საბჭოთა კავშირის სამეკარეო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და ამ ფონზე, ანზორ კავაზაშვილი გამორჩეული გოლკიპერი იყო. სამწუხაროდ, ბათუმში დაბადებულმა და გაზრდილმა სპორტსმენმა, საქართველოს გუნდებში (თბილისის “დინამო”, ქუთაისის “ტორპედო”) მხოლოდ სამიოდე არასრული სეზონი ჩაატარა და თავისი საფეხბურთო ნიჭი ძირითადად მოსკოვურ კლუბებს შეალია. 12 წლის ასაკში ანზორმა მშობლიურ ბათუმში საფეხბურთო გუნდი “კიროვის ქუჩა” ჩამოაყალიბა, რომელმაც “ტყავის ბურთის” საკავშირო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. კავაზაშვილი თავიდან ფორვარდის პოზიციაზე გამოდიოდა, მაგრამ ბათუმის “ნორჩ დინამოელში” მეკარე ავად გახდა და ანზორის მწვრთნელმა ბორის ფროლოვმა (იგი წლების განმავლობაში იცავდა თბილისის “დინამოს” ღირსებას და საიმედო მცველიც იყო) შეგირდს კარში ჩადგომა სთხოვა. ახალ ამპლუაში დებიუტი ბრწყინვალე გამოდგა და მალე ანზორი აჭარის ჭაბუკთა ნაკრებში აიყვანეს. შემდეგ იყო ავტონომიური რესპუბლიკის ჩემპიონატი, ავტოტრანსპორტის კანტორის საფეხბურთო გუნდი და 16 წლის კავაზაშვილი თანატოლთა საკავშირო ნაკრებში მიიწვიეს. 1957 წელს იტალიაში ჩატარებულ ევროპის პირველობაზე, ანზორი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს. ცხადია, პერსპექტიული მეკარე თვალთახედვის არედან არც თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს ანდრო ჟორდანიას გამოჰპარვია და აპენინის ნახევარკუნძულიდან დაბრუნებისთანავე კავაზაშვილს თავის გუნდში უხმო. სამწუხაროდ, ანზორმა ჩვენ “დინამოში” ძალიან ცოტა ხანს იასპარეზა, ხოლო თუ რატომ დატოვა მან საქართველო და სათამაშოდ რუსეთში გადაბარგდა, ამას ვეტერანი მეკარის ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელშიც ბატონი ანზორი ქართველი გულშემატკივრებისთვის ბევრ სხვა საინტერესო ამბავზეც საუბრობს.
“1959 წლის სეზონის დასაწყისში სერგო კოტრიკაძემ ტრავმა მიიღო – იხსენებს ანზორ კავაზაშვილი – მწვრთნელებმა ნდობა გამომიცხადეს და ნებისმიერი ქართველის საოცნებო გუნდის კარის დაცვა მომანდეს. არ მინერვიულია, თავიდანვე კარგად და საიმედოდ ავთამაშდი და როდესაც სერგო მწყობრში ჩადგა, ძირითად შემადგენლობაში მაინც მე მაყენებდნენ. სამწუხაროდ, მალე ავად გავხდი და სასტარტოში დაბრუნებულმა კოტრიკაძემ ჩვეულ, მაღალ დონეზე თამაში განაახლა. ტრავმის მორჩენის შემდეგ, სათანადო ფორმაში ჩავდექი და ვთვლიდი, რომ მე და სერგოს “დინამოს” კარი მონაცვლეობით უნდა დაგვეცვა. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ერთი უბრალო ჭეშმარიტება არ მესმოდა – ძირითადი მეკარე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს. მწვრთნელებმა ეს საფეხბურთო პოსტულატი, ცხადია, იცოდნენ. მე აუცილებლად პირველი ნომრობა მსურდა, ამიტომაც თბილისიდან ავიბარგე.”
- ათწლეულების გადასახედიდან, ამ ნაბიჯს მცდარად თუ მიიჩნევთ?
- დიახ. ახალგაზრდა ვიყავი, ძარღვებში სისხლი მიდუღდა და აჩქარებული გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა, ერთი რამაც ფაქტია. სერგო კოტრიკაძე ძალიან კარგი მეკარე გახლდათ და მაღალ დონეზე ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მეკარისთვის კი სათადარიგოთა სკამზე დიდხანს შეყოვნება დამღუპველია. ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ ვლადიმირ ბელიაევმა, მოსკოვის “დინამოში” ლევ იაშინის დუბლიორობისას, საკუთარი პოტენციალის მინიმუმის გამომჟღავნებაც კი ვერ მოახერხა. არცაა გასაკვირი, მან ხომ საფეხბურთო კარიერის დიდი ნაწილი შემცვლელის რანგში გაატარა.
- საკუთარ სამეკარეო ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე რას გვეტყოდით?
- ღირსებებზე უმჯობესია იმ მცველებს ჰკითხოთ, რომლებთანაც ერთად გავდიოდი სათამაშოდ. თუკი ისინი იტყვიან, რომ მინდორზე ჩემთან ერთად ყოფნისას თავს მშვიდად გრძნობდნენ, ესე იგი საიმედოდ ვასპარეზობდი. ნაკლს რაც შეეხება, ამის თაობაზე თავის დროზე მწვრთნელებისთვის უნდა გეკითხათ.
- მაშინ ამ კითხვაზე მაინც გაგვეცით პასუხი – როგორი ტიპის დარტყმების განეიტრალება გიჭირდათ ყველაზე მეტად?
- ნებისმიერ მეკარეს ძალიან არ სიამოვნებს, როდესაც მისი კარის მიმართულებით მოწინააღმდეგე ბურთს მიწაზე დაუშვებლად ურტყამს. საბედნიეროდ, ფორვარდებისთვის ეს რთულად შესასრულებელი ელემენტია და მას დღესაც იშვიათად მიმართავენ.
- მეტოქე გუნდების თავდამსხმელთაგან, თქვენთვის ყველაზე მეტად უხერხული მოთამაშეები რომელი წინახაზელები იყვნენ?
- ვლადიმერ ბარქაია და იგორ ჩისლენკო. განსაკუთრებით, “სიომა” ბარქაია მსურს გამოვყო. იგი ყოველთვის კარისკენ იყო მომართული და ვერასდროს გამოიცნობდი, როდის გაგზავნიდა ბურთს კარის მიმართულებით. ბარქაია თამაშის განსაკუთრებული, მე ვიტყოდი, არისტოკრატული სტილით გამოირჩეოდა.
- საბჭოთა კავშირის ნაკრებსა და მოსკოვურ კლუბებში ასპარეზობისას, მრავალი მცველი გიწევდათ პარტნიორობას, ამასთან, მოწინააღმდეგეთა უკანახაზელთა ასპარეზობის შეფასების საშუალებაც გქონდათ. თუკი მწვრთნელი გუნდს ოთხი მცველით ათამაშებს, პირადად თქვენ, პარტნიორად რომელ კვარტეტს ამოარჩევთ?
- ბრაზილიელ ნილტონ სანტოსს, ინგლისელ რაიტს, გერმანელ შნელინგერსა და მურთაზ ხურცილავას. ცხადია, ამ ოთხეულის შეკრება არ მოხერხდება, არადა, როგორი ბრწყინვალე უკანა ხაზი გამოვიდოდა! ისე კი, საბჭოთა კავშირის ნაკრებში, მოსკოვის “ტორპედოსა” და “სპარტაკში” ბრწყინვალე პარტნიორები მყავდა და თუკი კარის “მშრალად შენახვას” ვახერხებდი, დიდწილად მათი დამსახურება გახლდათ. ცნობისთვის, საკავშირო გუნდში 29 მატჩი ჩავატარე და ამ შეხვედრებში მეტოქეებმა 19 გოლი გაიტანეს, რაც ჩემთვის ურიგო მაჩვენებელი სულაც არაა.
- მეკარემ მცველთა თამაშს უნდა უხელმძღვანელოს?
- რატომღაც ასე ჰგონიათ, ჩემი აზრით კი, ამ შემთხვევაში “უხელმძღვანელოს” არასწორი გამოთქმაა. გოლკიპერმა უკანახაზელთა მოქმედებას კოორდინაცია უნდა გაუწიოს. თუმცა, მცველი რომ ვიყო, სულაც არ მომინდებოდა ზურგსუკან ისეთი მეკარის ყოფნა, რომელიც მატჩის მსვლელობისას “ენას არ აჩერებს” და 90 წუთის განმავლობაში მითითებებს იძლევა.
- ბატონო ანზორ, ის გოლი თუ გახსოვთ, პელემ რომ გაგიტანათ?
- იმ ბურთს რა დამავიწყებს! პელემ მიმანიშნა, რომ ბურთს “ცაციათი” დაარტყამდა და მეც ამ მიმართულებით “ჩავწექი”. სანამ “ფეხბურთის მეფის” მინიშნების მიმართულებით მივფრინავდი, პელემ სულ რაღაც წამის მეათედებში “ფეხის გამოცვლა” მოასწრო და ბურთი ჩემს ზემოთ კარის ბადეში გადაგზავნა.
- მოთამაშეობისას, მოწინააღმდეგე გუნდების ფეხბურთელებთან თუ მეგობრობდით?
- დიახ. ახლო ურთიერთობა მქონდა თბილისისა და მოსკოვის “დინამოს” მოთამაშეებთან. ამის მიუხედავად, საფეხბურთო მინდორზე მე და დინამოელები განსაკუთრებული აზარტით ვთამაშობდით ერთმანეთის წინააღმდეგ.
გოჩა კაჭარავა