გუშინ ანტონიო კასანო ოფიციალურად წარადგინეს “პარმას” ფეხბურთელის რანგში. ანტონიო თავის მორიგ გუნდში 99 ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მისსივე განცხადებით, არაფერს დაიშურებს საიმისოდ, რათა 2014 წლის მუნდიანლზე იტალიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს.
- როგორ უნდა ავხსნათ თქვენი მილანის “ინტერიდან” აბარგება და “პარმაში” გადასვლა? კლუბის ხელმძღვანელებთან რაიმე სახის გაუგებრობა ხომ არ შეგემთხვათ?
- “ინტერის” ხელმძღვანელებისადმი მადლობის თქმის გარდა არაფერი მსურს. მორატისთან, ბრანკასა და აუსილიოსთან ნორმალური, საქმიანი ურთეირთობა მქონდა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი “ნერაძურის” ახალ მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარიზე. “ინტერთან” მისი ოფიციალურ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე რამდენიმე დღით ადრე მას ვესაუბრე და მაცარიმ პირდაპირ მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს და სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშსაც დამპირდა. ვითარება მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც სინიორ ვალტერმა კლუბთან ხელშეკრულება გააფორმა. მან უცერემონიოდ განმიცხადა, რომ შემეძლო გუდა-ნაბადი ამეკრა და სხვა კლუბის მოძიებაზე დამეწყო ზრუნვა. “ინტერიდან” წასვლა მაცარიმ მაიძულა. ეტყობა, მის გეგმებში ვეღარ ვჯდებოდი და თუკი ასე იქნებოდა, თავად დავემშვიდობებოდი “ნერაძურის”. არადა, მომხდარი მით უფრო გასაკვირია იმის ფონზე, რომ მე და მაცარი ერთობლივად ვმუშაობდით “სამპდორიაში” და გენუის კლუბში საკმაოდ შეხმატკბილებულად ვმოქმედებდით.
- მთალად კარგი დამოკიდებულება არც “ინტერის” ყოფილ მთავარ მწვრთნელ ანდრეა სტრამაჩონისთან გქონდათ...
- სტრამაჩონისთან პოლემიკა წმინდა საფეხბურთო საკითხებზე მქონდა. მწვრთნელებისგან განსხვავებით, ბრწყინვალედ გავუგეთ ერთმანეთს მე და “ინტერის” ფეხბურთელებმა. მილანში ბევრი მეგობარი დავტოვე, რომლებმაც განშორებისას მითხრეს გული წყდებათ, რომ თანაგუნდელები აღარ ვიქნებით და მონატრების გრძნობა გაუჩნდებათ. კლუბიდან წამოსვლისას მასიმო მორატისაც დავემშვიდობე. სტრამაჩონის რაც შეეხება, მასთან გაყრამ არც გამახარა და არც გული დაუწყვეტია.
- “პარმაში” გადმოსვლის შემდეგ თქვენი სანაკრებო შანსი ხომ არ შემცირდება?
- თუკი კარგად ვითამაშებ, “სკუადრა აძურაშიც” დამიძახებენ. ვაფასებ ჩეზარე პრანდელის ადამიანურ თვისებებს. როდესაც რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი, იგი გვერდით მედგა. პარმაში გადაბარგების შემდეგ სერიოზული მუშაობა მმართებს. 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება, მე კი ბრაზილიაში “სკუადრა აძურას” მოთამაშის სტატუსით მინდა გამგზავრება. ვიმედოვნებ, რომ “პარმა” ჩემი საფეხბურთო კარიერის ბოლო კლუბი იქნება. ძალიან მინდა კარიერის ლამაზად დასრულება. აქ ძალიან თბილად დამხვდნენ, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩემი მხრიდან არაფერს დავზოგავ – განსაკუთრებული მონდომებით ვიმუშავებ წვრთნისას, ყოველმხრივ შევეცდები “პარმასაც” სარგებლობა მოვუტანო და პრანდელის კრებულში დამსახურებული ადგილი დავიკავო.