“უდინეზეს” კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა ანტონიო დი ნატალემ ინტერვიუ მისცა La Gazzetta dello Sport-ს. 35 წლის ფეხბურთელს ჯერ ვერ გადაუწყვეტია დაასრულებს თუ არა საფეხბურთო კარიერას მიმდინარე სეზონის შემდეგ, სამომავლო საქმიანობა კი უკვა გარკვეული აქვს – დი ნატალე ახალგაზრდა ფეხბურთელებს დამოძღვრავს.
- როგორ აღნიშნეთ 150 გოლთან გათანაბრების მიღწევა?
- ემოციურად ძალიან დატვირთული ვიყავი. თითქმის ყველა ჩემ მიერ გატანილი გოლი მახსოვს, ამჯერად კი გონებაში ის ბურთი ამოტივტივდა, რომელიც 2004 წელს “პარმას” გავუტანე. ეს ჩემი სადებიუტო გოლი გახლდათ. გამახსენდა ბავშვობა, ადრეული წლები, ახდენილი და აუხდენელი ოცნებები. გასახდელში ბიჭებს ტორტით გავუმასპინძლდი, შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად რესტორანში ვისადილე. მაგიდას მხოლოდ ერთმანეთის უახლოესი ადამიანები ვუჯექით. იმედია, სეზონის ბოლომდე წარმატებით ვითამაშებთ, მე კი კიდევ მომეცემა თანაგუნდელთა და ახლობელთა გამასპინძლების საშუალება.
- საიუბილეო, 150-ე გოლი პრობლემეტური გამოდგა. ვგულისხმობთ იმას, რომ ზედიზედ 5 შეხვედრის განმავლობაში მოწინააღმდეგეთა კარის დალაშქვრას ვერ ახერხებდით...
- მთავარი ამოცანა ის იყო, 40 ქულიანი მიჯნა გადაგველახა. “უდინეზემ” ეს შეძლო. გოლები უკვე მრავალი სეზონია გამაქვს, ამიტომაც ეს ხუთმატჩიანი წყვეტა ნაკლებად მანერვიულებდა. გითხრათ სიმართლე, 150-ე ბურთზე ბევრს არ ვფიქრობდი – სხვა საფეხბურთო საზრუნავიც მრავლად მაქვს.
- ახლა სხვა მიჯნების დროც ხომ არ დაგიდგათ? შანსი გაქვთ, ზედიზედ 4 სეზონში 20 გოლზე მეტი გაიტანოთ. არც ალესანდრო დელ პიეროს მიღწევაცაა გადაულახავი პერსპექტივა. 20 ზუსტი დარტყმა და ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდას (დელ პიეროს სერია A-ში 188 გოლი აქვს გატანილი) დაეწევით...
- გამოგიტყდებით და 20 გოლიან ზღვარზე გასვლა მინდა. ამასთან, ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გუნდის შედეგია და არა პირადი მაჩვენებელი. ამიტომაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სერია A-ში დარჩენილ 11 მატჩს. მე ვიტყოდი სეზონის ბოლომდე 11 ფინალი გველის. უკვე 41 ქულა გვაქვს, რაც დამშვიდების საშუალებას გვაძლევს. მინდორზე უფრო მეტად თავდაჯერებულები გავალთ. უკეთ თამაშიც შეგვეძლო, მაგრამ შემადგენლობაში ბევრი ნაკლებად გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, თანაც ხშირი ტრავმებიც ჩვენ გამოსვლას უარყოფით დაღს ასვამს. მაგალითად სადღეისოდ ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეები გვაკლია, როგორებიც პინცი, ბენატია და ლაძარი არიან.
- “უდინეზეს” ევროთასზე გასვლის შანსი აქვს?
- ევროპის ლიგაში მოსახვედრად ვიბრძოლებთ. ბევრ კითხვას გასცემს პასუხს “რომასთან” დაპირისპირება. თუკიდედაქალაქელებს მოვუგეთ და შემდეგ გასვლაზე “კატანიასთანაც” წარმატებით ვითამაშეთ...
- 35 წლის ასაკში თამაში არ გიჭირთ? უპირველესად ჯანმრთელობის მდგომარეობას ვგულისხმობთ...
- ასაკს არ ვგრძნობ. თამაშის დროს ყველაფერი კარგადაა. ერთადერთი იმაში გამოგიტყდებით, რომ პროფესიულ ფეხბურთში 20 წლის გატარების შემდეგ ხანდახან ვარჯიში მომაბეზრებლად მეჩვენება.
- სამომავლო გეგმებს ხომ ვერ გაგვიმხელდით? კონტრაქტის მიხედვით 2014 წლის ივნისამდე “უდინეზეში” უნდა ითამაშოთ. ბოლო დროს გავრცელებული ცნობის თანახმად, ფეხბურთიდან წასვლას მომავალ ზაფხულში აპირებთ. ეს სიმართლეა?
- საბოლოო პასუხსივნისში მოგახსენებთ. მოუფიქრებლად გადაწყვეტილების მიღება არ მსურს. ახალი საფეხბურთი სტიმული უნდა გამოვნახო. თუ ეს ვერ მოხერხდა...
- გამოდის გვიდოლინისა და დი ნატალეს “უდინეზე” ისტორიის საკუთრება ხდება...
- არა, “მისტერის” ხელშეკრულებას ვადა 2 წლის შემდეგ უმთავრდება. იმედია, გვიდოლინი გუნდში დარჩება. მე კი გზაგასაყარზე ვარ და ჯერჯერრობით გადაჭრით ვერაფერს გეტყვით.
- მწვრთნელობა გსურთ?
- დიახ. სამწვრთნელო კურსები დავასრულე. ბევრი რამ გავიგე, ამ პროფესიას სხვა თვალით შევხედე და მომეწონა კიდეც. თუმცა, სერია A-ში მუშაობის სურვილი ნაკლებად მაქვს, ახალგაზრდბთან მუშაობა მწადია. სიამოვნებით გავუზიარებდი მათ ჩემ მიერ დაგროვილ გამოცდილებას.
- ბალოტელი-ელ შაარავის დუეტი “სკუადრა აძურას” მომავალია?
- დიახ, ოღონდ ჯუზეპე როსისაც ნუ დავივიწყებთ.
- რას გვეტყვით “უდინეზეში” ფაბიო კვალიარიელას დაბრუნებაზე?
- ამას რა აჯობებს! კვალიარელა ხომ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია.