ინტერვიუები

10:35 | 9.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა: “მომატება კიდევ შეგვიძლია”

ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარდაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეს ინიესტამ colpisa deportes-თან საუბარში თქვა, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები ჩვენ, ინგლისი და ბრაზილია ვართო. ინიესტა წლეულს შარშანდელივით ვერ ბრწყინავს, თუმცა დიდი პერიოდი მკურნალობაში გაატარა და მიზეზიც ესაა.
ვინ იცის, ეგებ, სწორედ ინიესტას არყოფნა დააკლდა “ბარსას” შარშანდელ გენიალურ მიღწევამდე.
- “ფურია როხას” მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ყველა ამხანაგურ მატჩში არ გათამაშებთ...
- ეს ნორმალურიცაა. სეზონში ბევრი მატჩი გამიცდა და რიტმი არ მყოფნიდა. სასიამოვნო განცდა იყო ესპანეთის ნაკრების მატჩები საუდის არაბეთთან და სამხრეთ კორეასთან.
- ამ შეხვედრებში ესპანეთმა მინიმალური სხვაობებით მოიგო და ამან ხომ არ შეგაშინათ?
- არ დაივიწყოთ, რომ არაბებმა და კორეელებმა ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშეს, ეს კი მათ ერთი-ორად უბიძგებდათ სიფრთხილისკენ. რა თქმა უნდა, თქვენი კითხვის აზრს ვხვდები: მუნდიალზე უფრო კარგი თამაში გვმართებს, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რა მატჩებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამხანაგურები იყო.
- და ამიტომაც გაგიჭირდათ ამ ორ თამაშში...
- ყველამ იცის, რომ “ფურია როხას” მთავარი ძალა ბურთის ფლობაშია, რაც ფანტაზიის გამოვლენაში, შეტევების სხვადასხვა მიმართულებით წარმართვაში გვეხმარება. კორეელებმა სივრცე შეგვიზღუდეს და დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ბოლო წუთებზე შეძლო ხესუს ნავასმა გოლის გატანა.
- რეალურად, კიდევ შეუძლია ესპანეთს პროგრესი?
- დიახ. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და სწორი გზით უნდა ვიაროთ. ესპანეთმა უკვე აჩვენა ხასიათი და მაღალი კლასი, ახლა კი გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ.
- “ფურია როხას” თითქმის ყველანი განიხილავენ ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად.
- ვფიქრობ, ლოგიკურიცაა. იმიტომ, რომ ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზე ვართ. თუმცა გუნდში ეიფორია არაა, ყველა ფეხბურთელს გათავისებული გვაქვს პასუხისმგებლობა. მშვიდად უნდა ვიყოთ.
- კიდევ რომელ ნაკრებებს გამოარჩევთ?
- როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, შესარჩევ ციკლში განცდილი წაფორხილებები აღარავის ახსოვს. ფავორიტებად დავასახელებ ბრაზილიასა და ინგლისს. ასევე ძლიერები იქნებიან არგენტინა, გერმანია და იტალია. ჩვენ კი უნდა ვიამაყოთ, რომ “ფურია როხაც” ამ კამპანიაში ტრიალებს.  
- შარშან კონფედერაციის თასზე აშშ-სთან მარცხი მწარე გაკვეთილი იყო?
- მე არ მითამაშია, მაგრამ ის წაგება მაინც მწარე იყო. ახლა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები უკვე შეჩვეულნი არიან სამხრეთ აფრიკის კლიმატს, სტადიონებს, აურას... როდესაც საქმე ამხელა ტურნირს ეხება, ყველა ინფორმაცია ფასეული ხდება.
     
ილია ნანობაშვილი
 

0.13608