იტალიური “ნაპოლის” ახალწვეული, ანდრეა დოსენა ახალ გუნდთან ადაპტაციას განაგრძობს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 28 წლის მცველმა სერია A-ში 3 შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნდმა სამივე შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა. თავის ბოლო ინტერვიუში დოსენა აცხადებს, რომ მზადაა ნეაპოლში დიდხანს დარჩეს საცხოვრებლად.
- ანდრეა, რა განსხვავებას ხედავ “ლივერპულსა” და “ნაპოლის” შორის?
- “ნაპოლი” შეუდარებელია, აქ განსაკუთრებული ვნებით თამაშობ. ამ ქალაქში ყველა ადამიანს ერთი კლუბის, “ნაპოლის” სიყვარული აერთიანებს. მსურს გუნდს დავეხმარო გულშემატკივრების გაბედნიერებაში. ეს წარმატების მისაღწევად ყველაზე დიდი სტიმულია. “სან პაოლოზე” თამაშის დროს გულშემატკივრებისგან წამოსულ დიდ ენერგიას ვგრძნობ და ეს კიდევ უფრო მაძლიერებს. ვთვლი, რომ ამ სტადიონზე თამაში ჩვენს ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება.
- როგორ გრძნობ ამჟამად თავს?
- კარგად. ჩემი მომზადების დონის პროცენტებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვგრძნობ, რომ მზად ვარ. უკვე გავითავისე გუნდის ტაქტიკური მონახაზი. სწორ გზაზე ვდგავარ და ნელ-ნელა ვუახლოვდები საუკეთესო ფორმას. ადაპტაციის პროცესი კარგად მიდის და ჩემი მდგომარეობა დღითი-დღე უმჯობესდება. მაქსიმალისტი ვარ და მოედანზე გასვლის დროს 100 კი არა, 120 პროცენტით მსურს შესაძლებლობების წარმოჩენა.
- დაახლოებით თვეა, რაც “ნაპოლიში” ირიცხები. რას გვეტყვი ამ გუნდზე?
- აქ ვნახე გუნდი, რომლის ნახვაც სხვაგან ძალზე ძნელია. “ნაპოლის” ჰყავს შემადგენლობა, რომლებსაც ერთი მიზანი აქვს და რომლის ყველა წევრიც ბოლომდე მისდევს ვალტერ მაცარის. ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც თანაგუნდელების ენერგიით დამუხტვა შეუძლიათ. აქ დიდ პატივს სცემენ კლუბის ღირსებას. ყველა ფეხბურთელი ბედნიერია ამ კლუბში თამაშით.
- გუნდში არსებული ასეთი ჰარმონიის პირობებში, რამდენად წარმატებული სეზონის ჩატარება შეგიძლიათ?
- უნდა ვიყოთ ობიექტურები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროგრამა, პრეზიდენტი, რომელსაც აქვს დიდი პროექტი და რომელიც სწორ გზას ადგას. ჩვენი ფეხბურთელები მზად არიან მოედანზე სიცოცხლის დასატოვებლადაც კი, მაგრამ არასდროს დანებდებიან. ჩვენი ამოცანაა უბრალოდ ასეთივე შემართებით თამაშის გაგრძელება და არა საბოლოო შედეგებზე ფიქრი.
- გუნდი, რომელმაც თქვენს კარიერაში წინსვლა დიდწილად განაპირობა, არის “უდინეზე”. კვირას სწორედ ამ გუნდის წინააღმდეგ გიწევთ თამაში...
- დიახ, ამ გუნდმა ბევრი რამ მომცა. მოხარული ვარ, რომ ძველი მეგობრების ნახვის საშუალება მექნება. რაც შეეხება თავად შეხვედრას, იგი საკმაოდ რთული იქნება. “უდინეზე” კარგ ფორმაშია და წარმატების მისაღწევად “ნაპოლის” კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩის ჩატარება მოუწევს.
- ფიქრობ ეროვნულ ნაკრებზე?
- ამჟამად ამგვარ საკითხებზე არ ვფიქრობ. მარჩელო ლიპი მიცნობს, იცის ჩემი შესაძლებლობი და ის, თუ რისი გაკეთება შემიძლია გუნდისთვის. მაგრამ ახლა მხოლოდ “ნაპოლიზე” ვფიქრობ. ეს ქალაქი მომწონს და მსურს აქ დიდხანს დარჩენა. მეუღლესთან ერთად ბინას ვეძებ, რადგან გვსურს ამ ქალაქში დიდხანს დავრჩეთ. მინდა “ნაპოლიში” თამაშის პერიოდში, ჩემი კარგი ასპარეზობით მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს ჩემდამი ასეთი თბილი დამოკიდებულების გამო.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა