ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ფინალში, ანგელოს ხარისტეასმა ტურნირის მასპინძელ პორტუგალიელების კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და საბერძნეთის ნაკრებს არსებობის ისტორიაში ოქროს მედლები პირველად მოუტანა. ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში ხორვატებთან პრინციპულ შეხვედრამდე 31 წლის ფორვარდს ეროვნულ გუნდში კვლავ უხმეს, სადაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შემდეგ არ მიუწვევიათ.
საბერძნეთის ნაკრებში ჩატარებულ 85 მატჩში 24 გოლის გამტან ხარისტეასს, რომელიც ამჟამად “პანეტოლიკოსის” ღირსებას იცავს, დიდი იმედი აქვს, რომ მისი მდიდარი გამოცდილება F ჯგუფში ხორვატიასთან საშინაო შეხვედრაში გუნდს გამოადგება. მიმდინარე შესარჩევ ციკლში ფერნანდუ სანტუშის შეგირდებს ჯერ თამაში არ წაუგიათ. თუმცა, მათ აუცილებლად სჭირდებათ ხორვატების დამარცხება, რათა 11 ოქტომბერს საქართველსთან დასკვნითი შეხვედრის წინ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი შეინარჩუნონ.
- ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდით. ამის გამო, რა გრძნობა დაგეუფლათ?
- ეროვნულ გუნდში დაბრუნებამ ძალიან გამახარა. ვთვლი, რომ მიმდინარე სეზონში კარგი თამაშისთვის ჯილდო მივიღე. ძალიან ვამაყობ, რომ ნაკრებს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებში დავეხმარები. ჯერჯერობით, ფერნანდო სანტუშთან მუშაობა ძალიან მიადვილდება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.
- აქამდე, სანტუშის გუნდს თვალს გვერდიდან ადევნებდით. რით განსხვავდება ის იმ ნაკრებისგან, რომელშიც თქვენ გამოდიოდით?
- ეს ნაკრები დაუმარცხებლად გამოდის. დაცვაში საუცხოო თამაშს აჩვენებს. სანტუში ყოველთვის ყურადღებით ადევნებს თვალს ფეხბურთელებს, რომლებიც საკუთარ კლუბებში კარგად თამაშობენ. მას ცვლილებების განხორციელების არ ეშინია, ენდობა როგორც ახალგაზრდებს, ასევე, ჩემს მსგავს ვეტერანებს. ის ამა თუ იმ მოთამაშის პროგრესს თვალს ადევნებს და თუ თვლის, რომ კარგ ფორმაში იმყოფება, ნაკრებში იწვევს. ეს ფეხბურთელის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის ძალიან კარგია და ვფიქრობ, წინა წლებთან შედარებით ძირითადი განსხვავება სწორედ ესაა.
- ხორვატებთან გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთის ნაკრები როგორ იმოქმედებს?
- მსგავს მნიშვნელოვან შეხვედრებში ნაკრებში ადრეც მითამაშია. მაგალითად, პლეი ოფის მატჩები უკრაინასთან ორი წლის წინ, როდესაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. 2007 წელს სტუმრად თურქებთან გამარჯვება, რომლის შედეგად 2008 წლის ევროპის პირველობაზე მოვხდით. ევრო-2004 წლის ფინალური სტადიის მატჩები. მსგავს თამაშებს თავისი სპეციფიკა აქვს. ამ დროს მოთმენაა საჭირო. მოვლენათა განვითარების დაჩქარება და ნებისმიერ ფასად სწრაფი გოლის გატანა არ ღირს. დაცვაში ძალიან ფრთხილად მოქმედებაა საჭირო, რათა ბურთი თავად არ გავუშვათ.
- ხორვატიის ნაკრებზე რას იტყვით?
- ძალიან რთული მეტოქეა. ხორვატები ტექნიკურები არიან და შთამბეჭდავ ფიზიკურ ძალას ფლობენ. თუმცა, საკუთარ კედლებში ყოველთვის მაღალ დონეზე ვთამაშობთ. წარსულში უკვე დაგვიმტკიცებია, რომ ყველაფერი გვაქვს რაც საჭიროა, რათა სერიოზული წნეხის ქვეშ მყოფებმა კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.
- საზღვარგარეთ გატარებული 10 წლის შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდით. ახლა ქვეყანა რთულ პერიოდს განიცდის...
- სიტუაციაში დაწვრილებით გარკვევის შემდეგ, ვერ შევძელი სიტყვების მოძებნა, რათა იმ მომენტში მიღებული შოკი გადმომეცა. სამშობლოში ათი წელიწადი არ ვყოფილვარ, მაგრამ სავსებით ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ხალხის სახე არ შეცვლილა. მათ თვალებში იკითხება, რომ საკუთარ მომავალზე ღელავენ. ვერ გეტყვით, საბოლოოდ ყველაფერი რით დასრულდება, მაგრამ იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ახლა ქვეყანაში სასოწარკვეთილება სუფევს. იმედი მაქვს, რომ პარასკევს ხორვატიას დავამარცხებთ და ხალხს სახეზე ღიმილს დავუბრუნებთ, თან ევრო-2012-ისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ერთ საღამოს ბერძნებს ყველა პრობლემა დავავიწყოთ. ფეხბურთს ასეთი ძალა აქვს. ეს ნამდვილად საუცხოო იქნებოდა.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა