ინტერვიუები

15:56 | 28.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი პოროშინი: “ყველაზე ცუდი მსაჯობა საქართველოში იყო”

უკრაინის პირველი ლიგის კიროვოგრადის “ზირკას” თავდამსხმელმა ანდრეი პოროშინმა, რომელსაც ქუთაისის “ტორპედოშიც” უთამაშია, ინტერნეტგამოცემა football.ua-სტან საუბარში აღნიშნა, რომ იმ საფეხბურთო ჩემპიონატებში, სადაც კი ოდესმე უთამაშია ყველაზე ცუდი მსაჯობა საქართველოს პირველობაზე იყო.
- არსებული მონაცემებით, თქვენ პირველი უკრაინელი ლეგიონერი ხართ, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდით...
- ამის შესახებ არ ვიცოდი. სხვათა შორის, იმ დროისთვის საქართველოში ერთადერთი ლეგიონერი ვიყავი. მოგვიანებით, ბრაზილიელი კარლოსი ჩამოვიდა. მე ვლადიმერ გუცაევმა მიმიწვია, რომელიც მაშინ ქუთაისის “ტორპედოში” მუშაობდა. კონტრაქტის სინკების გარეშე გამიფორმეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ძოძუაშვილისა და შტელინის ხელმძღვანელობით ვითამაშე, მედლები მოვაგროვე. როგორი ფეხბურთი ჰქონდათ? არ ვიცი, ახლა როგორ თამაშობენ, მაგრამ ადრე გულღიად თამაშობდნენ – მთელი გუნდით წინ მირბოდნენ, ხოლო უკან გამოსაქცევად ტაქსს იძახებდნენ.   
- საქართველოში როგორ მიგიღეს?
- შესაძლოა, გარკვეული შიში მქონდა, რადგან უცნობი ქვეყანა იყო, თავისი მენტალიტეტით, დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული კანონებით, მაგრამ იმ თბილმა მიღებამ, რომელიც საქართველოში მომიწყვეს, ყველაფერი გადაწონა.
- საქართველო ძალიან ღარიბი ქვეყანა იყო. ქუთაისში როგორ ცხოვრობდით?
- ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვიტყვი, რომ ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, იქ ძალიან გულღია, კეთილი, პურმარილიანი ხალხი იყო. მიდიხარ ბაზარში, ყველა გცნობს, ყველაფერს გაძლევენ. მე ვეუბნებოდი: “მინდა ეს ვიყიდო”, ისინი მპასუხობდნენ: “არა! ანდრეი შენ ჩვენი სტუმარი ხარ, ეს რომ გააკეთო გვაწყენინებ. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ უსასყიდლოდ აიღებ”. დღემდე მიგონებენ, მეგობრები საქართველოდან ინტერნეტით მოკითხვას მითვლიან.  
- საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი კონკურენტები ვინ იყვნენ?
- თბილისის “დინამო” და “ლოკომოტივი”. მათთან ნამდვილი ორთაბრძოლები გვქონდა. იმის გასაგებად თუ როგორი დაძაბული ბრძოლა იყო შემდეგს გეტყვით: იმ სეზონში, როდესაც ჩემპიონები გავხდით, ბოლო ტურში “დინამო” 1:0 დავამარცხეთ. ჩვენი წაგების შემთხვევაში, ჩემპიონი “დინამო” გახდებოდა, ხოლო ფრე რომ გვეთამაშა – “ლოკომოტივი”. ასეთი რამ არსად მინახავს. ისეთი აჟიოტაჟი იყო, რომ გულშემატკივრებმა მოედნიდან ხელში აყვანილებმა გაგვიყვანეს.  
- ქუთაისის “ტორპედოს” ევროტურნირებზე არცთუ იოლი მეტოქეები შეხვდა. ქართველებს ფრანგულ “ლანსთან” და ჩეხურ “სპარტასთან” რაიმე შანსი ჰქონდათ?
- ორივე შემთხვევაში უშანსოდ ვიყავით. თავად განსაჯეთ: “სპარტაში” ჩეხი, ნოვოტნი, იაროშიკი, ჰიუბშმანი და პობორჟსკი თამაშობდნენ. ეს სუპერგუნდი იყო. სახლში, მათ იოლად 3:0 მოგვიგეს, ხოლო როდესაც ვუმასპინძლეთ, მცირე ბრძოლა გავუმართეთ, მაგრამ ჩეხები მაინც უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ. ვფიქრობ, “ლანსთან” ცოტა არ გაგვიმართლა, თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ მეტოქეს ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა: სონგი, ბონკი, პაპა დიოპი, კეიტა, უტაკა, მორეირა... საფრანგეთში მეტოქეს დიდი ხანი გავუძალიანდით, მაგრამ 0:3 წავაგეთ. საპასუხო მატჩში არ მითამაშია, რადგან პირველ მატჩში ტრავმა მივიღეთ.  
- თქვენ უნიკალური ფეხბურთელი ხართ, რომელმა 5 ქვეყნის ჩემპიონატში უთამაშია. სად იყო ყველაზე ცუდი მსაჯობა და სად ყველაზე კარგი?
- ალბათ, საუკეთესო მსაჯობა რუსეთში იყო, ხოლო ყველაზე ცუდი – საქართველოში.  
-შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე სახალისო მომენტები, რომელიც მსაჯობას უკავშირდება? ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელსაც საქართველოში უთამაშია, მომიყვა, რომ ერთხელ, მოთაშემ წესი დაარღვია, მაგრამ მსაჯმა ყვითელი ბარათი 5 მეტრის მოშორებით მდგარი ფეხბურთელს მისცა, რადგან იცოდა, რომ გაფრთხილების შემთხვევაში დამნაშავეს დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა...   
- ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ბოლნისში “სიონს” ვეთამაშებოდით, გუნდს რომელიც ძალიან ჟინიანი და უსიამოვნო იყო, ხოლო ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა. 86-ე წუთზე, გოლი გავიტანე – კარიდან 5 მეტრში მდგომმა ბურთი მივიღე, მეტოქეს გვერდი ავუარე და ბადეში გადავგზავნე. სუფთა გოლი იყო, თანაგუნდელები გადამეხვივნენ და მილოცავდნენ. თუმცა, მსაჯმა ჩასტვინა და ჟესტიკულირებდა. ჩვენ ვკითხეთ: “რაშია საქმე, რა მოხდა?”, მან გვიპასუხა: “თამაში დასრულდა. მე გოლამდე ჩავსტვინე”. “როგორ? აბა, წამზომი გვაჩვენე” – ვუთხარით ჩვენ. მისი პასუხი იყო: “არა, წამზომი უკვე გამოვრთე”.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.116797