გუშინ სტარტი აიღო ესპანურმა პრიმერა დივიზიონმა, დღეს კი საქმეში მისი ფავორიტები მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” ჩაებმებიან. შასტარტო ტურში “სამეფო კლუბის” მოწინააღმდეგე “ვალენსია” იქნება და სწორედ ამ დაპირისპირების წინ პოპულარულმა გამოცემა Marca-მ ინტერვიუ ჩამოართვა “ბლანკოსის” არგენტინელ ფორვარდს ანხელ დი მარიას.
- ახალ სეზონს განახლებული კონტრაქტით იწყებთ. რას ნიშნავს თქვენთვის მადრიდის “რეალთან” გაფორმებული შეთანხმება, რომელსაც ძალა 2018 წლამდე აქვს?
- იმდენად გახარებული ვარ, საკუთარი ემოციის დაფარვა მიჭირს. ყველაზე მეტად კი იმან მომგვარა სიხარული, კლუბის ხელმძღვანელობამ ესოდენ დიდი ნდობა რომ გამომიცხადა. ახალი ხელშეკრულება მშვიდად მუშაობის საშუალებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მომცემს. ყოველმხრივ შევეცდები “რეალის” ფეხბურთელობისას საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინო.
- “სანტიაგო ბერნაბეუს” ტრიბუნებზე მყოფი ადამიანებისთვის ნაცნობი სახე ხართ. როგორ გგონიათ, მადრიდელ გულშემატკივრებს ანხელ დი მარიას ნამდვილი საფეხბურთო სახე უკვე ნანახი აქვთ თუ კიდევ უფრო უკეთესი თამაშით აპირებთ მათ მოხიბლვას?
- ვფიქრობ, შემდგომო ზრდის პოტენციალი მაქვს. თუ მიაქცევდით წინასასეზონოდ ჩემ მიერ ჩატარებულ მატჩებს ყურადღებას, ყოველ შეხვედრაში ვუმატებდი. თავადაც შევამჩნიე, რომ ჩემი ასპარეზობა ევოლუციას განიცდის და სულ უფრო და უფრო ჩამოყალიბებული და მოწიფული ხდება. პრაქტიკულად ყველა სათამაშო კომპონენტში ვუმატებ. მადრიდის “რეალისთვის” სათანადო სამსახურის გაწევა მსურს, საამისოდ კი მუდმივი პროგრესირებაა აუცილებელი.
- თქვენ საფეხბურთო წინსვლაში რა როლს ასრულებს ჟოზე მოურინიო?
- უდიდესს. ამ სპეციალისტთან ერთობლივი მუშაობის პერიოდში ნებისმიერი საფეხბურთო ასპექტით ავმაღლდი. მოვუმატე ტაქტიკური თვალსაზრისით და საკუთარი ძალის რწმენა განმიმტკიცდა. ჟოზე მოურინიომ ჩემი შესაძლებლობების გაცნობისთანავე ირწმუნა. პორტუგალიელის სპეციალისტის მისამართით სამადლობელი სიტყვების გარდა, სათქმელი არაფერი მაქვს. ყოველსეზონურად ვუმატებ და რომ არა შარშანდელი ტრავმები, მადრიდის “რეალისთვის” უფრო მეტი სარგებლის მოტანასაც მოვახერხებდი.
- გასულ სეზონში პრიმერა დივიზიონი დამაჯერებლად მოიგეთ. ახალ გათამაშებაში “რეალს” კიდევ უფრო ძლიერად გამოსვლის შესაძლებლობა აქვს?
- გუნდი ყოველსეზონურად უმატებს და ამჯერად მეტი ტიტულის მოპოვების ამბიცია გვაქვს. “რეალის” ფეხბურთელთა უმრავლესობას თავისი საფეხბურთო მაქსიმუმისთვის ჯერ არ მიუღწევია. ახალ-ახალი გამარჯვებების დაუფლება კი სულ უფრო და უფრო გართულდება – ჩვენ წინააღმდეგ ხომ ყველა განსაკუთრებული მოტივაციითა და ენერგიით თამაშობს.
- ახალ სეზონში გუნდის უმთავრესი მიზანი რაა?
- ჩემპიონთა ლიგის მოგება.
- საკუთარ ინდივიდუალურ გეგმებზე რას გვეტყოდით?
- მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში მოხვედრაზე ვოცნებობ.
- “ოქროს ბურთის” დაუფლებას არ უმიზნებთ?
- რატომაც არა, ოღონდ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება – ჯერ საუკეთესოთა ათეულში უნდა დავიმკვიდრო ადგილი.
- კასტილიელ ქომაგებს თავდადებული თამაშის გამო უყვარხართ. მაინც საიდან იღებთ ამხელა ენერგიას, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში მაღალი სისწრაფით ასპარეზობაში გეხმარებათ?
- ეს ბუნების დამსახურებაა. საფეხბურთო შეხვედრის დროს სისხლში ადრენალინი მემატება, რის გამოც დაღლილობას საერთოდ ვერ ვგრძნობ ხოლმე. ყოველთვის მოსაგებად და გოლის გასატანად ვარ მომართული და ეს თვისება ურთულეს სიტუაციებში მეხმარება.
- ლა ლიგის სასტარტო ტურში გასული ჩემპიონატის მესამეადგილოსან “ვალენსიას” ხვდებით, მალე “ბარსელონასთანაც” მოგიწევთ დაპირისპირება…
- ჯერჯერობით მხოლოდ მესტალიელებთან შეხვდერასა და მოგებაზე ვფიქრობ. გადატვირთული საასპარეზო კალენდრის გამო “რეალს” ხშირად ყოველ სამ დღეში ერთხელ მინდორზე გასვლა უწევს, ამიტომაც ჩვენი საფიქრალ-საზრუნავი ყოველთვის უახლოესი მატჩია.
- ახალი სეზონის წინ როგორ მიმართავდით მადრიდის “რეალის” მრავალრიცხოვან ქომაგებს?
- დარწმუნებული ვარ, ისინი წლეულსაც ისეთივე ერთგულებით დაგვიჭერენ მხარს, როგორც ადრე, ჩვენი მხრივ კი გულშემატკივრების გასახარებლად არაფერს დავიშურებთ.
გოჩა კაჭარავა