ფეხბურთი

12:12 | 7.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: “თუკი მომავალ წელსაც სკუდეტო ვერ მოვიგეთ, ეს ჩავარდნა იქნება”

 იტალიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტურინის „იუვეტუსმა“ სერია A -ს  ბოლო ტურში სიცილიის ”პალერმოს” 1:0 მოუგო და ქვეყნის ჩემპიონობა შეინარჩუნა. ტურინული კლუბის ქომაგთათვის, ეს 31-ე სკუდეტო იყო, ხოლო ოფიციალურად, „ბებერმა სინიორამ“ ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება 29-ედ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს, „იუვენტუსს“ ერთი ტიტული ჩამოართვეს, ხოლო ერთი არ გადასცეს. სხვაობას სწორედ ეს ჯილდოები ქმნის. ტურინელთა ბოლოდროინდელი წარმატებები მათ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს უკავშირდება. მას მოთამაშეობისას 419-ჯერ დაუცავს ”იუვეს” ღირსება და გუნდთან ერთად უამრავი ჯილდოც მოუგია, 2011 წლიდან კი კონტე ტურინელებს სათავეში ჩაუდგა და 2012, 2013 წლებში გააჩემპიონა.

 - სეზონის საფუძვლიანი შეჯამების დრო მოგვიანებით დადგება, ახლა კი რა შეფასებას მისცემთ “იუვენტუსის” მიერ მოპოვებულ მორიგ საჩემპიონო ტიტულს?

- გახარებულები და ბედნიერები ვართ. დიდი მადლობა ბიჭებს, რომელთაც მთელი მომქანცველი სეზონი ერთი ამოსუნთქვით გაიარეს და სტარტიდანვე მიღწეული ლიდერობა ბოლომდე არ დაუთმიათ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მათ დიდძალი ენერგია წაართვა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლამ, თუმცა, თავიანთი ფავორიტის რენომე სერია A-ში სათანადოდ დაადასტურეს. მოხარული ვარ, სკუდეტო პირველობის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე რომ გავინაღდეთ. მოთამაშეების გარდა, სამადლობელი სიტყვებით კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბში მომუშავე ადამიანები უნდა მოვიხსენიო. რთულ მომენტებში ჩვენ ყველანი ერთად შეკავშირებულად, საქმიანად და პროფესიულად ვმოქმედებდით.

- თქვენი აზრით, წლევანდელი პირველობის რომელი მატჩები გამოდგება გარდამტეხ მომენტად?

- მილანის “ინტერთან” საშინაო მარცხმა ბევრ რამეზე აგვიხილა თვალი, უპირველესად ზედმეტი თავდაჯერებულობისგან გაგვათავისუფლა. “ნერაძურისთან” დაპირისპირების შემდეგ ბიჭები “მიწაზე დაბრუნდნენ”, თუმცა, მთლიანობაში მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ისინი ზომაზე მეტად მედიდურები იყვნენ. არასდროს დამავიწყდება “ჯენოასთან” შეხვედრაც. ფორტუნის წყალობა რომ არა, გენუაში ვერ მოვიგებდით. ყველაზე მეტად უჩვეულო შეხვედრა კი “სამპდორიასთან” გამოგვივიდა. მოწინააღმდეგე რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი გვეთამაშებოდა, მაგრამ მაინც მოახერხა ჩვენი დამარცხება. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ გაცოფებული ვიყავი და საკუთარ თავს პირობა მივეცი, ასეთი რამ სამომავლოდ რომ არ გამეორებულიყო. ასეთი მატჩები ჭკუის სასწავლებელია და სათანადო დასკვნის გამოტანის შემთხვევაში, სარგებლობის მოტანაც შეუძლია.

- სიცილიელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა ჩემპიონობა როგორ მოგილოცეს?

- მატჩის დასრულების შემდეგ თბილი შხაპის გადავლება მსურდა, მაგრამ ბიჭებმა გამიტაცეს და ცივ წყალში მაბანავეს. მათთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია – არ მინდოდა ბედნიერი ფეხბურთელებისთვის წინააღმდეგობა გამეწია.

- როგორ შეაფასებთ ტურინის “იუვენტუსში” თქვენს სამწვრთნელო საქმიანობას?

- როდესაც მწვრთნელის პროფესია ავირჩიე, “იუვეში” დამრიგებლად დაბრუნებაზე ვოცნებობდი. ოცნება ამიხდა და ამით ბედნიერი ვარ. მწვრთნელის რანგში “ბებერ ქალბატონთან” ერთად 2 ბრწყინვალე სეზონი ჩავატარე. ამიერიდან სამომავლო სეზონებზე მოგვიწევს ზრუნვა და საფუძვლიანი ფიქრი. ჩვენ უკვე მეტი მოგვეთხოვება. მიუხედავად ფინანსური კრიზისისა ანდრეა ანიელის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. სინიორ ანდრეას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. “იუვენტუსმა” მისთვის გადასალახი თამასა კიდევ უფრო ზემოთ ასწია და მისი ქვემოთ დაწევის უფლება არ გვაქვს.

- ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით, რას ნიშნავს “თამასის ზემოთ აწევა”?

- თუკი მომავალ წელს სკუდეტო ვერ მოვიგეთ, ეს აშკარა ჩავარდნად იქნება განხილული. ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალში გავედით და მომდევნო გათამაშებაში წინ წაწევასაც ვაპირებთ. ამასთან, ამის გაკეთება ურთულესია, რადგან “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის” ჩვენთან შედარებით შეუდარებლად უკეთესი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. რეალისტები უნდა ვიყოთ. მართალია, ტურინის “იუვენტუსი” ნებისმიერ ტურნირზე მხოლოდ მის მოსაგებად ასპარეზობს, მაგრამ საეჭვო პერსპექტივის მიზნად დასახვა არასწორად მიმაჩნია.

0.117275