ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი ნახევარმცველის ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერა მშვენივრად დაიწყო. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მან “ბარი” უძლიერესთა რიგებში დააბრუნა, რისთვისაც შარშან სერია B-ს საუკეთესო დამრიგებლად დაასახელეს. ამის შემდეგ კონტემ ბერგამოს “ატალანტაში” ისურვა სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება, მაგრამ ამ გუნდის მესაჭის პოსტზე ანტონიოს მუშაობა ნაკლებად წარმატებული გამოდგა და მიმდინარე წლის 6 იანვარს “ნაპოლისთან” 0:2 წაგების შემდეგ, კონტეს თანამდებობის დატოვება მოუწია. ანტონიოს გამოცდილებისა და ავტორიტეტის (ძირითადად სამოთამაშეო) გათვალისწინებით, მას დიდხანს უმუშევრად დარჩენა არ უწერია, ზოგიერთი საფეხბურთო მიმომხილველი კი, მას სამომავლოდ “იუვენტუსის” დამრიგებლობას უწინაწარმეტყველებს.
- “ატალანტადან” დათხოვნის შემდეგ სამუშაო რომელმა კლუბებმა შემოგთავაზეს?
- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, იმას კი მოგახსენებთ, რომ წინადადება იტალიიდანაც მაქვს და უცხოური კლუბებისგანაც. ყველა შეთავაზება კარგად უნდა ავწონ-დავწონო და გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამის შემდეგაა მისაღები.
- მოდით, დროში ოდნავ უკან დავიხიოთ. მაინც რა მოხდა ბერგამოში, რატომ ვერ მოახერხეთ “ატალანტას” გულშემატკივრების გახარება?
- წუწუნი არ მჩვევია, მაგრამ პირდაპირ მსურს განვაცხადო, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ მუშაობის სათანადო პირობები ვერ შემიქმნა. არ მომეცა საშუალება, ჩემი საფეხბურთო იდეები მოთამაშეებს მინდორზე განეხორციელებინათ. არც ჩემი სატრანსფერო მოთხოვნები იქნა გათვალისწინებული. ყოველივეს გამო, “ატალატაში” ჩემმა მუშაობამ აზრი დაკარგა და კლუბის უფროსობასთან შეთანხმებით წასვლა განვიზრახე.
- მიმდინარე სეზონის მსვლელობისას შედარებით ახალგაზრდა მწვრთნელებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა უჭირთ, რაც მათ პოსტის დატოვების ფასადაც კი უჯდებათ. თქვენს გარდა, დამრიგებლობიდან რობერტო დონადონი და ჩირო ფერარა გადადგნენ. როგორ გგონიათ, ეს შემთხვევითობაა თუ გარკვეული დოზით კანონზომიერება? ხომ არ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი ინგლისურ პრემიერლიგასთან, სადაც სადამრიგებლო ასპარეზზე ფეხი ისეთმა აღიარებულმა დიდოსტატებმა ვერ მოიკიდეს, როგორებიც ტონი ადამსი, პოლ ინსი, ალან შირერი, გარეთ საუთგეითი არიან...
- არ მგონია, ჩვენ და ოდნავ ადრე, ინგლისურ ფეხბურთში მომხდარი სამწვრთნელო გადადგომებს შორის პარალელის გავლება მართებული იყოს. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ნისლიან ალბიონზე ახალგაზრდა დამრიგებლებს კლუბების გაწვრთნა ისე მიანდეს, ზოგიერთ მათგანს შესაბამისი ლიცენზიაც არ ჰქონდა აღებული და არც დაბალ ლიგებში მუშაობის გამოცდილება გააჩნდათ. იტალიაში სხვაგვარი სიტუაცია. ავიღოთ, თუნდაც, რობერტო დონადონის მაგალითი. მან სამწვრთნელო კარიერა სერია ჩ-ში დაიწყო, შემდეგ იყო წარმატებული მუშაობა “ლივორნოში”, “ნაპოლიში” კი “სკუადრა აძურადან” წასვლის შემდეგ მივიდა. მთლიანობაში, ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი თაობის მწვრთნელებს იტალიაში არ უმართლებთ. მშვენივრად მუშაობს მასიმილიანო ალეგრი “კალიარიში”, ლეონარდო კი “მილანში”. შემთხვევით არ მიხსენებია დონადონიც. არ მსურს ვალტერ მაცარის ბოლოდროინდელი წარმატება დავაკნინო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რობერტოს “ნაპოლიში” კარგი ფუნდამენტი რომ არ “აეშენებინა”, ნეაპოლელებს მაცარი ხანგრძლივ წაუგებელ სერიას ვერ გამოაცხობინებდა.
- გასულ სეზონში “ბარისთან “ერთად სერია B-ში წარმატებას მიაღწიეთ, მაგრამ ზაფხულში იტალიის სამხრეთში დარჩენა არ ინებეთ და ჩრდილოეთით მდებარე ბერგამოს გუნდის გაწვრთნა ინებეთ. არადა, “ბარი” მშვენივრად გამოდის უძლიერესთა შორის და სადღეისოდ გათამაშების ცხრილში მოწინავეთა ათეულშიც კია. არ გწყდებათ გული, ბარიდან რომ წახვედით? თქვენს სიტყვებს რომ მივუბრუნდეთ, “ბარის” წარმატება ანტონიო კონტეს “აშენებული ფუნდამენტით” ხომ არ აიხსნება?
- გნებავთ ტრაბახში ჩამომართვით, მაგრამ ასეა. როდესაც შარშან ივლისში “ბარიდან” წავედი, გუნდი “დალაგებული” დავტოვე. ყველაზე მთავარი ისაა, გუნდს თამაშის საკუთარი სისტემა და მაღალ დონეზე გამოსვლისთვის აუცილებელი მყარი მენტალიტეტი ჰქონდა ჩამოყალიბებული. მე კი ჩემი იდეების უფრო მეტად მასშტაბურად რეალიზაცია მოვიწადინე და “ატალანტას” მივაშურე. მომხდარს არ ვნანობ. ის კი ფრიად მახარებს, “ბარის” ამჟამინდელმა მწვრთნელმა ჯანპიერო ვენტურამ ჩემს მიერ დაწყებული საქმე რომ გააგრძელა. მას წარმატებას ვუსურვებ.
- ბოლო რამდენიმე თვეა გაზეთებში იწერება, ახალი სეზონიდან თქვენს ყოფილ გუნდს “იუვენტუსს” გუს ჰიდინკს ჩააბარებენო. თქვენი აზრით, სწორად მოიქცევა ჰოლანდიელი სპეციალისტი, თუკი სანაკრებო დონეზე მუშაობაში პაუზას აიღებს და ისეთ რთულ ჩემპიონატში დაიწყებს მუშაობას, როგორიც სერია A-ა? ჰიდინკი ხომ გარკვეულწილად “ავანტურისტული ფეხბურთის” მიმდევარია, იტალიაში კი გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა თამაშში უპირატესობას დაცვითი ბასტიონების გამაგრებას ანიჭებს...
- ვერ დაგეთანხმებით. გავიხსენოთ ჰიდინკის მცირეხნიანი მოღვაწეობა ლონდონის “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც მან დაამტკიცა, უკანა ხაზის კარგად “აწყობა” რომ ხელეწიფება. მისმა “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თვით “ბარსელონას” აჯობა. რომ არა ბოლო წუთზე გაშვებული გოლი, ფინალში “არისტოკრატებს” ვიხილავდით და არა კატალონიელებს. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად სარწმუნოა ჰიდინკის “იუვეში” მისვლის ამბავი, მაგრამ თუკი ეს მოხდა, ბენილუქსელს ტურინში საკადრო სირთულე არ შეექმნება. საერთო აღიარებით, ჯორჯიო კიელინი არ ჩამოუვარდება ჯონ ტერის, ჩემი აზრით კი სულაც უკეთესი მცველია. ჰიდინკის იდეები არც “იუვეს” წინახაზელებს აწყენდათ, მაგრამ მოდით, ალბერტო ძაკერონის მუშაობა ვაცალოთ. ვინ იცის, იქნებ 4 თვეში მან იმდენი შეძლოს, ტურინელთა ხელმძღვანელები შეეხვეწონ, დარჩიო.
- “იუვენტუსში” 12 წლის განმავლობაში წარმატებით თამაშობდით. გუნდის კაპიტანიც იყავით და არაერთი ტიტული მოიგეთ. სამომავლოდ “ბებერი ქალბატონის” გაწვრთნაზე არ ფიქრობთ? 2009 წელს “პალერმოს” მთავარ მწვრთნელად გახდომის შემდეგ “ინტერის” ვეტერანმა ვალტერ ძენგამ განაცხადა, ჩემი საბოლოო მიზანი “ნერაძურის” სათავეში მისვლააო...
- სადღეისოდ, ვალტერიც ჩემსავით უმუშევარია. არ მსურს მისი შეცდომა გავიმეორო. “იუვენტუსს” საკუთარ თავს არ შევთავაზებ, ხოლო თუ დავჭირდები, ვემსახურები.
- “ინტერი” ვახსენეთ და ჟოზე მოურინიოზეც ვთქვათ. პორტუგალიელი წელიწადნახევარია, რაც იტალიაში მუშაობს და ბევრ კოლეგასთან შელაპარაკება მოუვიდა. თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ “ინტერის” მთავარ მწვრთნელთან?
- სერია A-ში ცოტა ხანი ვიმუშავე, ამიტომაც მოურინიოსთან წაჩხუბება ვერ მოვასწარი. ეს, ცხადია, ხუმრობაა, ისე კი სეუ ჟოზეს ბოლო ათწლეულის გამორჩეულ სპეციალისტად მივიჩნევ.
- ცოტა ხნის წინ ვარშავაში ევრო-2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ჩატარდა. საერთო აღიარებით იტალიას ბედმა გაუღიმა. თქვენც ასე ფიქრობთ?
- პოლონეთისა და უკრაინის სტადიონებზე გამოსვლის უფლების მოსაპოვებლად “სკუადრა აძურას” სერბებსა და სლოვენებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. ორივე ბალკანურ ქვეყანას კარგი ნაკრები ჰყავს, თანაც, მათი ეროვნული გუნდები ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რაც უახლოეს მომავალში მათ თამაშს კიდევ უფრო გააძლიერებს. ყველაფრის მიუხედავად, იტალია ვალდებულია ჯგუფური ბარიერი გადალახოს.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ