დღეს, იტალიის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსი” რომის “ლაციოს” უმასპინძლებს. პრინციპული შეხვედრის წინ იტალიელი ჟურნალისტები “ბებერი სინიორას” მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შეხვდნენ და წინასამატჩო ინტერვიუ ჩამოართვეს. ამასთან, სინიორ ანტონიომ სამომავლო ტრანსფერებზეც ისაუბრა.
- რას ელით “ლაციოსთან” ჩასატარებელი პირველი ნახევარფინალური პაექრობისგან?
- რთულად დასაძლევ მოწინააღმდეგესთან მოგვიწევს თამაში. რომაელებს კარგად ორგანიზებული, კომპაქტურად მოთამაშე გუნდი ჰყავთ. მათი ტაქტიკის ამოცნობაც რთული საქმე არაა. “ლაციო” ფრთხილად ითამაშებს, შეეცდება სივრცეები ჩაგვიკეტოს და კონტრშეტევებით მიაღწიოს საწადელს. რომაელებს ფიზიკურად მძლავრი ფეხბურთელები ჰყავთ და დედაქალაქელთა შემადგენლობაში ისეთი მაღალი კლასის მოთამაშეები ირიცხებიან, როგორებიც ერნანესი, კლოზე, ფლოკარი, ლედესმა, ლულიჩი არიან. “ლაციოს” კარგ თამაშს საფუძველი ჯერ კიდევ შარშან ჩაეყარა, მიმდინარე სეზონში კი რომაელები ჩემპიონატშიც და თასზეც სერიოზულ კონკურენციას გვიწევენ. “იუვენტუსის” მიზანი კი ერთადერთია – მოგება. ბიჭებსაც მშვენივრად ესმით სამშაბათის მატჩის მნიშვნელობა და სასურველი მიზნის მიღწევის გზებიც იციან.
- წესითა და რიგით, პირველი ნახევარფინალური შეხვედრა რომში უნდა ჩაგეტარებინათ, მაგრამ მას შემდეგ რაც “რომამ” მეოთხედფინალში ფლორენციის “ფიორენტინას” მოუგო, პირველ მატჩს დედაქალაქში ჩაატარებს. ამის გამო სამშაბათს “იუვენტუს სთედიუმზე” მოგიწევთ თამაში. არ აჯობებდა, “ლაციოსთან” ჯერ რომში გეთამაშათ და განმეორებითი შეხვედრა ჩაგეტარებინათ ტურინში?
- პირველი მატჩის ჩატარების ადგილის შეცვლა “ლაციოს” მცირე უპირატესობას აძლევს, რადგან განმეორებით ნახევარფინალურ პაექრობას დედაქალაქელები რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართავენ. თუმცა, არ მგონია, ეს ფაქტორის გადამწყვეტი იყოს ჩვენ დაპირისპირებაში. “იუვენტუსის” მიზანი მაინც ფინალში გასვლაა.
- გუნდის სასტარტო შემადგენლობა უკვე შერჩეული გაქვთ?
- მოგეხსენებათ, სეზონის დასკვნით ნაწილში მეტად მჭიდრო საასპარეზო გრაფიკი გვაქვს, ამიტომაც თითოეულ მატჩში შემადგენლობის შერჩევა დიდ დაფიქრებას და ყველაფრის აწონ-დაწონას მოითხოვს. კონკრეტულად “ლაციოსთან” დაპირისპირებას რაც შეეხება, ანდრეა პირლო დისკვალიფიცირებულია, დიდი ალბათობით მინდორზე ვერც სებასტიან ჯოვინკო გავა. სავარაუდოდ, კლაუდიო მარკიზიო თამაშს შეძლებს, მირკო ვუჩინიჩის ფიზიკურ მდგომარეობას კი დავაკვირდებით და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. საქმე ისაა, რომ მირკომ სერია A-ს ბოლო ტურში “უდინეზეს” წინააღმდეგ სრული დატვირთვით ითამაშა და გადაღლილია. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ვუჩინიჩი სასტარტოში იქნება თუ ალესანდრო მატრის რომელიმე სხვა ფორვარდს შევუწყვილებ.
- ბოლო დროს “იუვენტუსს” საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ. რა კომენტარს გააკეთებთ ამის თაობაზე?
- უკანასკნელი კვირის განმავლობაში სპეციალისტებისა და გულშემატკივრებისგან ბევრი კრიტიკული შენიშვნა მოვისმინე. ზოგიერთი მათგანი კლუბში არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზეც კი ალაპარაკდა, რადგანაც “სამპდორიასა” და “პარმას” დამარცხება ვერ მოვახერხეთ. ამ უიღბლო მატჩების შემდეგ, “უდინეზესთან” გავიბრწყინეთ და ვფიქრობ, ოპონეტები მათი თვალსაზრისის სამართლიანობაში მინიმუმ დავაეჭვეთ. “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილს ლიდერობს, ზედიზედ მეორედ ქვეყნის თასის ნახევარფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც გავაღწიეთ. ვფიქრობ, კრიზისზე საუბარი უადგილოა.
- რა სიტუაციაა ტრანსფერების მხრივ?
- ყველაზე ახლოს ფერნანდო ლიორენტეს გადმობირებასთან ვართ ახლოს. ბასკი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვის სურვილი გვაქვს, ამიტომაც ბილბაოს “ატლეტიკის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. სავარაუდოდ, ლიორენტე “იუვეს” წევრი მომავალ ზაფხულს გახდება, როდესაც ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩამოვა. საერთოდ, შევეცდებით გუნდის გაძლიერებას. თუმცა, ახლავე შემიძლია მოგახსენოთ, რომ ედინსონ კავანის ვერ შევიძენთ. ურუგვაელი ფორვარდის დამატება გვსურდა, მაგრამ “ნაპოლიმ” კატეგორიული უარით გამოგვისტუმრა.
- რა შეიცვალა კლუბში იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც “იუვენტუსის” ფეხბურთელი იყავით?
- სადღეისოდ კლუბში მწვრთნელს მუშაობის უკეთესი პირობები აქვს. ჩვენ საწვრთნელ ბაზაზე ბოლოხანს რამდენიმე ახალი მინდორი და სპორტდარბაზი გაკეთდა. საერთო აღიარებით, კლუბში გაუმჯობესებული სტრუქტურაა და საორგანიზაციო მხარეც ამაღლდა.
გოჩა კაჭარავა