19-წლამდელთა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისწინა მღელვარებამ და განწყობამ უკვე ყველა და ყველაფერი მოიცვა. სასტუმრო Park Inn Radisson-ში დილიდან აქტიურობა იყო. უკვე ჩამოვიდნენ უეფას ოფიციალური პირები, დელეგაციები, სტუმრები...
13:00 საათამდე, სანამ გუნდების მწვრთნელების პრესკონფერენციები დაიწყებოდა, ჩემპიონატის თასი მოიტანეს და მწვრთნელებთან ერთად ფოტოსესიებიც გაიმართა. შემდეგ კი, როგორც უკვე ვთქვით, ნაკრებთა თავკაცები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პრესკონფერენცია ჩვენი ჯგუფის მწვრთნელების წარდგენითა და მათთან საუბრით დაიწყო – გია ცეცაძე, ოკან ბურუკი (თურქეთი), ფრანსის სმერეცკი (საფრანგეთი) და ლუბინკო დრულოვიჩი (სერბეთი).
მწვრთნელებმა ყველა შეკითხვას უპასუხეს და ორ საკითხზე ყველა შეთანხმდა, რომ პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს აქვს.
როცა ფრანგთა დამრიგებელს – ფრანსის სმერეცკის ჰკითხეს საქართველოს ნაკრების შესახებ და თუ რას აპირებს ხვალინდელ მატჩში, მან ხუმრობით უპასუხა, საქართველოს თამაშები ვნახეთ, გავაანალიზეთ და რაც შეეხება მათთან მატჩს, ძალიან გთხოვთ, ჩვენს ტაქტიკას და სტრატეგიას აქ ნუ მათქმევინებთო...
გია ცეცაძემ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“უპირველესად, მინდა მივესალმო ჩემს კოლეგებს და კიდევ ერთხელ გამოვთქვა დიდი სიხარული, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს თბილი დახვედრისთვის. ჩვენი აქ ყოფნა საშუალებას მისცემს ქართულ ფეხბურთს, განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ასე რომ, ეს ყველაფერი მთელი ჩვენი ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი.
ახალგაზრდულ ფეხბურთში ეს ძალიან ძლიერი ტურნირია და ვფიქრობ, ჩვენს ჯგუფში ყველას აქვს შანსი ნახევარფინალში გავიდეს. დარწმუნებული ვარ, ყველა თამაში საინტერესო იქნება და საქართველოს ნაკრები მზადაა ბრძოლისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს სამშობლოს და ხალხს სიხარული მოვუტანოთ.
რა თქმა უნდა, პირველი თამაში უაღრესად მნიშვნელოვანია და გამარჯვება ჩვენთვის იქნება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ნახევარფინალისკენ. ორი აზრი არ არსებობს, ძალიან რთული თამაში გვექნება. ვეცდებით, რომ მოწინააღმდეგეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს და არ მივცეთ თავიანთი პლიუსების გამოყენების საშუალება. მოკლედ, მათი კარგი თვისებები უნდა შევზღუდოთ და სუსტ წერტილებში დავარტყათ. ერთი ვიცი, რომ ხვალ საქართველოს ნაკრები კარგ ფეხბურთს ითამაშებს. აქცენტი, რასაკვირველია, შეტევაზე გაკეთდება.... ჩვენ სხვანაირად არ ვიცით და არ შეგვიძლია“ – განაცხადა ცეცაძემ.
ამის შემდეგ კი, საპრესკონფერენციო დარბაზი უკვე A ჯგუფის გუნდების – ჰოლანდიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ლიტვის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა დაიკავეს.
საღამოს, საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ღრუბლიანი და გრილი ამინდის თანხლებით ჩაატარა. მსუბუქი მოთელვის შემდეგ, ფეხბურთელები მწვრთნელებთან ერთად, კვლავ ტაქტიკური მონახაზების დახვეწას შეუდგნენ. ვარჯიში კარში დარტყმებითა და მინი-ორკარათი დასრულდა.
მაშ, ასე. 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. 20 ივლისი
სერბეთი - თურქეთი 18:00
საქართველო - საფრანგეთი (20:00. ალიტუსის სტადიონი)
ლიტვა - ჰოლანდია 19:30
ესპანეთი - პორტუგალია 22:15
საქართველოს ნაკრები ალიტუსში სადილის შემდეგ გაემგზავრება, რადგან წინ, დაახლოებით, ერთი საათის გზა
სფფ-ის პრესსამსახური
კაუნასი, ლიტვა