ინტერვიუები

17:16 | 13.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლო: “ბერლუსკონიმ და გალიანიმ ჩემპიონობა არ მომილოცეს”

“მილანიდან” “იუვენტუსში” გადასვლის შემდეგ ანდრეა პირლომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურინელთა გაჩემპიონების საქმეში. სეზონის ბოლო მატჩის წინ პირლოს ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ინტერვიუ ჩამოართვეს.

- ანდრეა, როგორ თვლით, “მილანში” სათანადოდ არ დაგაფასეს?
- დასაფება-არდაფასებაზე საუბარი არაა. როდესაც “როსონერისთან” ახალი ხელშეკრულების პირობებს ვათანხმებდით, მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზეს, მე კი მხოლოდ სამწლიან შეთანხმებაზე ხელმოწერაზე ვიყავი თანახმა. თუმცა, “სან სიროდან” ჩემი აბარგების მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ მასიმილიანო ალეგრის მინდვრის შუაგულში საყრდენ ნახევარმცველად მასიმო ამბროზინისა და მარკ ვან ბომელის დაყენებას აპირებდა, მე კი ამპლუა უნდა შემეცვალა. ამას კონტრაქტის ვადაც დაემატა. “მილანის” ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადე და ტურინის “იუვენტუსში” გადასვლის სურვილიც გავუმხილე. “ბებერი სინიორას” რიგებში გამოსვლა ჩემ საფეხბურთო კარიერაში ახალი და საინტერესო გამოწვევა გახლდათ. მერწმუნეთ, ტურინელთა შემოთავაზებულ ხელფასს არ დავხარბებულვარ.  
- გამოდის, მხოლოდ საფეხბურთო ასპექტით განიზრახეთ კლუბის გამოცვლა?
- “მილანს” აღარ ვჭირდებოდი. ეს იმთავითვე ვიგრძენი, როგორც კი მოლაპარაკების მაგიდას მივუსხედით. ალეგრიმ სხვა მოთამაშეებზე გააკეთა არჩევანი და უმჯობესი იქნებოდა, თუკი წავიდოდი. ვფიქრობ, სწორადაც მოვიქეცი.
- “მილანის” ვებგვერდმა თქვენი და მარკ ვან ბომელის შეტაკების ამსახველი კადრები დადო. თანაც ვიდეო ისეთი რაკურსით იყო გადაღებული, რომ მაყურებელს თქვენი მხრიდან განზრახ უხეშობის შთაბეჭდილება შექმნოდა...
- 10 წელი ვიცავდი “როსონერის” ღირსებას და ჩემთვის წარმოუდგენელია, მის ფეხბურთელს ბინძურად ვეთამაშო.
- მილანში გული არ დაწყდათ, ანდრეა პირლო ტურინში რომ გადავიდა?
- საერთო განწყობის თაობაზე ვერაფერს მოგახსენებთ, ჩემი ყოფილი პარტნიორების უმრავლესობა კი მეუბნება, შენ გვერდიგვერდ თამაში მოგვენატრაო. მე კი უკან აღარ ვიხედები – მთავარია, საკუთარ თავში საიმისო ძალა გამოვნახე, რათა რთული გამოცდა კარგად ჩამებარებინა.
- როდის იგრძენით, რომ “იუვენტუსს” სკუდეტოს დაუფლების რეალური შანსი ჰქონდა?
- “იუვეში” მისვლის პირველსავე დღეს! კლუბში განსაკუთრებული ატმოსფერო დამხვდა. ივნისში ჯიჯი ბუფონის ქორწილში ვიყავი, როდესაც მისი მეგობრები მეკითხებოდნენ, რატომ გარისკე მილანიდან წასვლაო. მათ “ვამშვიდებდი”, რომ სკუდეტოს აუცილებლად მოვიგებდით. ჩემპიონობის დაუფლების შემდეგ ეს ბიჭები დამიკავშირდნენ და მადლობა გადამიხადეს. მათ მითხრეს, შენ პროგნოზს ვენდეთ, ფული “იუვეს” ჩემპიონობაზე დავდეთ და გვარიანადაც ვიხეირეთო.
- ანტონიო კონტესთან პირველი საუბარი გახსოვთ?
- “სკუადრა აძურას” შეკრებაზე გახლდით, როცა კონტე “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ჯერ კიდევ შვებულება ჰქონდა, მაგრამ სამუშაოს შესრულებას კონტრაქტის ხელმოწერიდან მეორე დღესვე შეუდგა. ანტონიომ დამირეკა და შეხვედრა შემომთავაზა. ბევრი ვისაუბრეთ. რაც მთავარია, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. კონტე ბრწყინვალი მწვრთნელია. არაერთ სპეციალისტთან მიმუშავია, მაგრამ არცერთს შეეძლო ასე ზუსტად ჩამოეყალიბებინა და აეხსნა ფეხბურთელისთვის თავისი იდეები და მოთხოვნა. ტაქტიკური განსწავლულობით კონტეს კარლო ანჩელოტისა და მარჩელო ლიპიზე მაღლა დავაყენებ. ანტონიომ ბრწყინვალედ იცი გუნდის წინასამატჩოდ მომზადება. კვირის განმავლობაში 3-4-ჯერ გვანახებს მომავალი მოწინააღმდეგის თამაშების ჩანაწერს. “იუვე” ყოველ მატჩს სრულად მობილიზებული და მომზადებული ხვდება. კონტეს წყალობით, მეტოქე ჩვენ გაკვირვებას ვეღარ ახერხებს. ანტონიოს სამწვრთნელო ტალანტი ღმერთისგან აქვს ნაბოძები.
- კონტეს რაიმე “აკვიატებული იდეა” ხომ არ აქვს?
- ანტონიო ნახევარმცველებს კომპაქტურად თამაშს გვაიძულებს. იგი კატეგორიულად გვთხოვს მცველებსა და შუახაზელებს შორის მცირე უთანხმოების აღმოფხვრას.
- ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში “იუვენტუსს” რისი მიღწევა შეეძლება?
- “იუვე” ჩემპიონთა ლიგის კონკურენტუნარიანი მონაწილე გახდება. გული მწყდებოდა, როდესაც სამშაბთ-ოთხშაბათს ამ ტურნირის მატჩებს ტელეეკრანიდან ვადევნებდი თვალს და შეხვედრებში უშუალოდ არ ვმონაწილეობდი.
- მილანიდან სკუდეტოს მოპოვების შემდეგ მოსალოცი მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიიღეთ?
- თითქმის ყველა ყოფილი თანაგუნდელი შემეხმიანა და ჩემპიონობა გულწრფელად მომილოცა.
- ბერლუსკონი და გალიანი დაგიკავშირდნენ?
- არა.
- ტურინელი გულშემატკივრები ბევრს საუბრობენ იმის თაობაზე, რომ “იუვენტუსმა” მესამე ვარსკვლავი დაიმსახურა. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
- როდესაც “მილანში” ვთამაშობდი ვთვლიდი, რომ “იუვენტუსმა” ის 2 ტიტული მინდორზე კარგი ასპარეზობით მოიპოვა. იმდროინდელი “ბებერი სინიორა” მეტად ძლიერი გუნდი იყო. ტიტულების ჩამორთმევის სამართლიანობაზე საუბარი კი ჩემი საქმე არაა.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

0.117288