოთა კავშირის ჰიმნს) არ უსტვინო, მაგრამ მთელი რაგბის კავშირის, თავად მორაგბეების თხოვნაა, რომ მსგავსი რამ მაინც არ მოხდეს, რადგან იმ რუს მორაგბეებს, რომლებიც მოედანზე გავლენ, ქართველებისთვის არაფერი დაუშავებიათ. უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის რაგბის კავშირი ერთადერთი იყო, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, საკუთარი მთავრობის ქმედების გამო ბოდიში მოიხადა და ქართველებს თანადგომა აღუთქვა.

რომ არა ასეთი პოლიტიკური ფონი, რომლისგან თავის დაღწევაც ვერ ხერხდება, ეს ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მატჩია, რომელსაც ქართველი მორაგბეები აუცილებლად მოიგებენ. “ბორჯღალოსნები” რუსეთთან ერთადერთხელ, 1993 წელს დამარცხდნენ, მას შემდეგ მეტოქე 15-ჯერ დაამარცხეს და ერთი თამაში, 2002 წელს თბილისში, “ბორის პაიჭაძეზე” ფრედ დაასრულეს.

მომავალი თამაში 17 საათზე დაიწყება, ბილეთები უკვე იყიდება სტადიონის სალაროებში და მათი ფასი 3 და 5 ლარია.

გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “მინდა ვაცნობო ჩვენს გულშემატკივრებს, რომ მომავალ მატჩს რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარდ ლაპასე დაესწრება. სტადიონზე იქნებიან სხვა სტუმრებიც. ეს ადამიანები ყველაფერს ყურადღებით დააკვირდებიან და ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი. ქართველებს სტუმართმოყვარეობა სისხლში გვაქვს გამჯდარი. ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით? ვეთამაშებით ბიჭებს, ღირსეულ კაცებს, ჩვენი ბიჭების მეგობრებს, რომლებთანაც ომი მიდის მოედანზე, ხოლო მის მიღმა ქართველ და რუს მორაგბეებს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ და დაგვიჯერეთ, ისინი ძალიან ღირსეული ადამიანები არიან”.

თედო ზიბზიბაძე: მომავალი თამაშისთვის მზადება ორშაბათიდან დავიწყეთ და ვფიქრობ, რუსეთთან სათამაშოდ სრულ მზადყოფნაში ვიქნებით. ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე გვაკლია, მაგრამ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს და გვსურს, რომ შაბათს გულშემატკივარს კარგი, ლამაზი თამაში ვაჩვენოთ.

-       რუსეთის ნაკრები ბოლო ორ თამაშში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ეს ჩვენს მოდუნებას ხომ არ გამოიწვევს?

-       რუსეთის ნაკრების ბოლო ორი თამაში ვნახეთ და მართლაც სუსტად გამოიყურებიან, მაგრამ ჩვენ ამით კონცენტრაცია არ დაგვიკარგავს და მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით. რუსეთთან ყოველთვის დაძაბული თამაშები გვაქვს და ახლაც ისე გავალთ მოედანზე, როგორც ყოველთვის.

-       ანუ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თბილისური 46:0 გაუმჯობესდება?

-       ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია. რომ გავალთ მოედანზე, მერე ვნახავთ როგორ განვითარდება მოვლენები და შედეგიც ამის მიხედვით დადგება.

-       გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობას გაინაღდებს.

-       დიახ და უმთავრესი მიზანიც სწორედ ესაა, მაგრამ თუ თამაში პრემიალური ქულის აღების საშუალებას მოგვცემს, ამაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მსოფლიო თასზე გასვლა, არამედ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა, რათა ინგლისში ახალი ზელანდიის ჯგუფში მოვხვდეთ.

-       რუსეთთან მატჩს ქართველი გულშემატკივარი მუდამ განსაკუთრებულად ელოდება.

-       გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და სტადიონი შეავსონ, მაგრამ მხარდაჭერისას მეტოქის მიმართ კორექტულები იყვნენ. კარგი იქნება, თუ ბოთლების სროლისგან და შეურაცხმყოფელი შეძახილებისგან თავს შეიკავებენ და ჩვენი თამაშით მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებენ.

 

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელე”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), გივი ბერიშვილი (“ლოკომოტივი”, თბილისი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“ლიონი”, საფრანგეთი), გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), გიორგი ბეგაძე (“ყოჩები”, თბილისი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), ლაშა მალაღურაძე (“ბანიერი”, საფრანგეთი), მერაბ კვირიკაშვილი (“ვიენი”, საფრანგეთი), დავით კაჭარავა (“ენისეი”, რუსეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), გიორგი შკინინი (“არმია”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ბურგ-ან-ბრესი”, საფრანგეთი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

 

2014 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

მეორე წრე. მესამე ტური

22 თებერვალი

საქართველო - რუსეთი

რუმინეთი - ესპანეთი

ბელგია - პორტუგალია

 

1              საქართველო          7        6        1          0         204-70           28
2 რუმინეთი 7 6 1 0 172-68 28
3 რუსეთი 7 4 0 3 141-175 18
4 ესპანეთი 7 1 2 4 108-163 10
5 პორტუგალია 7 1 1 5 84-154 7
6 ბელგია 7 0 1 6 98-177 6

 

0.115591