ცნობილია, რომ ლეგენდარული ესპანელი მეკარე რიკარდო ზამორა დღეში 3 კოლოფ სიგარეტს უღებდა ბოლოს, მარტო მატჩის 15-წუთიანი შეხვენებისას, სულ ცოტა, 2-3 ღერს უღებდა ბოლოს. ზამორა პირველი ფეხბურთელი იყო, რომლის სიგარეტთან კავშირი მთელ მსოფლიოში გახმაურდა, თუმცა მას შემდეგ იმდენნი იყვნენ... სწორედ მათზე იქნება ეს წერილი. განსაკუთრებულ მწეველებზე.
შოტლანდიელი ბილი ბრემნერი, რომელიც 70-იან წლებში “ლიდსის” საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ, პირდაპირ ფოტოკამერების წინ ქაჩავდა სიგარეტს. მანამდე, ლეგენდარულმა ალფრედო დი სტეფანომ მთელი კარიერა განვლო მოწევაში... 2000 წელს დაანება თავი, რადგან უკვე 74 წლისა იყო და ექიმებმა აუკრძალეს, ჯანმრთელობას მოუფრთხილდიო. არგენტინაში სიგარეტის ლიმიტირებული პარტიაც გამოვიდა დი სტეფანოს საპატივსაცემოდ, რომელსაც ასე ერქვა: “თეთრი ისარი” (როგორც დი სტეფანოს ეძახდნენ).
დიეგო მარადონა! მისთვის უბრალო სიგარეტი, აბა, რა დიდი ამბავი იყო. არგენტინელი კუბური სიგარის თაყვანისმცემელია. გასულ მუნდიალზე, მეოთხედფინალში გერმანიასთან მატჩის წინ, მარადონამ ერთ სიგარას ვარჯიშზე ბოლო მოუღო, რაზეც გერმანელთა მწვრთნელი ხუმრობდა. მიხაელ ბალაკიც გაოცებული იყო: “მსგავსი არაფერი მინახავს, კაცი ვარჯიშს ატარებდა და თან ეწეოდა”.
ზინედინ ზიდანი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, საფრანგეთის ნაკრების ბაზასთან მიმავალ ტერასაზე შეამჩნიეს სიგარეტით. მისი კომპანიონიც იქვე იყო – ფაბიენ ბარტეზი. “ზიზუს” იდეალი, ენცო ფრანჩესკოლიც სერიოზული მწეველი გახლდათ. ფრანჩესკოლი აღიარებდა, რომ 16 წლიდან უშვებდა კვამლს და ამის მიზეზი ის იყო, რომ გოგონებთან შეხვედრისას ძალიან ნერვიულობდა. ურუგვაელმა მინდორზე სიგარეტი საღეჭი რეზინით შეცვალა – სულ ღეჭავდა.
აწ გარდაცვლილი ბრაზილიელი სოკრატესი, როგორც იცით, ექიმიც იყო. ის სანიმუშო იყო მინდორზე, მაგრამ დიდი რეჟიმისტი არ ყოფილა – ბევრს ეწეოდა. ასევე, მავნე ჩვევა მოჭარბებულად ჰქონდათ ხორვატ რობერტ პროსინეჩკის, ბრაზილიელ რონალდოს...
ძალიან ბევრს ეწეოდა საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ექტორ კუპერი. “მალიორკასა” და “ვალენსიაში” მუშაობისას გეხსომებათ, ღერს ღერზე ახშობდა, თან ნერვიულად. ასევე, მოწევა უყვარდათ ხავიერ კლემენტეს, კარლო ანჩელოტის, ლუის არაგონესს, ლეო ბეენჰაკერს, მარჩელო ლიპის. ერთ-ერთი “საუკეთესო” გახლდათ არგენტინელი ლუის სესარ მენოტი – მწვრთნელი, რომელმაც 1978 წელს მუნდიალი მოაგებინა “ალბისელესტეს”.
თუმცა, სიგარეტის თემა იოჰან კრუიფის გარეშე? გულზე წამდაუწუმ პრობლემების გამო, ჰოლანდიელი როგორღაც შეეშვა ამ ჩვევას, მაგრამ მისი სიტყვები მრავლისმეტყველი იყო:
“ცხოვრებაში ორი მავნე ჩვევა მქონდა: მოწევა და ფეხბურთის თამაში. ფეხბურთი მავნე იყო ჩემი მეტოქეებისთვის, მაგრამ მე სწორედ ფეხბურთმა მომცა ყველაფერი. აი, სიგარეტმა კი ყველაფერი წამართვა”.
1991 წელს კრუიფი კლინიკაში მოხვდა გულის შეტევის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა. მთავარი მიზეზი – ნიკოტინის დიდი რაოდენობით მიღება. ექიმებმა “მფრინავ ჰოლანდიელს” კატეგორიულად აუკრძალეს ერთი ღერის მოწევაც კი, რამაც გაჭრა. კრუიფის ლაბადაში სიგარეტის კოლოფი “ჩუპა-ჩუპსმა” შეცვალა. სწორედ “ჩუპა-ჩუპსით” მოიგო 1992 წელს “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგა.
მანამდე? მანამდე კი კრუიფი ფილტრს მოატეხდა Camel-ს და ისე ეწეოდა.