ინტერვიუები

9:21 | 26.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს გუარდადო: “აგირემ მიწაზე დაგვაბრუნა”

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი, მექსიკის ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო და ერთი პერიოდი იმის საშიშროების წინაშეც დადგა, რომ სამხრეთ აფრიკაში ვერ მოხვედრილიყო. თუმცა, სვენ-გორან ერიქსონის ნაცვლად ხავიერ აგირეს მოსვლამ, მექსიკელთა თამაში შეცვალა და გუნდმა მუნდიალის საგზური მოიპოვა. ამ პერიპეტიების უშუალო მონაწილე იყო ლა კორუნიას “დეპოტივოს” ნახევარმცველი ანდრეს გუარდადო, რომელიც 23 წლის კი გახლავთ, მაგრამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ის ნაკრებში 2005 წლიდან გამოდის და 51 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. გუარდადომ მონაწილეობა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღო და ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, მექსიკის ნაკრებზე სასაუბროდ, სწორედ იგი აირჩია.  
-მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, მექსიკამ ძალიან სუსტი სტარტი აიღო. რამდენად დაგეხმარათ ვითარების გამოსწორებაში მთავარ მწვრთნელად ხავიერ აგირეს დანიშვნა?
- რა თქმა უნდა, აგირე დაგვეხმარა. ის მოვიდა და გაანთავისულა გუნდი მის შიგნით არსებული ყოველგვარი ნეგატიურისგან. მან პრესასთან ურთიერთობა მოაწესრიგა. გარდა ამისა, ნაკრების ბირთვი ჩამოაყალიბა. სწორედ, ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი შესარჩევ ტურნირში. საბედნიეროდ, ის სულისკვეთება შევინარჩუნეთ.
- გუნდის შიგნით, კონკრეტულად რა შეიცვალა?
- მან გვითხრა, რომ საკუთარი თავი ცენტრალურ ამერიკაში უძლიერესებად მხოლოდ იმიტომ არ უნდა ჩავთვალოთ, რადგან მექსიკა ვართ. აგირემ მიწაზე დაგვაბრუნა. ამასთანავე, მან ჩვენთვის სრულიად გასაგებ ენაზე განგვიმარტა, რომ თუ კიდევ ერთ თამაშს წავაგებთ, მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დავრჩებით.  
- თუ იყო ისეთი ვითარება, როდესაც უკვე იფიქრეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდებოდით?
- დიახ, როდესაც ჰონდურასში წავაგეთ. ვფიქრობ, მაშინ ყველას ეჭვი შეგვეპარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებდით. უკვე ვფიქრობდით, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ მოვიდა აგირე და ბიძგი მოგვცა. თუმცა, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველ შეხვედრაში, სტუმრად სალვადორთან დავმარცხდით.
- აგირეს წინამორბედ შვედ სვენ-გორან ერიქსონს, ნაკრებში რა პრობლემები ჰქონდა?
- მასსა და მოთამაშეებს შორის ურთიერთგაგება არ იყო. მან მექსიკური ფეხბურთი კარგად არ იცოდა. ხშირ შემთხვევაში, ფეხბურთელებს მათთვის უჩვეულო პოზიციაზე ათამაშებდა. შესაძლოა, მას ყველაფერი გამოსვლოდა დრო რომ მიეცათ, მაგრამ გუნდს სასწრაფოდ შედეგი სჭირდებოდა, რაც არ ჩანდა.
- შესარჩევ ციკლში როდის მოახერხეთ გარდატეხის შეტანა?
- სან-ხოსეში ჩატარებულ შეხვედრაში კოსტა-რიკასთან, რომელშიც 3:0 გავიმარჯვეთ. ჩვენ გვესმოდა, რომ, ან უნდა მოგვეგო, ან მოედანზე მოვმკვდარიყავით. მაშინ, მთელ შესარჩევ ციკლში პირველად მოხდა, რომ სათადარიგოებს შორის ვიყავი, მაგრამ გული არ დამწყვეტია. აგირემ განგვიმარტა, თუ რას ითხოვდა ჩვენგან. ის მატჩი ჩემთვის ერთგვარი ტესტი აღმოჩნდა. პროფესიონალი ვარ და ამიტომ სწორედ მოვიქეცი, რაც მწვრთნელმა დაინახა და მალე, ძირითად შემადგენლობაში დამაბრუნა.  
- რას ფიქრობთ ჯგუფის შესახებ, რომელშიც სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდით?
- რთული ჯგუფია. მასპინძელი ყოველთვის ცდილობს საკუთარ კედლებში კარგად ითამაშოს. გარდა ამისა, ჯგუფში საფრანგეთი გვყავს, რომლის რიგებშიც გურკუფი, გალასი და რიბერი გამოდიან. ამასთანავე, არის ურუგვაი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატებზე კარგ სათამაშო ფორმაში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ პრობლემების შექმნა ნამდვილად შეუძლია. განსაკუთრებით იმით ვარ კმაყოფილი, რომ მუნდიალის გახსნის შეხვედრაში ვითამაშებთ. მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენსკენ იქნება მოპყრობილი. ვფიქრობ, მსგავს შესაძლებლობაზე ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებდა.  
- როგორ თვლით, მექსიკის ნაკრების შესაძლებლობათა ზღვარი, სად გადის?
- ლიმიტებზე საუბარი არ მიყვარს. ფეხბურთში სურპრიზები ყოველთვის ბევრია. არ ვიტყვით, რომ ვინმე აუცილებლად ჯგუფიდანაც “გაგვათრევს” და 1/4-ფინალშიც გავალთ, მაგრამ ვემზადებით, რომ ყველა გავაკვირვოთ.
 - ოთხი წლის წინ გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი რით დაგამახსოვრდათ?
- პირველყოვლისა, გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელის, რიკარდო ლა ვოლპეს სატელეფონო ზარით. ამას არ ველოდი, რადგან პროფესიონალურ დონეზე, მხოლოდ ერთი წელიწადი მქონდა ნათამაშები. მას გუნდში ჩემი ხილვა სურდა და არგენტინასთან თამაშის საშუალება მომცა. ლა ვოლპემ კარგად იცოდა ჩემგან რაც უნდოდა და ამასთანავე ესმოდა, რომ ის თვისებები მაქვს, რომელიც მას სჭირდება. საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ მისთვის კარგი სამუშაო გავწიე.
- ლა ვოლპეზე საუბრის დროს სახე გიბრწყინავთ...
- ის ჩემთვის კერპი იყო, როდესაც “ატლასს” ავარჯიშებდა, რომელსაც ვგულშემატკივრობდი. ამიტომ, მასთან ერთად ნაკრებში აღმოჩენა საუცხოო რამ გახლდათ. ლა ვოლპესგან ბევრი ვისწავლე. ის მეუბნებოდა, რომ არ იყო დარწმუნებული გავიბრწყინებდი თუ არა 2006 წელს, მაგრამ მისი სიტყვით, 2010-ში ამას ნამდვილად გავაკეთებდი.
- აქამდე, მექსიკის ეროვნულ ნაკრებში, ევროპაში მოთამაშე ამდენი ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა. ეს თქვენთვის, პლუსია?
- რა თქმა უნდა. თუ შეგვადარებთ ბრაზილიის, ან ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს, დაინახავთ, რომ საერთო ჯამში, ერთი და იგივე გუნდებში ვთამაშობთ. ყველა მეტოქეს კარგად ვიცნობთ, რადგან მუდმივად მათთან დაპირისპირება გვიწევს.   
- შეგიძლიათ, მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკური “გარღვევა” იწინასწარმეტყველოთ?
- დიახ. ხალხი უფრო მეტს გაიგებს ჩვენსა და მექსიკური ფეხბურთზე, რადგან ინფორმაცია ბევრს არ აქვს. აქამდე, მექიკის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების თაობაზე ბევრი ნამდვილად არ იცოდნენ, ახლა კი, მწვრთნელები მოდიან და მათ შესახებ მეკითხებიან. იმედია, მსოფლიო ჩემპიონატზე პროგრესირებას გავაგრძელებთ.

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.117238