ერთი კვირის წინ, ტურინში დიდი ზეიმი იყო. არა, “იუვენტუსის“ გაჩემპიონებამდე ჯერ საკმაოდ დიდი დროა და საზეიმო ამ ეტაპზე არაფერი აქვთ... საქმე ისაა, რომ ტურინელთა პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის მეორე შვილი, ამჯერად ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც ანდრეამ ოჯახური ტრადიციის მიხედვით პაპამისის ნათლობის სახელი – ჯაკომო დაარქვა.
მიუხედავად ბედნიერი მამის არაერთი მცდელობისა, იტალიელი მედიკოსები შეუვალნი აღმოჩნდნენ და ანდრეას თავისი ვაჟიშვილის ნახვის უფლება ახლაღა მისცეს. “იუვენტუსის“ გახარებულმა პრეზიდენტმა მთელი თავისი გუნდი რესტორანში დაპატიჟა და “ზებრებმა“ ეს ღირსსახსოვარი დღე დიდად შესარგი ქეიფითა და დროსტარებით აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ ანდრეა ანიელის მეუღლე და პატარა ჯაკომო ანიელის დედა, ემი, იგივე ემილიანა ანიელი მშობიარობის შემდეგ ძალიან ცუდად ყოფილა და ექიმები ბავშვის მამას სწორედ იმიტომ არ უშვებდნენ ცოლ-შვილის სანახავად. თუმცა, ექიმების მცდელობამ საბოლოოდ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო. ახლა დედაც ჯანმრთელადაა და შვილიც. ორივენი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს და ანიელების უზარმაზარ სასახლეში იმყოფებიან.