ტურინის “იუვენტუსთან” ერთად სკუდეტოს დაუფლების შემდეგ “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ინტერვიუ მისცა იტალიურ გამოცემა Sette-ს. ჟურნალისტთან საუბრისას კონტემ სამომავლო წარმატების იმედი გამოთქვა და დაადასტურა, რომ სასწავლი კიდევ ბლომად აქვს.
- სამწვრთნელო კარიერა არცთუ დიდი ხნის წინათ დაიწყეთ, თუმცა, მნიშვნელოვანი წარმატება უკვე მოიპოვეთ – თქვენმა დამოძღვრილმა “იუვენტუსმა” სკუდეტო მოიპოვა. ელოდით სადამრიგებლო საქმიანობაში ასე მალე რომ მიაღწევდით აღიარებას?
- არ ვთვლი, რომ კარიერის მწვერვალს უკვე მივაღწიე. წლევანდელი სკუდეტო “საბოლოო” კი არა, “ათვლის” წერტილია და სამომავლოდ მეტის გაკეთებაც მსურს. რაც მთავარია, კარგად მესმის, რომ სამწვრთნელო სრულყოფილებამდე ბევრი მიკლია და სწავლა მმართებს. გამოგიტყდებით და არასდროს მეგონა, დიდი მწვრთნელი რომ გავხდებოდი. ჩემთვის მთავარი იყო, საყვარელი საქმიანობისთვის მთელი ყურადღება მიმეპყრო. ძალიან გამიხარდა, როდესაც შევატყვე, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და გუნდის ფეხბურთელების გაძღოლა-აყოლიების ნიჭი აღმოვაჩინე საკუთარ თავში. თუ დააკვირდებით, მატჩის მსვლელობისას ემოციას ნაკლებად გამოვსახვა და ბევრი დამრიგებლისგან განსხვავებით, ფეხბურთელებს არ ვუყვირი ხოლმე. სამაგიეროდ, მათ ჩემი კარგად ესმით, რაც ტრიბუნებზე მსხდომი 60 ათასი ხმაურიანი მაყურებლის პირობებში არცთუ იოლია. მოთამაშეებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, თავის მხრივ, მათ ჩემი იმედი ყოველთვის აქვთ და იციან, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლიათ დამეყრდნონ.
- თქვენ მწვრთნელად ჩამოყალიბებაზე ყველაზე მეტი გავლენა რომელმა სპეციალისტმა მოახდინა?
- გასული საუკუნის 90-იან წლებში ტურინის “იუვენტუსში” ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად ვმუშაობდი. იგი ჩემთვის მეორე მამაა. სინიორ ჯოვანის კარგად ესმოდა ჩემი სირთულეები, ვარჯიშის შემდეგ ერთად ვრჩებოდით და ტრაპატონი ტექნიკის დახეწაში მეხმარებოდა.
- საჩემპიონო შემადგენლობიდან რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა თქვენი მხრიდან არაპედაგოგიური ნაბიჯი იქნება, მაგრამ მაინც გკითხავთ – ვის ღვაწლს გამოარჩევდით “იუვენტუსის” სასკუდეტო გუნდიდან?
- დასამალი არაფერია – ალესანდრო დელ პიეროს. ალექსმა უდიდესი დახმარება გამიწია როგორც უშუალოდ მატჩების მსვლელობისას მინდორზე, ასევე ასპარეზს მიღმაც. არასდროს მიმიქცევია მოთამაშის ასაკისთვის ყურადღება, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ფეხბურთელს. დელ პიეროს ღვაწლი სკუდეტოს დაუფლების საქმეში განუზომელია.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ