ლისაბონში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის ერთ-ერთი გმირი ანხელ დი მარია ჟურნალისტებს გაესაუბრა. “ბოლომდე დახარჯული ვარ. ძალიან მიხარია, რომ სეზონი ასე ლამაზად დავაგვირგვინეთ. განსაკუთრებით კი იმან გამახარა, რომ ეს ლისაბონში მოხდა - ქალაქში, სადაც ლამაზი წლები მაქვს გატარებული ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ესპანეთის ჩემპიონატის ვერმოგებაა. არადა ესეც რეალურად შეგვეძლო. ამ “რეალს” კიდევ ბევრი ტიტულის მოპოვება შეუძლია”, - განაცხადა არგენტინელმა შემდეგ კი კითხვა-პასუხის ჯერი დადგა.
- გასულ სეზონს თქვენ კარიერაში საუკეთესოდ თვლით?
- მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში გამოსვლისას ნამდვილად ასეა. ასევე გამახარა ჩემი ყოფილი გუნდის “ბენფიკას” წარმატებამ. მას პორტუგალიის ჩემპიონობას ვულოცავ.
- რა შეცვალა კარლო ანჩელოტიმ “რეალში”?
- იტალიელმა სპეციალისტმა გასახდელში ურთიერთობა დაალაგა. ანჩელოტიმ გუნდში სიმშვიდე მოიტანა. სინიორ კარლო უდიდესი მწვრთნელია. მას და არგენტინის ნაკრების დამრიგებელს ალეხანდრო საბელიას სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო სპეციალისტებად ვთვლი.
- მაინც რით გამოირჩევა ანჩელოტი?
- პირადად მე მან დამაჯერებლობის მეტი გრძნობა შემძინა. ანჩელოტიმ ნდობა გამომიცხადა და მეც არ გამიწბილებია მისი იმედი. მატჩის წინ მთავარი მწვრთნელი ყოველთვის შეგვახსენებს, უმთავრესი კოლექტიური თამაში რომაა. ანჩელოტი ყოველთვის პოზიტიურ როლს ასრულებს.
- ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. თვლით თუ არა, რომ უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი ხართ?
- ეს ჩემი სალაპარაკო არაა – უბრალოდ ვცდილობ საკუთარი საქმე პროფესიულად და მონდომებით შევასრულო. ბოლო წლებში მაღალ დონეზე ვთამაშობდი, მაგრამ სხვადასხვა გამოკითხვების შედეგად 50 საუკეთესო მოთამაშეს შორისაც არ მასახელებდნენ. ამან ფსიქოლოგიურად არ მაზარალა, პირიქით, მეტი თავდადებით ვშრომობდი და შედეგიც სახეზეა. დანარჩენი მაყურებელმა და ჟურნალისტებმა გადაწყვიტეთ.
- მსოფლიოს 2 უძლიერესი ფეხბურთელის, ლეო მესის დ კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორი ხართ. მათ შორის რა სხვაობაა?
- მესისა და რონალდუსთან გვერდიგვერდ თამაში ჩემთვის მეტად საპატიოა და ორივე მათგანი ფანტასტიკური ფეხბურთელია. კრიშტიანუ გუნდში შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს, ფიზიკურად ბრწყინვალედაა მომზადებული, შორი დისტანციიდან ზუსტი და ძლიერი დარტყმის შესრულება შეუძლია. ლეოს რაც შეეხება, ის ბურთს ელვის სისწრაფით ამუშავებს და წამის მეათედში ერთდოულად მეტოქის რამდენიმე მცველის გაბითურება ხელეწიფება.
- მომავალი სეზონისთვის გეგმები უკვე დააწყვეთ?
- არა. ჯერ ამაზე არ მიფიქრია. ამჟამად მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლაზე ვარ კონცენტრირებული. ყველაფერი მუნდიალის დასრულების შემდეგ გადაწყდება.
- ამბობენ, “რეალის” ხელმძღვანელობას ხელფასის მომატება სთხოვეთ...
- არა, ეს ამბავი სინამდვილეს არ შეეფერება. “რეალთან” ერთად მხოლოდ და მხოლოდ ტიტულების მოგებაზე ვფიქრობ.
- სხვა კლუბებისგან შემოთავაზება გაქვთ?
- ყოველთვის ვამბობდი, რომ მადრიდში დარჩენა მსურს. გასული სეზონის წინ ეს გადაწყვეტილება კარლო ანჩელოტისთან საფუძვლიანმა საუბარმა განმიმტკიცა. “რეალიდან” მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალ, თუკი თავად კლუბი გამიშვებს.