უკვე 23-ე წელია, ყოველკვირეული ესპანური სპორტული გამოცემა Don Balon-ის დეკემბრის მეორე ნახევრის ნომერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ჟურნალი 1987 წლიდან მოყოლებული, გასული წლის მიხედვით ავლენს Papá Noel-ს (ჩვენებურად, თოვლის ბაბუას). პირველად ეს პატივი დიეგო არმანდო მარადონას ხვდა წილად. მას შემდეგ, Don Balon-ის პირველ გვერდზე თოვლის ბაბუის ფორმით გამოჩენილან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კუმანი, ფუტრე, სამორანო, ბებეტო, რონალდო, ფერნანდო ტორესი, კასილიასი, ფაბრეგასი და თვით პელეც კი.
ტრადიციის ჩამოყალიბებიდან 23-ე წელს, ესპანური ჟურნალის ფურც-ლებიდან შობა-ახალი წლის მილოცვის საშუალება “ბარსელონას” ნახევარმცველს, “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული მატჩის გმირს, ანდრეს ინიესტას მიეცა.
- თქვენ ამ წელს არჩეული ხართ თოვლის ბაბუად. როგორ მიიღეთ ეს აღიარება?
- ამ ტრადიციის შესახებ აქამდეც ვიცოდი, რადგან “ბარსელონაში” და ესპანეთის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელები უკვე ყოფილან ამ როლში. ამაყი ვარ იმით, რომ ამჯერად მე მომმართეთ. ეს სიმბოლურია, რადგან ამ მხრივ საუკეთესოთა შორის ვხვდები.
- როდესაც ამ რანგში მკითხველის წინაშე თქვენი თანაგუნდელები, მესი და დეკუ წარსდგნენ, დასცინოდით მათ?
- ვინაიდან ჟურნალის ეს ნომერი არდადეგების დროს გამოდის, მათ ხუმრობებისგან თავის დაძვრენა მოახერხეს. იმედი მაქვს, არც მე ვიქცევი დაცინვის ობიექტად.
- თქვენსა და თოვლის ბაბუას შორის არცთუ დიდი განსხვავებაა – თქვენ, ორივეს, ხალხისთვის სიხარული მოგაქვთ.
- (ეღიმება) ვცდილობ ასე იყოს. ჩემი პროფესია მაძლევს ხალხის გახარების საშუალებას. შესაძლოა, მათ ბედნიერებასაც ვანიჭებდე. ეს ფეხბურთელის სამუშაოს ძალზე სასიამოვნო ნაწილია... და სანტასიც.
- ამ ასაკშიც გიხარია საშობაო ღამის მოსვლა?
- დიახ. შესაძლოა, ვინმეს ეს სიმართლედ არ მოეჩვენოს, მაგრამ ამ დროს კვლავ განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს. გავიდა წლები, ახლა შობას პატარა ბიძაშვილებთან ერთად ვხვდები და თავს მეც პატარა ბავშვად ვგრძნობ. წელიწადის ეს დრო, ასაკის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებულია.
- თქვენს შემთხვევაში, ვინაიდან მთელი წელი მოგზაურობაში გაქვთ გატარებული, საუკეთესო საჩუქარი, ალბათ, სახლში ყოფნაა...
- რა თქმა უნდა, ასეა. შობისთვის სახლში დაბრუნება დღესასწაულია. ამ დროს ვხედავ ჩემს ახლობლებს, პატარა ბიძაშვილებს, ბებიას და ბაბუას. შობას ჩვენ ყოველთვის ერთად ვიკრიბებით და ეს ჩემთვის დიდი საჩუქარია.
- ეს ურყევი ტრადიციაა?
- ჩემს ოჯახში ყოველთვის ვიცავთ ტრადიციებს. შობას ყოველთვის სახლში, ალბასეტეში ვხვდები, ახალ წელს კი - ბარსელონაში.
- როგორ ატარებდა საშობაო არდადეგებს პატარა ინიესტა?
- უპირველესად, მახსენდება საჩუქრებზე ოცნება. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველა შობის მოლოდინშია და ცდილობს, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს. ჩემი აზრით, ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს - როდესაც პატარა ხარ, ბევრი რამ არ იცი და ყველაფერი ჯადოსნურად გეჩვენება.
- რა საჩუქრებზე ოცნებობდი ბავშვობაში?
- იმაზე, რაზეც ყველა: ბურთები, სამაგიდო თამაშები... პატარა საჩუქარიც კი, ძალიან მახარებდა.
- როგორი იყო შენი პირველი შობა მას შემდეგ, რაც “ლა მასიაზე” მიხვედი?
- “ბარსას” კანტერადან შინ, პირველი დაბრუნება ძალზე ემოციური იყო. მე ვხვდებოდი ხალხს, რომლებიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდნენ. ამ დროს ყოველთვის დიდი სიყვარულით ვიხსენებ.
- როგორი ატმოსფერო იყო “ლა მასიაზე” ამ დროს?
- შესანიშნავი. მახსოვს, ერთხელ მღვდელიც კი მოვიდა გიტარით და ალილოზე ჩამოვიარეთ. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო. ამის გარდა კიდევ უამრავი გასართობი იყო შობაზე.
- როდის მოვესწრებით საშობაო სუფრაზე ინიესტას ღვინის ხილვას?
- ყველაფერი მოსწრებადია. ეს ძალიან ძვირადღირებული პროექტია, მაგრამ იმედი მაქვს, პირველ ნაყოფს მალე გამოისხამს.
- “ოქროს ბურთის” არჩევნებში მე-4 ადგილი – ეს, შემთხვევით, ნაადრევი საშობაო საჩუქარი ხომ არაა?
- დიახ. საჩუქარიც და მშვენიერი ახალი ამბავიც, რომელიც მიუთითებს, რომ ამჯერად, ჩემი მუშაობა შესაფერისად დაფასდა. ასე რომ, კმაყოფილი ვარ.
- საფეხბურთო სფეროში რას ელით 2010 წლისგან?
- ჯანმრთელობას და კიდევ იმას, რომ ტრავმები გვერდს ამივლიან.
- დღესასწაულის აღსანიშნავად, არც თუ ისე დიდი დრო გაქვთ. წესით, იანვარი ჯოჯოხეთური თვე უნდა იყოს “ბარსასთვის”: მატჩები კოპაზე და პრიმერაზე, აგრეთვე, აფრიკის თასზე კეიტას და ტურეს უწევთ გამგზავრება...
- რთული იქნება, რთული. თუმცა, წინა სეზონის გამოცდილება გვაქვს, როცა ამდენივე შერკინება გვიწევდა გავარდნაზე. მაგრამ ჩვენ მოგვწონს ამ მატჩებში მონაწილეობა და ყველაზე დიდი ოცნება, რაც კი გვაქვს, ეს უკვე მიღწეული წარმატების გამეორებაა.
- ანუ, გვარდიოლას ოცნებაა, რომ მიმდინარე წელს ყველა ფეხბურთელმა შეინარჩუნოს ფორმა...
- მართალია, საკუთარ თავს ვუფრთხილდებით, მაგრამ დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო გვრჩება - სულ რაღაც ერთი კვირა და ისიც საახალწლოდ. ასე რომ, კარგად უნდა დავისვენოთ და ენერგიით სავსე დავბრუნდეთ. მომავალი წელი ხომ საკმაოდ რთული იქნება...
- სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული თამაში თუ შედის თქვენს გეგმებში?
- იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ტურნირის დაწყებამდეც ფორმაში მინდა ვიყო და “ბარსასთან” ერთად, შესანიშნავი სეზონი ჩავატარო.
- დღეს თეთრი და წითელი ფერებით ხართ შემოსილი, თუმცა, მთელი თქვენი კარიერის ფერები ლურჯი და ბროწეულისფერია, ხომ მართალია?
- სრული სიმართლეა. ცოტა ხნის წინათ, კონტრაქტი გავაგრძელე და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი გახლდათ ჩემი ოცნების ასრულებამდე. მთელი კარიერა “ბარსელონაში” მინდა გავატარო.
- და მაინც, სინამდვილეში რომ სანტა ყოფილიყავით, რით დაასაჩუქრებდით ხალხს?
- უპირველესად, ჯანმრთელობით - ყველას, ყველას, ყველას. ვფიქრობ, ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ეს ისაა, რაც ამ ცხოვრებაში ნამდვილად უნდა დავაფასოთ.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა