ფეხბურთი

13:05 | 18.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანტანას ვინგილისი: “ყოველი მატჩი ისე უნდა ჩავატაროთ, თითქოს ფინალს ვთამაშობთ”

ლიტვის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტანას ვინგილისმა უეფას ოფიციალური ვებგვერდთან ინტერიუში განაცხადა, რომ მომავალი ტურნირის თითოეულ მატჩში მისი გუნდი ისე იბრძოლებს, თითქოს ფინალს თამაშობდეს.

- როგორ შეაფასებდით კენჭისყრის შედეგებს?

- ამ დონეზე სუსტი მეტოქე არ არსებობს. ჯგუფში კარგი მოწინააღმდეგეები გვყავს და საკმაოდ რთული მატჩები გველის. ესპანეთი ძალიან ძლიერია. ის მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ბოლო ორი ტურნირი მოიგო. ვფიქრობ, ესპანელები ტიტულისთვის ბრძოლაში კვლავ ფავორიტები იქნებიან. უშუალოდ პორტუგალიელების თამაში არ გვინახავს, მაგრამ ელიტრაუნდში, ძალიან ძლიერ ჯგუფში მათ პირველი ადგილი დაიკავეს, რაც ამ გუნდის ძალაზე მეტყველებს.

- პირველ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებს ხვდებით. რას ელოდებით ამ მეტოქისგან?

- ჰოლანდიელების სათამაშო სტილი კარგად შევისწავლეთ. ელიტრაუნდის ბოლო მატჩში მათ გერმანელები დაამარცხეს, რომელთაც ასევე უძლიერესი ნაკრები ჰყავთ. ჰოლანდია ძალიან მძლავრი გუნდია, რომელსაც მთავარი ჯილდოს მოგება შეუძლია.

- რამდენად მნიშვნელოვანია კარგი სტარტი?

- ემოციური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოთამაშეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი დასაწყისის შემდეგ გუნდი დანარჩენ მატჩებში უფრო თავდაჯერებულია. კარგ სტარტს დიდი მნიშვნელობა იმიტომაც აქვს, რომ ჩემი აზრით, ტურნირს ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი გუნდი მოიგებს.

- თქვენს გუნდზე რას იტყვით?

- მართალი ვთქვა, არცთუ ცნობილები ვართ, მაგრამ ჩვენს გუნდში ბევრი მოთამაშეა, რომელთაც ეროვნული აკადემია გაიარეს. ბევრი მათგანი ძლიერ უცხოურ კლუბში გამოდის და იმედია, დაგვეხმარებიან. ყოველ თამაშში მთელი ძალით ვიბრძოლებთ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ლიტვისთვის ეს ტურნირი?

- ეს ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში პოპულარული არა მხოლოდ კალათბურთია, არამედ ფეხბურთიც. ლიტვის ფეხბურთის ფედერაციამ ასპარეზობისთვის ხარისხიანად მოსამზადებლად ბევრი შრომა ჩადო როგორც ამ ტურნირში, ასევე ეროვნულ და სხვა საფეხბურთო აკადემიებში.

- რა იმედებს უკავშირებთ მომავალ ჩემპიონატს?

- ვიმედოვნებთ, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ვიცით და პლეი ოფში გავალთ. თუ ვითარებას რეალურად შევხედავთ და ჩვენი ჯგუფის შემადგენლობას ობიექტურად შევაფასებთ, გასაგებია, რომ გაგვიჭირდება, მაგრამ ვემზადებით, ყოველი მატჩი ისე ჩავატაროთ, თითქოს ფინალს ვთამაშობდეთ.


0.116646