ინტერვიუები

10:01 | 13.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა დოსენა: ნეაპოლი ჩემთვის იდეალური ადგილია”

“ნაპოლის” და “სამპდორიას” შორის გამართული შეხვედრის დროს ტრიბუნებზე იმყოფებოდა ნეაპოლელთა ახალწვეული, ინგლისიდან სამშობლოში დაბრუნებული ანდრეა დოსენა. 28 წლის მცველმა ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
“დე ლაურენტისს მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ იგი ჩემს თამაშს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და საბოლოოდ “ნაპოლიში” მომიწვია. როდესაც გუნდი შენით ასეთ დაინტერესებას იჩენს, ეს ნიშნავს, რომ გენდობა”.
- ანდრეა, თქვენ უკვე შეხვდით კვალიარელას, რომელიც თქვენზე დადებითად ჯერ კიდევ ტრანსფერის განხორციელებამდე საუბრობდა...
- ფაბიოსთან საუბარი ჯერ კიდევ ახალ წლამდე მქონდა. მან “ნაპოლიში” თამაშის განწყობა შემიქმნა. მან დამარწმუნა, რომ იდეალური დოსენას ნახვა მაცარის “ნაპოლიში” შეიძლებოდა. შეუძლებელია არ შეიყვარო ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცოცხლობს. ვიცი, რომ “ნაპოლი” ჩემთვის მართლაც იდეალური გუნდია.
- არის თქვენი მიზანი კვლავ ნაკრებში თამაში?
- დიახ, მაგრამ ჯერ “ნაპოლიში” უნდა წარმოვაჩინო ჩემი შესაძლებლობები, შემდეგ კი ნაკრებზე ფიქრიც შეიძლება. დიდი სურვილი მაქვს “ნაპოლისთან” ერთად ბევრს მივაღწიო. ვიცი, რომ ეს საკმაოდ ძლიერი გუნდია. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ გუნდს ადვილად მოვერგები.
- რამდენად კარგად ხართ მომზადებული ფიზიკურად?
- ინგლისში სტაბილურად სათამაშო დრო არ მქონდა, ამიტომ რიტმიდან ამოვარდნილი ვარ. უკვე რამდენიმე კვირაა სათანადო რიტმში ვვარჯიშობ და იმედი მაქვს, რომ სწრაფად მოვახერხებ ფორმაში შესვლას. ვიცი ვალტერ მაცარის კრედო და იგი სრულიად ეთანხმება ჩემს იდეებს. მწვრთნელთან პირისპირ საუბარი უკვე მქონდა. მას ჩემთვის არაფრის გარანტია არ მოუცია, მაგრამ ნახა, თუ როგორ მონდომებული ვარ.
- მისტიკური “ენფილდ როუდი” და მომხიბლავი “სან პაოლო”. უკვე მოახდინეთ ამ სტადიონების შედარება?
- “ენფილდი” ინგლისის მასშტაბით უნიკალური სტადიონია, მაგრამ “სან პაოლოც” განსაკუთრებულია. “სამპდორიასთან”, მართალია თამაში არ მიწევდა, მაგრამ სტადიონზე ყოფნის დროს მაინც განსაკუთრებული შეგრძნება მქონდა. სტადიონი გუნდს ყველაზე რთულ მომენტებშიც კი გვერდში უდგას. ამგვარი რამის გაკეთება იტალიაში არცერთი გუნდის გულშემატკივრებს არ შეუძლიათ. მსურს ასეთივე განცდა გუნდის მაისურში გამოწყობილმაც განვიცადო.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.119236