ჭიდაობა

22:19 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

აპერკოტი ბერძნულ-რომაულად

 

გლდანის საჭიდაო დღეები ლოგიკურად დასრულდა – მსაჯების მისამართით მუქარისა და გინების მეოთხე დღეს უკმაყოფილო გულშემატკივრებმა ბოლოს და ბოლოს მუშტიც გაავარჯიშეს და ორი არბიტრი სცემეს. რა თქმა უნდა ისე, რომ დაცვის სამსახურის მხრიდან პატარა წინააღმდეგობაც არ შეხვედრიათ.

ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის მთავარ დარბაზში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ფინალურ ბლოკამდე საგანგაშო არაფერი მომხდარა, თუ უკვე “შეჩვეულ ჭირს” არ ჩავთვლით: მწვრთნელ-ქომაგების ლეიბზე საქმის გასარჩევად შევარდნებს და ტურნირის მომსახურე მსაჯების მიერ თავიანთი რეგიონების სპორტსმენთა ხმამაღალ ქომაგობას.

გადამწყვეტი ჭიდაობების დროს კი უკვე ნახსენები მუშტიკრივის გარდა საერთო სურათი მსაჯების დაპირისპირებამ და ერთმანეთის საცემად გაწევამ კიდევ უფრო “გაალამაზა”, საქმე დარტყმამდე არ მისულა. თამასას ამ ახალ სიმაღლემდე ასაწევად ალბათ ტურნირის კიდევ ერთი დღით გაგრძელება იქნებოდა საკმარისი, მაგრამ, საბედნიეროდ “საქართველოს ჩემპიონთა თასისთვის” განკუთვნილი ოთხი დღე დღეს ამოიწურა.

აურზაური 85 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალს მოჰყვა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ნაკრების გამოცდილი წევრი ვლადიმერ გეგეშიძე და ახალგაზრდებს შორის ევროპის სამგზის პრიზიორი რობერტ ქობლიაშვილი ხვდებოდნენ. მეორე პერიოდში, მაშინ როდესაც ანგარიში 2:2 იყო და ორივე მოჭიდავეს თითო გაფრთხილება ჰქონდა მიღებული, ბოლო ქულის ფაქტორის გამო წამგებიან პოზიციაში მყოფმა ქობლიაშვილმა მეტოქეს შედარებით აქტიურად შეუტია. ხალიჩის მსაჯმა გელაშვილმა “ოქროს ფასი” გაფრთხილების მიცემისგან თავი შეიკავა, რითაც მაყურებელთა დიდი ნაწილის გარდა რამდენიმე კოლეგაც გააღიზიანა. მსაჯების დაპირისპირების პარალელურად, ხალიჩის არბიტრის მისამართით ტრიბუნიდან სხვადასხვა ზომის და ფორმის საგნების სროლა დაიწყო. ერთმა ჩუბინმა გაარტყა კიდეც სამიზნეს. საფინალო სირენას კი გაცილებით დიდი აურზაური მოჰყვა და მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.

გამშველებელთა სიმრავლის მიუხედავად, ერთი “მოხალისე” მაინც შეძვრა მსაჯთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე და გელაშვილს ისეთი აპერკოტი დაჰკრა, ნებისმიერი მოკრივე მოაწერდა ხელს. დამრტყმელის დაუსჯელად დატოვებით გაგულისებული მაყურებლები საბოლოო შტურმზე გადავიდნენ და რომ არა ისევ სხვა მაყურებლების გარჯა, მსაჯთა მაგიდიდან ალბათ აღარაფერი დარჩებოდა. ამ აურზაურში რამდენიმე გაბრაზებულმა ერთი მსაჯი შეცდომით სცემა – ფინალის მომსახურე მაგიდის არბიტრი ეგონათ. ისიც მელოტი იყო და აერიათ.

მთავარი ტალღის გადავლის შემდეგ, ხელჩართული ჩხუბის ერთი-ორი კერა კიდევ გაჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ, უმალ ჩააცხრეს და ცოტა ხანში “საქართველოს ჩემპიონთა თასის” დასკვნითი ფინალიც გაიმართა ირაკლი ქაჯაიასა და შოთა გოგისვანიძეს შორის (130 კგ).

მას შემდეგ, რაც არენაზე გადმოსული ხალხის ტრიბუნაზე დაბრუნების იმედი ყველას გადაეწურა, ტურნირის ორგანიზატორებმა ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს – დარბაზის დაცვის თორმეტივე თანამშრომელი მთავარი ხალიჩის გარშემო დააყენეს. მძიმეწონოსანთა დაპირისპირება მხოლოდ ორ წუთს გაგრძელდა და გოგისვანიძის ტრავმის გამო მაშინ შეწყდა, როდესაც ქაჯაია ორი ქულით იგებდა – 4:2.

ამ ფინალს წინ 85 კილოგრამის ჩემპიონ-პრიზიორთა დაჯილდოვების ცერემონიალი უძღვოდა, რომელიც ვერცხლის პრიზიორ რობერტ ქობლიაშვილის გარეშე ჩატარდა.

დღესვე შიდა კონკურენციის ლიდერები 66 და 75 კილოგრამებშიც გამოვლინდნენ. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე უმთავრესი ფავორიტები, ნაკრების გამოცდილი წევრები რევაზ ლაშხი (66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ) ავიდნენ. ლაშხმა ფინალში ანტონ მამაგეიშვილთან მეორე რაუნდში გატეხა – 5:1 (პირველი პერიოდი 1:1), დათუნაშვილმა კი ილია გულბათაშვილს ორი ეფექტური 4-ქულიანი გდების შესასრულებლად წუთი და 17 წამი აკმარა.

75 კილოგრამში მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრების წევრი (71 კილოგრამში) მანუჩარ ცხადაიაც ჩაერთო, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩა. ძირითად ბადეში ნახევარფინალში გულბათაშვილთან 3:4 დამარცხდა, ხოლო რეპეშაჟის ფინალში გოგა აფრიამაშვილთან დაჭიდება აღარ მოისურვა.

“საქართველოს ჩემპიონთა თასის” საუკეთესო მოჭიდავეებით შემოდგომაზე ტაშკენტში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი ქართული შემადგენლობა დაკომპლექტდება. შიდა კონკურენციის ლიდერების გამოსავლენი მორიგი ტურნირი კი საქართველოს ჩემპიონატი იქნება, რომელიც სეზონის ბოლოს ჩატარდება. იმედია შედარებით უკეთეს პირობებში და მეტად ორგანიზებულად, ვიდრე გლდანის “ჩემპიონთა თასი”.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

“საქართველოს ჩემპიონთა თასი”

თბილისი

 

9 ივნისი

 

59 კგ

1 გოდერძი დავითაძე (აჭარა)

2 მირზა ვანაძე (აჭარა)

3 ხვიჩა ჩიტავა (სენაკი)

3 გიორგი მამნიაშვილი (გარდაბანი)

 

71 კგ

1 გიორგი ჯავახია (თბილისი)

2 მინდია წულუკიძე (აჭარა)

3 გიორგი ჯაში (ოზურგეთი)

3 მერაბ ქაჯაია (აჭარა)

 

80 კგ

1 გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)

2 ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა. ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)

3 ზურაბ ცინცაძე (ოზურგეთი)

3 თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)

 

98 კგ

1 ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი)

2 იოსებ ჯაბიძე (ბაღდადი. ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)

3 ნიკოლოზ კახელაშვილი (თბილისი)

3 ამირან ზარნაძე (თერჯოლა)

 

10 ივნისი

 

66 კგ

1 რევაზ ლაშხი (ბორჯომი)

2 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)

3 მარად აბულაძე (ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)

3 არჩილ თურმანიძე (აჭარა)

 

75 კგ

1 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

2 ილია გულბათაშვილი (თბილისი)

3 გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი. ოლიმპიური რეზერვების ცენტრი)

3 ლაშა ლოლაშვილი (თბილისი)

 

85 კგ

1 ვლადიმერ გეგეშიძე (აჭარა)

2 რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)

3 ლაშა იობაძე (ქუთაისი)

3 ვალერიან მურვანიძე (ოზურგეთი)

 

130 კგ

1 ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)

2 სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი)

3 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

3 ზურაბ გედეხაური (გარდაბანი)

0.625433